საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინის კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და კორეელ ხალხს გუანგჯუს დემოკრატიზაციის მოძრაობის დღე მიულოცა, კორონავირუსის პანდემიისას საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუადა და სამძიმარი გამოთქვა კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო. საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ კორონას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.
საუბრისას აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაზე წვდომის თანასწორობის უზრუნველყოფა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და მნიშვნელობაზე აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და სავაჭრო - ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით. ასევე, შავი ზღვის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებაზე.
იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს კორეის რესპუბლიკასთანაც ექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების გააქტიურებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტებმა განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების შორის ორმხრივი ფრენებზე მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა, რათა სწრაფად მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს უსაფრთხო ტურიზმის გახსნაზე და უსაფრთხო ტურიზმის დერეფნით სარგებლობაზე რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, შესაძლოა, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორისაც გაიხსნას ასეთი უსაფრთხო დერეფანი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემია აჩვენებს, რომ მსოფლიო სოლიდარობას ნებისმიერ გლობალური გა მოწვევისათვის პასუხის გაცემა შეუძლია და ამ თვალსაზრისით, მსოფლიომ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით პასუხზე უნდა იფიქროს.
საქართველოს პრეზიდენტმა კორეის პრეზიდენტს აპრილში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მიულოცა, თავის მხრივ, კორეის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ კორეის ცესკომ საქართველოს ცესკოს კორონაპანდემიის დროს უსაფრთხო არჩევნების ჩატარების გამოცდილება გაუზიაროს. სალომე ზურაბიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუკი ეს ვიზიტი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნისას შედგება.