შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს მოიცავს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები და მისწრაფებები აქვს, რომელიც რა თქმა უნდა, მოიცავს დეოკუაპციას, ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მოხარულია, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს. ეს ურთიერთობები განახლდა, აღდგა და დავუბრუნდით ნორმალური ურთიერთობების იმ დონეს, რაც ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ეკადრება.
აღინიშნა, ნატო-ს 14 ივნისის სამიტის განცხადების მნიშვნელობა, რომლითაც ნატო მხარს უჭერს საქართველოს და აღიარებს მის მიერ გაწეული რეფორმების შედეგებს.
შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ინტერესშია საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა და რეგიონში სტაბილურობა და ამ ინტერესის ნათელი დადასტურებაა სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის აქტიური ჩართულობა იმ პროცესში, რომლის დროსაც მისი მედიაციით მოხდა საქართველოში კრიზისის დაძლევა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ადამიანის უკანონო გატაცებების ფაქტებს.
როგორც ოკუპაციაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაფართოვდეს, რაც პრაქტიკულად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილია და უნდა შესრულდეს.
ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი, რელიგიური ტურიზმი, კინოს წარმოება, ერთობლივი კინოპროდუქციის შექმნა, ტექნიკური ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა - ეს შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა არასრული ჩამონათვალია.
აღინიშნა, რომ ყველა ინსტრუმენტი და ყველა ფორმატი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.