საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ირენ კელინს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, საქართველო და შვეიცარია მომავალ წელს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს აღნიშნავენ და გასული პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში, განსაკუთრებით ეკონომიკური და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და უთუოდ მისცემს ბიძგს ჩვენი ურთიერთობების მეტად გაღრმავებას.
ასევე მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისათვის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების გააქტიურება. საუბარი შეეხო შვეიცარიის როლს საქართველო - რუსეთს შორის მედიაციის პროცესში. ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით. საკითხი შეეხო ასევე, მრავალმხრივ ფორმატში, როგორიცაა ეუთოს, ევროსაბჭოს და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, თანამშრომლობის გააქტიურებას.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე. ეს სფეროებია: პროფესიული განათლება, ენერგეტიკა, სამთო ტურიზმი, ეკოლოგია.
გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიესალმა, შვეიცარიისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთობების გაღმავებას.