საქართველოს პრეზიდენტი დღეს უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, იანოს ადერსს ესაუბრა. პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. უნგრეთის პრეზიდენტმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს. ასევე მნიშვნელოვნად შეფასდა კორონაკრიზისის პერიოდში ქართველი ხალხის მაღალი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.
მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიღებულ ზომების მნიშვნელობასა და ტურიზმის გახსნის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნგრეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები უსაფრთხო ტურიზმის კორიდორის გახსნასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილმა უნგრელ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ კონკრეტული ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნის სტრატეგიის სახით შეიმუშავა და რომელიც მოიცავს უსაფრთხო ტურიზმს, როგორც უსაფრთხო აეროპორტსა და უსაფრთხო სასტუმროებს.
პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა ევროკავშირთან უფრო ღრმა თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში, მეტი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის, უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპული სფეროს სოფლის მეურნეობის სექტორში; საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც საქართველოს პანდემიის შემდგომი პერიოდისათვის გააჩნია, როგორც ქვეყნის როლის მნიშვნელოვანი ზრდის, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
უნგრეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნგრეთში ვიზიტით მიიწვია.