საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვან შეთანხმებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.
"დღეს ისტორიული დღეა! კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვანი შეთანხმება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რითიც ევროკავშირმა მსოფლიოს სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითი გვიჩვენა.
მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა და ევროკავშირში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის გაძლიერებას და განვითარებას.
ევროკავშირის გაძლიერება და კრიზისის ამ ფორმით დაძლევა მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის, რომლებისათვისაც ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია ერთადერთი პერსპექტივაა.
ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი და პარტნიორია", - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილში.