დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა მონტენეგროს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია, საქართველოს ელჩი მონტენეგროში ელჩი ზაალ გოგსაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე, ხოლო მონტენეგროს მხრიდან: მონტენეგროს ელჩი საქართველოში დრაგიკა პონორაკი, მონტენეგროს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი მილან როჟენი, მონტენეგროს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თამარა ბრაჟოვიჩი.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.
დღესვე საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.