საქართველოს პრეზიდენტი- გლობალური კრიზისის მიუხედავად, ნატო - საქართველოს სამომავლო გეგმები არ შეფერხდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.
 
საუბრისას განიხილეს პანდემიით შექმნილი რთული ვითარება და ნატოს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს. 
 
სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო, ევროპაში ნატოს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს, რაც მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაჩვენებელია. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს ნატო საქართველოს კომისიის მინისტრების დონეზე ჩატარების მნიშვნელობას.
 
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატოსთან ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს - შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ნატოსა და ევროკავშირისათვისაც და კიბერუსაფრთხოება. სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მხარეებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიარონ ერთმანეთს და კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო მეტი გეგმები უნდა განახორციელონ.
 
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა, უმაღლესი შეფასება მისცა ამ თანამშრომლობას და მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას კი, შთამბეჭდავი და მტკიცე უწოდა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო