საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მიმართა.
პრეზიდენტმა გაეროს სამიტზე საქართველოს მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა და ყურადღება მისი დაცვისა და შენარჩენების პრინციპებზე გაამახვილა.
,,ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით.
ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.
COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა.
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ.
რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით.
„ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას.
ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია თუშეთია, რომელსაც გასულ კვირას ვესტუმრე. რეგიონი, რომელმაც შემოინახა საქართველოს ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი საგანძური და რომელსაც ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.
თუშეთი ბიომრავალფეროვნების ის რეზერვუარია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ.
ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად სიფრთხილის ზომები გამოვიყენოთ და დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები.
ბოლოდროინდელი ფუნდამენტური საკანონმდებლო რეფორმები საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ გარემოსდაცვითი განზომილება განვითარების ყველა პროგრამაში.
ბიომრავალფეროვნების კუთხით ჩვენი მთავარი ორიენტირი აგრობიომრავალფეროვნება და სატყეო მეურნეობაა. თუმცა, ჩვენ მიზნად ვისახავთ სექტორულიდან მეტად სისტემურ მიდგომებზე გადასვლას.
შესაბამისად, ჩემთვის პატივია, საქართველოს სახელით შევუერთდე ,,ლიდერთა მოწოდებას ბუნებისათვის“ და ხაზი გავუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით გაზრდილ ძალისხმევაში ჩვენს ჩართულობას.
ძვირფასო კოლეგებო,
სწორედ ახლაა დრო, ხელახლა დავფიქრდეთ იმ მომავალზე, რომელიც ჩვენი პლანეტისათვის გვსურს სამი ძირითადი მიმართულებით.
პირველ რიგში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ ხელისუფლება, კერძო სექტორი და საზოგადოების თითოეული ნაწილი მასში მონაწილეობას მიიღებს. განათლების როლი ამ შემთხვევაში უდიდესია. ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი საერთო მისიაა.
მეორე - ჯანმრთელი გარემო საჭიროა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისათვის, არამედ ანალოგიურად ადამიანთა კეთილდღეობისთვისაც. მრავალი ფუნდამენტური კავშირი არსებობს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნების ჯანმრთელობას შორის და ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგმა ასეთი კავშირები უნდა აღმოაჩინოს. ეს შესაძლოა, დაგვეხმაროს, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები პოტენციური მომავალი პანდემიებისთვის და გამოვიყენოთ „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპი ყველასათვის.
ბოლოს, ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური პოტენციალის წამოწევა: ჩვენ ინტეგრირებული მომავლისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ, სადაც ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული ეკონომიკური სიკეთე განვითარების შედეგებში აისახება. ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მიერ ბიომრავალფეროვნებისათვის გაღებული დანახარჯები ფუჭი არაა. ეს მეტად მდგრად ეკონომიკასა და უფრო ჯანსაღ მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.
მხოლოდ ეფექტიანი სინერგიის მექანიზმით შეგვიძლია ტრაექტორია შევუცვალოთ ბიომრავალფეროვნების კარგვას.
COVID-19-ს პანდემია ძლიერი მანიშნებელია იმისა, რომ სწორედ ახლაა მოქმედების დრო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე.