საქართველოს პრეზიდენტი: პოლონეთის პრეზიდენტს გავუზიარე ჩვენი მოთხოვნა, ნატო-ს სამიტმა დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინის მდგომარეობის გათვალისწინებით, დააფიქსიროს მკაფიო გზავნილი - ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, საქართველოში ანდჟეი დუდას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

სალომე ზურაბიშვილი:

„მოგესალმებით,

ეს დღეები ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია საქართველოსთვის. გუშინ იყო ჩვენი ეროვნული დღესასწაული და გენერალ კვინიტაძის გადმოსვენება. ძალიან ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრებოდა გუშინდელ ჩვენს ზეიმს - ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღნიშვნას და ეს მისი სურვილი იყო, რომ აქ, ჩვენთან ერთად ყოფილიყო.

ეს იყო იმ საუკუნოვანი მეგობრობისა და სოლიდარობის გამოხატვა, რაც პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ეს სოლიდარობა ამით არ შემოიფარგლება. გუშინ პოლონეთის პრეზიდენტი იყო ასევე, საოკუპაციო ხაზზე და ესეც ძალიან დიდი ნიშანია იმისა, რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელზეც შეხვედრისას ვრცლად ვისაუბრეთ.

მე მინდა აქვე, კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო პოლონეთს იმისთვის, რომ პირველივე დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და დღესაც ხელმძღვანელობს ამ მისიას.

ვისაუბრეთ მისიის როლზე და იმის აუცილებლობაზე, რომ ამ მისიას მიეცეს მეტი საშუალება და საბოლოოდ შეძლოს ის, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში, რომ მისია განახორციელოს და დააკვირდეს სრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, რაც დეესკალაციის ერთ-ერთი საშუალება იქნება.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, დღეს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე - ზაზა გახელაძის გატაცებასა და მის 12-წლიან განაჩენზე. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, რათა სწრაფად მოგვარდეს ეს საკითხი და მან თავის ოჯახში დაბრუნება შეძლოს.

პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, დღეს არის მეტი სოლიდარობა და მეტი სოლიდარობა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ამ ორივე მიმართულებით პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ერთგული მხარდამჭერია და სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებაში ახლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება.

ჩვენ აქამდე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ და პოლონეთი ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო. მაგალითად, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და ჩვენ გავიარეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და ვიზალიბერალიზაცია. დღეს გვჭირდება ასევე, ევროკავშირთან მიმართებაში ახალი ეტაპები, სანამ ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გეგმას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადს და შემდეგ, როცა ეს დრო დადგება გაწევრიანებას.

მანამდე, ჩვენ გვჭირდება რეალური, კონკრეტული ნაბიჯებისა და საფეხურების გავლა. ჩვენ ვისაუბრეთ სექტორული ინტეგრაციის, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ევროკავშირის ინტერესებშია, რომ შავ ზღვისა და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში ჩაერთოს და ამით აქ, მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს - ეს ჩვენი ერთობლივი ინტერესია.

ასევე, ვისაუბრეთ ნატო-ში ჩვენი პერსპექტივის შესახებ. ვიცით, რომ მალე, 14 ივნისს ნატო-ს სამიტი იმართება, რომელსაც პირველად დაესწრება აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი. პოლონეთის პრეზიდენტს ჩვენი მოთხოვნა გავუზიარე, რომ სამიტმა მის ბოლო დეკლარაციაში გაითვალისწინოს საქართველოსა და მისი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მდგომარეობა და ერთობლივად ჩვენთვის იქ, ისეთი გზავნილი დაფიქსირდეს, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს ღია კარის პერსპექტივას - როგორც ახლო წარსულში ჩრდილოეთ მაკედონიისთვის გაიხსნა ეს კარი, ჩვენთვისაც ასევე ღიაა!

რაც შეეხება საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, წარსულში ბევრია გაკეთებული, მაგრამ ბევრი კიდევ გასაკეთებელია. აუცილებელია, რომ პანდემიის პერიოდის შემდეგ, გაღრმავდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი ჩვენი ურთიერთობების წამყვანი ძალა გახდეს. ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მე მინდა დღეს გამოვაცხადო, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეგულაცია მოხსნა. პოლონელი მეგობრების, ტურისტებისათვის, ვაქცინირებული ადამიანებისთვის საქართველო ღია იქნება და ეს არის ჩვენი ღია კარის პოლიტიკა ევროპისა და კერძოდ, პოლონეთის მიმართ - open door policy.

ასევე, მე მოვისმინე პოლონეთის პრეზიდენტის დაპირება, რომ პოლონეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველოს მიაწოდოს ვაქცინის ის რაოდენობა, რაც მოლაპარაკებული იყო. დარწმუნებული ვართ, რომ პოლონეთის ეს სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრისას განვიხილეთ: პოლონეთი მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და მზადაა საქართველოს ყველანაირი დახმარება გაუწიოს იმისთვის, რომ ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იდგეს ეუთო-ს პოლიტიკურ აქტივობასა და განცხადებებში.

კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ მომავლის დიდი იმედი გვაქვს, რადგან ევროკავშირში ძალიან ძველი და ძალიან ძლიერი მეგობარი და პარტნიორი გვყავს.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ახლა დავათვალიერეთ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე ქართულ-პოლონური ექსპედიციის მიერ არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები - ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ახალი აღმოჩენები ეხება ძვ. წ. მე-14 საუკუნის ჩვენს კოლხურ ცივილიზაციას ქუთაისში.

არქეოლოგია ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ და ამდენი ხანია ეს ჩვენი ლოზუნგია, რომ საქართველო, ძალიან ღრმა წარსულიდან არის ევროპა, ეს არის კოლხური პერიოდი, ეს არის არგონავტების პერიოდი და ეს ევროპული ცივილიზაციის ნიშანი და მტკიცებულებაა.

ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და ნებისმიერ დროს გელოდებით საქართველოში. ეს არის თქვენი მეორე სამშობლო!“

ანდჟეი დუდა:

ღრმად პატივცემულო ქალბატონო პრეზიდენტო,

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

 

მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს და საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გუშინდელ, ძალიან ამაღლებულ დღესასწაულზე მოწვევისთვის. შეიძლება ითქვას - გარკვეული თვალსაზრისით - რომ ეს ორმაგი დამოუკიდებლობის დღესასწაულია, რადგან 103 წლისთავის საქართველოს მიერ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და აგრეთვე საქართველოს საბჭოთა კავშირის ბატონობიდან თავის დაღწევის 30 წლისთავი, ასე რომ, დადასტურებაა ამ უდიდესი, ღრმა, სულსა და ქართველების ბუნებაში ღრმად გამჯდარი - რასაც გუშინ მკაფიოდ გავუსვით ხაზი - თავისუფლების სურვილის, სუვერენიტეტის სურვილის, საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონის სურვილისა, რომელშიც თავად გადაწყვეტენ საკუთარ ბედსა და რომელსაც თავად განაგებენ.  

გუშინ ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე, მეც, აგრეთვე, ჩემს გამოსვლაში საზეიმო ღონისძიებაზე. თუმცა, ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე თბილისში, საქართველოში ჩემი ვიზიტის მომდევნო ელემენტები, კერძოდ, ის, რაზეც  საუბრობდა ქალბატონი პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ.

გუშინ ვიმყოფებოდი ე.წ. სადემარკაციო ხაზთან, ანუ იმ ადგილას, სადაც მთავრდება საქართველოს, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ საზღვრებში არსებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, სადაც მთავრდება ქართული ადმინისტრაცია და იწყება ტერიტორია, რომელიც ამჟამად მდებარეობს რუსული ოკუპაციის ქვეშ.

ვიმყოფებოდი სადემარკაციო ხაზის სიახლოვეს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსების მიერ სამხრეთ ოსეთად იწოდება. და იქ ვნახე ის, რაც - როგორც უკვე აღვნიშნე - ჩემი აზრით, უნდა მოინახულოს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების თითოეულმა პოლიტიკოსმა, რათა გააცნობიერონ, როგორია სინამდვილეში თანამედროვე რუსული პოლიტიკა და როგორ მეთოდებს იყენებს  რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ საქმიანობაში.

მიტოვებული ეკონომიკა, მიტოვებული სახლები, მავთულხლართები, სადემარკაციო ხაზის გადაკვეთის შეუძლებლობა. ეს ტრაგედიაა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის, იმიტომ, რომ მოულოდნელად - 2019 წლის სექტემბერში - სრულიად აიკრძალა ამ ხაზის გადაკვეთა. რუსები ამჟამად სრულიად ბლოკავენ.

ვიმყოფებოდი იმ ადგილას, საიდანაც პირდაპირ ჩანს რუსული ბლოკპოსტები, რუსული ყაზარმები, რუსული სამხედრო შენაერთი, ადგილი, სადაც განთავსებულია მათი ბაზა, რაც უტყუარი და აშკარა დარღვევაა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა, რომლის მხარეც რუსეთი თეორიულად დღემდე არის და რომელიც, სწორედ, ამ რეგიონიდან რუსული ძალების სრულად გაყვანას ითვალისწინებდა. დღეს მათი იქ ყოფნა ფაქტია.

დღეს იმ შენობებზე ღიად ფრიალებს რუსეთის ფედერაციის დროშა. რუსი ჯარისკაცები და ფსბ-ს თანამშრომლები სხვდასხვა სახის იარაღითა და ჯავშანტექნიკით აღჭურვილები პატრულირებენ ამ რაიონში. აკავებენ მაცხოვრებლებს, რომლებიც სადემარკაციო ზონას უახლოვდებიან, როგორც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოქცეულ რაიონში მცხოვრებლებს, ისე ქართველებსაც, რომლებიც ქართული ადმინისტრაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ხშირად ხდება, რომ რუსი ჯარისკაცები ან ოფიცრები უკანონოდ კვეთენ სადემარკაციო ხაზს და იტაცებენ ადგილობრივებს. შემდეგ ამ ადამიანებს სვამენ  ციხეში სწორედ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ასე რომ, საქმე გვაქვს აშკარა უკანონობასთან, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევასთან და ეს აქ ყოველდღიურ ფაქტს წარმოადგენს.

ამიტომაც ვაცხადებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების, ევროპის კავშირის ქვეყნებისა და ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს საკუთარი თვალით უნდა ნახონ, რათა გააცნობიერონ, თუ რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ვამბობთ, რომ საერთაშორისო სივრცეში უნდა გატარდეს ყოველმხრივი ძალისხმევა, რათა იძულებული გახდეს რუსეთის ფედერაცია, დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

ამაზე ვისაუბრეთ დღეს ქალბატონ პრეზიდენტთან. ვუთხარი, რომ პოლონეთი მომდევნო წელს ეუთოს თავმჯდომარეობას იღებს. ამ საკითხებს ეუთოს ფორუმზე, რა თქმა უნდა, დავაყენებთ. მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ სწორედ იქ, სადემარკაციო ხაზთან, დღეს სახეზეა და ყოველდღიურად ასრულებს თავის მოვალეობებს ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღნიშნულ სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობს 17 ექსპერტ-დამკვირვებელი ჩვენი ქვეყნიდან. ამ მისიის სათავეში ამჟამად დგას პოლონეთის წარმომადგენელი, პოლონელი ელჩი, ბატონი პროფესორი მარეკ შჩიგელი. დღეს ის კოორდინირებს მისიის საქმიანობას. მასთან დიდხანს ვისაუბრე გუშინ. წარმომიდგინა სიტუაცია სწორედ ისე, როგორც გამოიყურება.

უნდა მოგახსენოთ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ამ რეგიონში მცხოვრები პირები მართლაც ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო დახმარებაზე, არ აქვთ ოჯახთან კავშირის შესაძლებლობა. ეს არის ცხოვრება, რომელიც სრულიად შეიცვალა, სრულიად განადგურდა სწორედ რუსული აგრესიითა და და რუსული ოკუპაციით, რასაც ადგილი აქვს ამ რეგიონში.  

დღეს ქალბატონ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ აგრეთვე ევროკავშირის ამ მისიის მომავალზეც. ქალბატონმა პრეზიდენტმა მთხოვა, ვეცადო მის გაძლიერებას. ამ საკითხზე დაველაპარაკები ევროპის კავშირის ლიდერებს, დაველაპარაკები პრეზიდენტებს, ასევე ბატონ პრემიერს მათეუშ მორავეცკის, რათა ეს პოსტულატი წარუდგინოს ევროსაბჭოს. იმედი მაქვს, რომ მოხერხდება ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებითაც. 

შემიძლია აღვუთქვა ქალბატონ პრეზიდენტს, სხვათა შორის, გუშინაც ვსაუბრობდი ამაზე, რომ დავაყენებთ საკითხს საქართველოს საზღვრებსა და სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია როგორც ცხინვალის, ასევე აფხაზეთის რეგიონში. დავაყენებთ ამ საკითხს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაეროში, როგორც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ასევე ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომლის წევრიც არის დღეს პოლონეთი. ეს მართლაც დრამატული სიტუაციაა. და იქ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ადამიანის უფლებები ირღვევა. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ცხადია, რომ საკითხი ჩარევას ითხოვს.

ქალბატონ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ აგრეთვე ჩვენს პოლონურ-ქართულ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ რომ ქართულ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით. შესანიშნავ აღმოჩენებზე პოლონურ-ქართული არქეოლოგიური მისიისა, რომლითაც ჩვენ უზომოდ ვამაყობთ. ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ ამ ადგილიდან ბატონ პროფესორ რადოსლავ კარაშევიჩ-შჩიპიორსკის, რომელიც სათავეში უდგას ამ მისიას, ასევე პროფესორ მღვდელ ზენონ ჰანასს იმისთვის, რომ შესანიშნავად უძღვებიან პოლონურ-ქართულ ერთობლივ მისიას.  

ქალბატონებო და ბატონები, ეს მართლაც უდიდესი აღმოჩენებია, თუ საქმე რომაელების ყოფნას ეხება, ბათუმის მიმდებარედ, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ქუთაისში, მართლაც არაჩვეულებრივ არქეოლოგიურ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, რომელიც აბსოლუტურად ადასტურებს, რომ აქ ქართული კულტურა ყვაოდა მითური კოლხეთის ხნიდან მოყოლებული, და კოლხეთი არ არის მხოლოდ მითიური, კოლხეთი ნამდვილი ფაქტია. ცოტა ხნის წინ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ვათვალიერებდი პოლონურ-ქართული მისიის ფარგლებში არქეოლოგების მიერ ნაპოვნ არტეფაქტებს, იმ დროინდელი ანტიკური კულტურის შესანიშნავ მტკიცებულებებს, ჭეშმარიტ დასტურს, რომ  საქართველო დიდი ალბათობით ყველაზე ყველაზე ძველი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც არსებობს XIV საუკუნიდან ჩვ.წ., ასე რომ, ეს მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ჩვ.წ. XIV საუკუნე 3 ათას წელზე მეტია, ასე რომ, მართლაც რთული წარმოსადგენია სახელმწიფოებრიობის ასეთი ხანგრძლივობა. 

მოხარული ვარ, რომ პოლონელი არქეოლოგები მონაწილეობას ღებულობენ ამ დიად აღმოჩენებში, რაც ადასტურებს პოლონური არქეოლოგიური სკოლის ოსტატობას. ეს ძალიან მახარებს და ამით, როგორც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ძალიან ვამაყობ. ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ არქეოლოგებს იმისთვის, რომ ჩვენ არქეოლოგებთან ერთად მუშაობენ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი სპეციალისტების მუშაობით. იმედი მაქვს, წინ აქვთ მომდევნო აღმოჩენები და უპირველეს ყოვლისა, მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება აქ, საქართველოში ყველა ამ შესანიშნავი არტეფაქტის გამოფენა, რომლებიც მოპოვებულ იქნა: ბათუმის მახლობლად აღმოჩენილი მოზაიკა თუ აღმოჩენები ქუთაისიდან, შესაძლებელი იქნება მათი ჩვენება აგრეთვე პოლონელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ისტორიით, ისტორიული და პრეისტორიული ხანის აღმოჩენით, ეს იქნება მნიშვნელოვანი და არაჩვეულებრივი სანახაობა.   

ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტურიზმზე, აგრეთვე კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში. ვისურვებდი, რომ საქართველომ წელს თავისი შეთავაზების პოლონელი ტურისტებისთვის მიწოდებაც შეძლოს. მჯერა, რომ ეს იქნება შესაძლებელი. ზაფხულის პერიოდში ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს მონახულებით, შეძლებენ აქ ჩამოსვლას, ხოლო აცრილი პირები ისარგებლებ შესაბამისი შემსუბუქებებით.

ჩემი მხრივ დავადასტურე პოლონეთის მთავრობის სურვილი, ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებით,  რათა საქართველოს მიეწოდოს ვაქცინები. ბატონებო და ქალბატონები, ყველამ ვიცით, როგორ გამოყურება სიტუაცია, ვიცით, რომ ვაქცინების პოლონეთამდე მიწოდებაც ძალიან დაგვიანდა იმასთან შედარებით, რის ვალდებულებაც აიღეს თავდაპირველად ევროპის კომისიამ და ფირმებმა, რომლებთანაც ევროკომისიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები. ამჟამად ეს დაგვიანებები აღმოფხვრილია. იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ დაგეგმილ დოზებს, რომლებიც ჯერ არ ჩამოსულა ჩვენამდე და მათ შორის, ამ მარაგიდან შევძლებთ საქართველოსთვის გაზიარებას, ქართული საზოგადოების ასაცრელად საჭირო ვაქცინების გადმოცემას. იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. დავპირდი ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ამ თემაზე მექნება საუბარი როგორც ბატონ მინისტრთან, მიხალ დვორჩიკთან, რომელიც ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის კოორდინატორია, ასევე ჯანდაცვის მინისტრთან, ბატონ ნეჯელსკისთან და ბატონ პრემიერთან.

იმედი მაქვს, რომ აქ, ამ თვალსაზრისითაც შევძლებთ ჩვენი საქართველოსადმი მეგობრობის, სოლიდარობის ჩვენებას, რომელიც ნამდვილად, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ესოდენ აუცილებელია დღეს.

ქალბატონებო და ბატონებო, ვისაუბრეთ აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე,  ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციაზე ან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის შესახებ. საქართველო დგას გაწევრიანების გზაზე.

ამაზე ვსაუბრობდი გუშინაც ჩემს გამოსვლაში. იმედი მაქვს, რომ ეს გზა საქართველოსთვის სულ უფრო ნათელი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი იქნება კონკრეტული თარიღებისა და პროცედურული საქმიანობების დასახელება, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ საქართველომ ევროკავშირსა და ნატოში შესვლა შეძლოს, რადგან საქართველომ ბოლო წლებში არაერთხრელ აჩვენა, რომ ძალიან კარგი მოკავშირეა, თუნდაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედროების, მათ შორის პოლონელი ჯარისკაცების მხარდამხარ ავღანეთში ყოფნითა და ქართველი ჯარისკაცების ძალიან კარგი სამსახურის მეშვეობით, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ.

თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ ეს იყო ჩემი მოწოდება ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების ლიდერებთან, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის კარი აშკარად დარჩეს ღია, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივაა. და თუ იმას ველით, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩვენთან აღმოსავლეთ პარტნიორობით, სწორედ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელდება რეფორმები, რომლებსაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო ელოდებიან, რათა დაკმაყოფილდეს გაწევრიანების ყველა კრიტერიუმი, ანუ ველით, რომ განხორციელდება დემოკრატიული პროცესები და დემოკრატიული ინსტიტუტები კარგად იფუნქციონირებენ და ეს დემოკრატიული ინსტიტუტები მოქალაქეებისთვის იქცევიან საიმედო ინსტიტუციებად, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ასპირანტი ქვეყნებისთვის და რაც ევროკავშირის მიერაც უნდა იყოს ხაზგასმული. მაშინ, როდესაც ეს სანდოობა დგება, ევროკავშირისა და ნატოს სანდოობის საკითხია ისიც, რომ მოჰყვეს აქცეპტაცია და მიღება, რათა იქამდე მივიდეს პროცესები, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირსა და ნატოში შესვლა, გადალახონ მომდევნო ბარიერი, რაც მათ წევრობასთან მიაახლოვებს. 

ამას ვამბობ, როგორც ერისა და ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ოდესღაც ასევე ისწრაფოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში წევრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ. არ იყო ეს ადვილი პროცესები, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ღირდა. მოვუწოდებ როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ქართულ საზოგადოებას, რომ იმუშაონ ამ მიმართულებით და შეინარჩუნონ მზადყოფნა როგორც რეფორმების განხორციელების პროცესში, აგრეთვე გაწევრიანების მიმართულებით საქმიანობაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში რჩება და რა თქმა უნდა, მომავალშიც დარჩება, ამ მხრივ, საქართველოს მეგობარი და ის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ქართული სახელმწიფოს და ერის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.   

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც ვისაუბრეთ ქალბატონ პრეზიდენტთან. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად შეგვიძლია ვიზეიმოთ ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, აქვე მინდა, ხაზი გავუსვა პოლონურ-ქართულ მეგობრობას, რომლის გამოვლინებაც ძალიან ბევრია როგორც აქ, თბილისში, ასევე სხვა ადგილებში, უპრობლემოდ შეგვიძლია მოვიძიოთ აგრეთვე პოლონეთშიც. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ამაზე ბოლო დღეების მანძილზე.

მოხარული ვარ, რომ აქ ვართ, ბედნიერი ვარ მთელი პოლონური დელეგაციით, მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთადაა ქალბატონი მარშალი, მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთადაა ბატონი პრემიერი - კულტურის მინისტრი, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის სოლიდარობის დასამყარებლად მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე კულტურული და ისტორიული საზოგადოების გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესოდენ ბევრს ვსაუბრობთ აქ, თბილისში.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო პრეზიდენტო.

 

სხვა სიახლეები