ინტერვიუ RedaktionsNetzwerk Deutschland-თან

ინტერვიუ RedaktionsNetzwerk Deutschland-თან 

საქართველოს პრეზიდენტი: "დარწმუნებული ვარ, რომ მალე ახალი არჩევნები იქნება"

ორშაბათს საღამოს მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია გამოცხადებული, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მანიპულირების სერიოზული ბრალდებების შემდეგ, პრეზიდენტი ახლა RND-სთან ინტერვიუში ახალ არჩევნებს ახსენებს.

ბრიუსელი. პროევროპელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების მასიური გაყალბება მოხდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რუსეთთან დაახლოებული მმართველი პარტია გამოაცხადა, თუმცა ოპოზიცია შედეგს არ აღიარებს. დამოუკიდებელი დამკვირვებლები ადასტურებენ ზეწოლას, მანიპულირების მცდელობებს და უამრავ დარღვევას, რაც ხდებოდა იმ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რომელმაც ცოტა ხნის წინ რამდენიმე რუსული მოდელის მქონე კანონი მიიღო. RND-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, ევროკავშირის დახმარებაზე და ახალ არჩევნებს ახსენებს.

არჩევნების ოფიციალური შედეგი ოპოზიციისთვის შოკი იყო. მზად იყო საქართველო ასეთი სცენარისთვის?

უპირველესად, ეს იყო შოკი მთელი მოსახლეობისთვის და ასევე ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. ამ არჩევნების შედეგისთვის მზად არავინ იყო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები და არც პარტიები. ჩვენ მოვემზადეთ იმისთვის, რაც ვნახეთ გამოკითხვებში რუსეთის მიერ შთაგონებული კანონების წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ: მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას, დაახლოებით, 80 პროცენტს სურს მიუბრუნდეს ევროპას. ეს არჩევნები ჰგავდა რეფერენდუმს - ქვეყანა ევროპისკენ უნდა მიმართულიყო თუ რუსეთისკენ. ჩვენ ველოდებოდით თაღლითობას, რადგან ვიცოდით, რომ ხელისუფლება ვიღაცებს მოისყიდდა, მოახდენდა ზეწოლას თანამდებობის პირებზე და ასევე, ცდილობდა გავლენა მოეხდინა ზოგიერთ ისეთ ოჯახზე, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებდა, მაგრამ ჩვენ არ ველოდით ამ მასშტაბის თაღლითობას. არ ველოდით ასე ჭკვიანურად ორგანიზებულ ,,პროცესს“- იმდენი სხვადასხვა სახის თაღლითობა ხდებოდა ერთდროულად, სპეციფიკურად მორგებული კონკრეტულ ადგილობრივ ვითარებაზე.

არჩევნების დამკვირვებლებმა ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს. იცით უკვე, თუ როგორ მოხდა არჩევნების მანიპულირება ამხელა მასშტაბით?

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად როგორ მოხდა ეს მთელი თაღლითობა, მაგრამ მმართველმა პარტიამ, მაგალითად, მიიღო ხმების 90-დან 92 პროცენტამდე ისეთ რეგიონებში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, როგორიცაა სომხები და აზერბაიჯანელები, ასეთ რამ კი, არ მომხდარა სტალინის ეპოქის შემდეგ. ჩვენ ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, ზუსტად როგორ გაყალბდა არჩევნები, რადგან არც კი ვიცით ყველა გამოყენებული მეთოდი, მაგრამ ერთი ძალიან გავრცელებული პრაქტიკა იყო ელექტრონული ხმის მიცემა, რომელიც ბოროტად გამოყენე და ერთი პირადობის მოწმობით რამდენჯერმე ხდებოდა ხმის მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძველი ხრიკია, მას მაინც არავინ ელოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადა და საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც.
როდესაც მიმდინარე წლის მაისში 200 000-მა ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე რუსული სტილის „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, მთავრობამ საპროტესტო ტალღის იგნორირება მოახდინა. ახლა სხვა რეაქციას ელოდებით?

ძნელი დასაჯერებელია, რომ დემონსტრაციების გამო ხელისუფლება პოზიციებს შეიცვლის. მან არჩევნებამდე განაცხადა, რომ სურდა ოპოზიციის ლიდერების დაკავება და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა. ასე რომ, მათი გეგმები ღიად არის გაცხადებული. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა უნდა გამოვიდეს ქუჩაში და იბრძოლოს თავისი ჭეშმარიტი არჩევანისთვის - ხალხი ძალიან მიზანდასახულია, მა სურთ აჩვენოსაქართველოს პარტნიორებს, რომ პროევროპულ მოსახლეობას მათი მხარდაჭერა სჭირდება და პრორუსულ მთავრობაზე აუცილებელია ზეწოლა.

თქვენი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება, ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი. თქვენც გრძნობთ ზეწოლას?

მე დრო უფრო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე რეალური ზეწოლა. ხელისუფლებამ გამოაცხადა რეპრესიები ყველას მიმართ, ვინც მის ხაზს არ მიჰყვება - მათ შორის, ჩემს მიმართაც. ის უკვე ჩემს იმპიჩმენტზეც კი საუბრობ. მმართველმა პარტიამ არჩევნები მოიპარა და პარლამენტი მათ ხელშია. რა თქმა უნდა, ეს პარლამენტი მე ხელახლა აღარ ამირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქრება, მაგრამ ისინი ჩემს ხმას ვერ გააჩუმებენ. საქართველოს ემუქრება მოსკოვისადმი ლოიალური ერთპარტიული პოლიტიკა და მასიური რეპრესიები, ისეთი, როგორიც ამ ქვეყანას აქამდე არასდროს განუცდია.

რა სახის მხარდაჭერის იმედი გაქვთ ევროკავშირისგან?

ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა შესაძლო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან, რადგან ჩვენთან აბსოლუტურად პროევროპული მოსახლეობა ცხოვრობს, რომლის ხმებიც მოიპარეს. წარსულში ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს პრორუსულ მთავრობას, გაეუქმებინა ლგბტ კანონი და აგენტების შესახებ რუსული კანონი, მაგრამ მათ არაფერი მსგავსი გაუკეთებიათ. ახლა არის იმის დრო, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უფრო მეტი გააკეთონ. მთავრობა, რომელიც მოსკოვისკენ ორიენტირდება, ევროპული გზის დასასრულს ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისათვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ დასრულდა.

რა არის შემდეგი ნაბიჯები საქართველოში?

დარწმუნებული ვარ, რომ მალე ახალი არჩევნები იქნება. ამ ახალი არჩევნებისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს ის, რასაც იმსახურებს: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ უნდა გადავხედოთ ყველა დარღვევას. საჭიროა, ჩატარდეს დეტალური ანალიზი და ზუსტი გამოძიება იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბება და ქაოსი აღარ განმეორდეს, ჩვენ გვესაჭიროება ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირდაპირი მხარდაჭერა ახალი არჩევნების ორგანიზებაში.

სხვა სიახლეები