კვიპროსში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავარეპისკოპოს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს შეხვდა და ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისათვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება.
,,ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მისმა უწმინდესობამ, ქრიზოსტომოს II-მ შეხვედრისას აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება. ,,მინდა თქვენთან შეხვედრით კურთხევა გადავცე ჩვენს მოძმე ქართველებს და ქართულ ეკლესიას“-, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.