საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისა და გაძლიერების შესახებ.
მოწოდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვასა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრის, კატრინ იაკობსდოტირის ინიციატივაა.
,,ჩვენ, ლიდერ ქალებს, გვინდა დავარწმუნოთ ავღანელი ქალები და გოგონები, რომ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გავაგრძელებთ მათი უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერას“, - ნათქვამია ქალი ლიდერების მოწოდებაში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დიდი ყურადღება გაამახვილონ იმ ადამიანების მდგომარეობასა და უფლებებზე, ვინც ამჟამად ავღანეთში ყველაზე დაუცველია.
მოწოდებას შეუერთდა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ესტონეთის პრემიერ-მინისტი კაია კალასი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.