საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდს შეხვდა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი და ეუთოს გენერალური მდივანი, პრეზიდენტის ინიციატივის - საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენცია - ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
მხარეებმა მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს და ხაზი გაუსვეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეფაქტო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე - ოკუპირებული რეჟიმის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევასა და გატაცების ფაქტებზე, კერძოდ ზაზა გახელაძის საკითხზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
სალომე ზურაბიშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლს გაუსვეს ხაზი.