თბილისს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვია.
ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამდივნოს ხელმძღვანელი ნანა კაშია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გელა გიორგაძე, საქართველოს ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
გიტანას ნაუსედასა და დიანა ნაუსედიენეს დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც გიტანას ნაუსედა და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ასევე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავასთან.