საფრანგეთში, საქართველოს პრეზიდენტმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პარიზის მშვიდობის ფორუმსა და იუნესკოს 75 წლისთავისადმი მოძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში.
პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ,,მშვიდობიანი მომავლისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნებას“ ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე და აღნიშნული არჩევანის განხორციელების პროცესში საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ასევე, მსოფლიო ლიდერებისათვის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით, ელიზეს სასახლეში გამართულ მიღებაში.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან, რომელსაც რეგიონში მიმდინარე პროცესები და საკუთარი ინიციატივა გააცნო, თბილისში ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ.
პრეზიდენტი ქვეყანაში და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს და ისლანდიის პრეზიდენტს გუდნი იოჰანესონს.
პარიზში საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს 75 წლისთავისადმი მოძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კავკასიური ენების გადარჩენას ისახავს მიზნად.