საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინღონისძიებას „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“ დაესწრო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება უკან დასწია გამოსავალი საერთაშორისო თანამშრომლობასა და სოლიდარობაშია, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის შეუძლებელია მარტო გაუმკლავდეს გლობალურ პანდემიას.
,,ბატონო გენერალურო მდივანო,
პატივცემულო საზოგადოება,
წელს, როცა გაეროს 75 წელი შეუსრულდა, მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა.
პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახა, რამაც სირთულეები გამოიწვია ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში და განსაკუთრებით შეეხო ყველაზე მოწყვლად და მაღალი რისკის ჯგუფებს.
COVID-19 -ს პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია.
აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა - გენერალური მდივნის დროული ინიციატივაა, რათა გავაზიაროთ და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ჩართულობა.
საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა. დროულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. ჩვენ მიერ მიღებული ზომებისა და საზოგადოების პასუხის ერთმანეთთან ადაპტაციას პანდემიის პროცესში ვსწავლობდით.
ეს თავდაპირველი წარმატება შესაძლებელი გახდა მთელი ქვეყნის - მოქალაქეების, ხელისუფლების, პარლამენტის, ჯანდაცვის სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ყველა საერთაშორისო პარტნიორის ერთად დგომით.
,,არავინ დატოვო მიღმა“ იყო და არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.
მდგრადი განვითარების მიზნების პირველი მიზნის შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ COVID-19-ს სოციალური და ეკონომიკური გავლენის მინიმუმამდე დაყვანა სწორედ მოწყვლადი და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის დახმარების პაკეტების მიწოდებით.
COVID-19-ს პანდემიით შექმნილ გამოწვევებთან სწრაფ ადაპტაციას ხელი შეუწყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დროულმა რეაგირებამ, მოქნილობამ და გულუხვობამ.
საქართველოს ჰქონდა პრივილეგია ერთ-ერთ პირველს მიეღო გენერალური მდივნის გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან გამოყოფილი რესურსები.
ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტები - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და დასაქმება; განათლება, ადამიანური კაპიტალი და ღია მმართველობა კვლავ ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ცენტრალურ ნაწილად რჩება.
ჩვენ უკვე ორჯერ წარმოვადგინეთ მდგრადი განვითარების მიზნების ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში. საქართველოსა და გაეროს შორის ხელი მოეწერება 2021-2025 წლების ახალი თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ”ადამიანის კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაუმჯობესების“ ყოვლისმომცველ პრიორიტეტზე.
ახლა შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ მდგრადი განვითარება იძლევა თანასწორ შესაძლებლობებს და მეტად მდგრადი, ინკლუზიური, გენდერულად თანასწორი საზოგადოებით და მწვანე და მტკიცე ეკონომიკით ეხმარება ქვეყნებს წინსვლაში, რათა დაიცვას რთულად მოპოვებული პროგრესი.
ჩვენი მობილიზაციის ცენტრალურ საკითხად უნდა დარჩეს მდგრადი განვითარების მე-17 მიზანი - გლობალური პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის.
იმის გათვითცნობიერების გარეშე, რომ დღევანდელი გამოწვევები გლობალურია და გამოსავალი საერთაშორისო თანამშრომლობასა და სოლიდარობაშია, ჩვენ ვერ შევძლებთ, ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის შეუძლებელია მარტო გაუმკლავდეს გლობალურ პანდემიას.
მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ უდიდესია, ჩვენ მათ გადავლახავთ ერთობლივი მუშაობით, რომლის შედეგიც თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.