სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: „ეს
ქვეყნისთვის სასიცოცხლო მომენტია, რომლის შედეგიც იმედია არ იქნება ტრაგიკული »
„ლე მონდთან“ ინტერვიუში, კავკასიის ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პროევროპელი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“, დღეს „ძალიან იზოლირებულია“.
ფoსტინ ვინსენის ინტერვიუ (თბილისი, envoyé spécial)
28 ნოემბერს, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო მასშტაბურმა დემონსტრაციებმა შეძრა.
Le Monde-თან ინტერვიუში პროევროპელი პრეზიდენტი, 72 წლის სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დღეს „ძალიან იზოლირებულია“.
თქვენ გამოაცხადეთ თქვენი გადაწყვეტილება არ დატოვოთ თქვენი პოსტი 29 დეკემბერს თქვენი მანდატის ამოწურვის შემდეგ. ეს ქვეყნის არასტაბილურობას ხომ არ გაუსვამს ხაზს, რაც, როგორც თქვენ ამბობთ, რუსეთისთვის არის სასარგებლო?
ეს არ არის გადაწყვეტილება, ეს კონსტიტუციის ინტერპრეტაციაა. 26 ოქტომბრის საქართველოს საკანონმდებლო არჩევნები, რომელიც მასიური გაყალბებებით გამოირჩეოდა, არ არის ვალიდური. აქედან გამომდინარე არც არჩეული პარლამენტი, და არც მის მიერ დასახელებული მთავრობა, არც პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს 14 დეკემბერს. ეს ყველაფერი ერთგვარი ფიქციაა და უკანონობათა თანმიმდევრობიდან გამომდინარეობს.
29 დეკემბრის გადაბარება, რომლითაც ჩემი მანდატი სრულდება, ვალიდური მხოლოდ ლეგიტიმური პრეზიდენტის შემთხვევაშია. სანამ ეს ასე არ არის, მე ვრჩები ამ ქვეყანაში ლეგიტიმაციის და განგრძობადობის ერთადერთ წყაროდ, რაც არასტაბილურობის საპირისპიროა. კომპრომისის საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს ვინმე, ვისაც შეუძლია ქუჩაში ხალხს და ოპოზიციურ პარტიებს მიჰყიდოს ის და დააკავშიროს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. და ეს მე ვარ.
საქართველოს ორი პრეზიდენტი ეყოლება?
მე სიტყვისა და წარმომადგენლობის გარდა სხვა ძალა არ მაქვს, ვერაფერს ვერ ვაიძულებ, არჩევნების ხელახალი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარდა. ეს უნდა იყოს კომპრომისის საგანი. თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი [ოლიგარქი და ქვეყნის არაფორმალური ლიდერი] გადაწყვეტს მისი პრემიერ მინისტრის გადაყენებას, მაშინ, კონსტიტუციის შესაბამისად დავნიშნავ არჩევნებს. გამოსავალი მისი გაწვევა და მომავალი არჩევნების პირობებზე შეთანხმებაა.
რევოლუციის მოწმენი ვართ საქართველოში?
ჯერ არა. ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მომენტია, რომლის შედეგიც, იმედი მაქვს, ტრაგიკული არ იქნება. ახალგაზრდები სპონტანურად გამოდიან ქუჩაში. ხელისუფლების რუსული პროპაგანდა ადანაშაულებს ოპოზიციას და ბნელ ძალებს მართვაში. ეს ტყუილია. ამ მანიფესტაციებს ვერავინ ვერ აკონტროლებს და ვერც შეაჩერებს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ ვიპოვით საშუალებას დავუბრუნოთ ამ მოსახლეობას ის, რასაც ითხოვს და რაც – ამ დროისთვის – სულაც არ არის რევოლუციური, კერძოდ: „დამიბრუნე ჩემი ხმა, დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი და დავნიშნოთ ახალი არჩევნები! »
ზოგი მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებს შედეგი არ ქონდათ და უფრო შორს წასვლა არის საჭირო...
ეს არის მარადიული დებატები, როდესაც იმედგაცრუება იზრდება. ხალხი მეუბნება, რომ ჯარს მოვთხოვო ჩაერევა: ეს სისულელეა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თავიდან იმედგაცრუება უნდა ავიცილოთ და ამის მისაღწევად საუკეთესო გზა არის ყველა მხრიდან ზეწოლა, რათა ხელისუფლებაში მყოფი პარტია იძულებული გახდეს კომპრომისზე წავიდეს.
ვფიქრობ, ქართული ოცნება ძალიან იზოლირებულია. უფრო და უფრო ხშირია მანიფესტაციები, პარტიიდან წამოსვლები და თანამდებობიდან გადადგომები. ძალაუფლებიდან ჩამოშორების პროცესშია ეკონომიკური წრეებიც. ზოგი კარგად ხედავს, რომ ეს მათ ინტერესებზე პირდაპირ მოქმედებს. ტურიზმში ჯავშნების 70% გაუქმდა სადღესასწაულო სეზონზე. ორი ძირითადი ქართული ბანკიც პროტესტზე გადავიდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეწოლის ელემენტია, რასაც დაემატება ფინანსური კრიზისი, რომელიც უკვე დაიწყო.
ქართველების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი თავად არის ამის მომხრე. დღეს, როცა ხედავენ, რომ პრემიერის არჩეულ გზას პუტინი [რუსეთის პრეზიდენტი] ულოცავს, მათაც უჩნდებათ ეჭვი. ხალხმა სხვადასხვა დროს გაიგო, თუ რამდენად შორდებოდა ეს რეჟიმი მის პროევროპულ ხასიათს, მეც მათ შორის. მე ეს პირველივე დღიდან ვერ დავინახე.
გაზაფხულზე ,"უცხოური გავლენის შესახებ", კანონის წინააღმდეგ მასიური დემონსტრაციების დროს თქვენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდეთ. მართლა ფიქრობდით რომ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იქნებოდა?
ჩვენ ვიცოდით, რომ იქნებოდა გაყალბება, სწორედ ამიტომ, მოვუწოდებდი არჩევნებში მასიური მონაწილეობისკენ, რათა მობილიზაციას შეიძლებოდა ამის კომპენსირება. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თავი მოვიტყუე, გაყალბება არ იყო "ჩვეულებრივი", არამედ სისტემატური და მასიური. ეს საარჩევნო ომია საქართველოს წინააღმდეგ. რადგან მმართველი პარტია რუსული საშუალებებითა და მეთოდებით იყო შთაგონებული და მხარდაჭერილი. რუმინეთშიც საარჩევნო ომია. იგივე ხელია.
როგორ რეაგირებთ ოთხშაბათს, 4 დეკემბერს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე?
ეს რეპრესიების ახალი ეტაპია, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობით დაიწყო. ოთხშაბათს მთავრობამ აკრძალა დამცავი სათვალეების, ჩაფხუტების და ნიღბების გაყიდვა. [გამოიყენება დემონსტრანტების მიერ თავის დასაცავად]. ის ასევე აშინებს მათ, ვინც პროტესტს გამოთქვამს სხვადასხვა სამინისტროებსა თუ ადმინისტრაციაში. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მუქარის შემცველ ოფიციალურ განცხადებებს. გადახრის ნიშანიც კი არ არის.
საკონსტიტუციო სასამართლომ [ხელისუფლების ხელშია, მაგრამ პრეზიდენტმა მას მიმართა საკანონმდებლო არჩევნების გაუქმებისთვის] საღი აზრის საწინააღმდეგოდ, უარი თქვა ჩემი არგუმენტირებული მოთხოვნის განხილვაზე.
გადაწყვეტილება სავარაუდოდ ღამით ზეწოლის ქვეშ დაიწერა. იმედი მქონდა, რომ, ინდივიდუალურად მაინც, მოსამართლეები გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას, იმისათვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურ წესრიგში დაბრუნებულიყო და არა ქუჩაში. მათ ეს არ გააკეთეს.
ამ ტიპის რეჟიმები უძლებენ იქამდე, სადამდეც შეუძლიათ, ბოლო რესურსის ამოწურვამდე. როდის დადგება ეს მომენტი? არ ვიცი.