საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დღეს ორბელიანების სასახლეში კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის მიერ ქუთაისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა დაათვალიერეს.
ქართულ-პოლონურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქუთაისში აიეტის პერიოდის კოლხეთის დედაქალაქი აღმოაჩინა, რომელიც ძვ. წ. 14-11 საუკუნეებით თარიღდება.
კვლევა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარეობს და როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი აცხადებს, დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქი არგონავტიკის პერიოდს განეკუთვნება. ეს ქუთაისის უძველესი ისტორიის პირველი მეცნიერული დადასტურებაა, ასევე, დასტურდება ანტიკური პერიოდის ისტორიკოსების და მოგზაურების ვარაუდი, რომ ქუთაისი ძველი კოლხეთის დედაქალაქი იყო.
„ეს პირველი დასტურია იმისა, რომ არგონავტიკის მითოლოგიას შეიძლება ისტორიული საფუძველი გააჩნდეს, როგორც ეს ტროას შემთვხევაში მოხდა. როგორც ჩანს აიეტის, მედეას, ოქროს საწმისის და ოქრომრავალი კოლხეთის მითის მიღმა ისტორიული სინამდვილე იმალება, რომელსაც ინტენსიური სამეცნიერო კვლევები სჭირდება. საქართველო ემზადება მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგინოს ეს სენსაციური აღმოჩენა და შემდგომ კვლევებში ჩართოს მსოფლიოს წამყვანი არქეოლოგიური-სამეცნიერო კვლევითი ცენტრები“, - განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.
ქუთაისში კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი 2018 წლიდან მოქმედებს.