ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში ოპოზიციურ პარტიებს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა.
ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ პოლიტიკოსებს ბრიუსელიდან მიესალმა:
„ეს შეთანხმება ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონულ კონტექსტში, უპირატესად კი მაშინ, როდესაც უკრაინის საზღვრის გასწვრივ და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო წარმომადგენლობა იმატებს. ის თუ როგორ უპასუხა ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ჩიხურ მდგომარეობას, ნამდვილად არის კრიზისის გადაჭრის ევროპული გზა. ქალბატონო პრეზიდენტო, მე, ასევე, მსურს თქვენ გადაგიხადოთ მადლობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ახლო კონტაქტს ვინარჩუნებდით, თქვენ მიზიარებდით თქვენს რეკომენდაციებს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ჩემთვის, დიდი მადლობა თქვენი სიბრძნისთვის!" - აღნიშნა შარლ მიშელმა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით შარლ მიშელი ხვალ საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვა.