საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა.
საუბრისას განიხილეს კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული, კრიზისული ვითარება.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ევროპული სოლიდარობა.
შარლ მიშელი საქართველოს ხელისუფლების იმ გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას უკავშირდება და თავის მხრივ, ევროპის ქვეყნების სამომავლო ეკონომიკური განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კრიზისმა ტურიზმის სექტორი სერიოზულად დააზარალა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება.
აღინიშნა, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო ევროპის ახლო პარტნიორია.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.