საქართველოს პრეზიდენტი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ორბელიანების სასახლეში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების გამო მიღებული გადაწყვეტილებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ძალიან სიმბოლური და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის როლი ამ ვიზიტის მომზადებასა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საკითხში.
მომავალ წელს საქართველო და ინდოეთი დიპლომატიური ურთეირთობების 30 წელს აღნიშნავენ. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ თარიღისთვის საქართველოსა და ინდოეთში გაიმართოს ჩვენი ქვეყნების კვირეული.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა - ვაჭრობა, ინფრასტრუქტურურა, ენერგეტიკა.
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით აღინიშნა საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და ინდოეთს აქვთ შესაძლებლობა გააღრმაონ თანამშრომლობა მედიცინის, ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში.
საუბარი შეეხო, როგორც რეგიონში შექმნილ ვითარებას ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ბორდერიზაციას, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გატაცებებს.