საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ესაუბრა.
ვიდეოზარის საშუალებით განხორციელებული საუბრისას მხარეებმა კოვიდით გამოწვეული მდგომარეობა და ორივე ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის საკითხი განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ტურიზმის ამოქმედების მნიშვნელობასაც.
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ პრეზიდენტ ზურაბიშვილს 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და შეთანხმების პროცესში მის როლს გაუსვა ხაზი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მნიშვნელოვანია რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო და საარჩევნო სისტემები.
ესტონეთის პრეზიდენტმა კი, ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი შეეხო ბორდერიზაციას, გამშვები პუნქტების ჩაკეტვასა და მოქალაქეების გატაცების ფაქტებს. საქართველოს პრეზიდენტი ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე ვრცლად ესაუბრა ესტონელ კოლეგას.
საქართველოს პრეზიდენტმა, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისა და საქართველო-უკრაინა-მოლდოვასათვის საერთო ფორმატის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბათუმის კონფერენციაზე მოიწვია და მის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის 3 ასოცირებული პარტნიორის სამიტის ორგანიზებას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს შესაძლებელი იქნება სამიტის ჩატარება.
საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ნატო-სთან კიბერუსაფრთხოების, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ავღანეთის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ავღანეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კალიულაიდიმ სალომე ზურაბიშვილს ავღანეთში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბრისას მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის მხრიდან ინვესტირებისა და რეგიონში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობა განიხილეს.