ახლა ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში ვიმყოფები. ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ.
დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გუშინ ძალიან ძლიერი გამოსვლა გქონდათ, რომლითაც შაბათს საპარლამენტო არჩევნების შედეგები უარყავით. ვფიქრობ, რომ კითხვა, რომელსაც ბევრი ადამიანი სვამს - რა მოხდება შემდეგ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა არის თქვენი გეგმა ქალბატონო პრეზიდენტო?
გეგმა, როგორც ასეთი, არ მაქვს. ჩემი ერთადერთი გეგმა ის, რომ ვერ ვაღიარებ [შედეგებს] და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხიც ვერ მიიღებს მას. ისინი ხედავენ არა მარტო ერთი თუ მეორე პარტიისათვის მოპარულ ხმებს, არამედ მათ მოპარულ ევროპულ მომავალსაც რადგან სასწორზე სწორედ ეს იდო. ჩვენ ყველამ ვიცით, ჩვენს გულებსა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი უნდა და მცირე უმრავლესობაც კი არ არსებობს, რომელსაც რუსეთთან რაიმე ენდომება. ზოგიერთს შეიძლება პრივილეგიების შენარჩუნება სურდეს, მაგრამ ეს სხვაა.
ასე რომ, არჩევნების შედეგები სრულიად წარმოუდგენელია, არასანდო, მთლიანად მოსახლეობისთვის შოკის მომგვრელი; შოკის, რადგან ეს არ შეესაბამება მოსახლეობის განწყობებს და არავინ ელოდა გაყალბების ამ მასშტაბებს. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ რაღაც სახის გაყალბებას ექნებოდა ადგილი, რომ მმართველი პარტია ასე მარტივად არ შეეგუებოდა შედეგებს, მაგრამ ვერავინ ხედავდა ამ დახვეწილობას, არჩევნების ამ მასიურ და წინასწარ კარგად დაგეგმილ გაყალბებას, მანიპულაციას. დაშინება ჩვენთვის ნაცნობია, ის განსაკუთრებით საჯარო მოხელეების მიმართ გამოიყენება, რომლებიც ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრნი არიან და ეს ხალხი ყოველთვის ნერვიულობს საკუთარ სამსახურზე, ეს გასაგებია, მაგრამ ხალხს პირდაპირ ფულს უხდიდნენ უბნების გარეთ. უფრო უცნაური და მოულოდნელი ახალი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება იყო, რომლის გამოცდილებაც აქამდე არავის ჰქონია. არჩევნების მანიპულაციებისთვის პირადობის მოწმობებს იყენებდნენ, რომლებსაც ხალხს არჩევნებამდე ართმევდნენ (ვერავინ იგებდა რატომ) და იყენებდნენ კარუსელის მეთოდით (თუ იცით რასაც ნიშნავს) - როდესაც ერთი ადამიანი ერთი პირადობით ხმას 10-ჯერ და 20-ჯერ აძლევს.
ყველაფერი ეს ძალიან კარგად დაგეგმილი იყო რეგიონებში, სადაც ელექტრონული მოწყობილობები არ იყო გამოყენებული, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს და ამის ვიდეოებიც არსებობს. სხვა მეთოდებიც გამოიყენეს სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, სადაც ჩვენ მაგალითად, ,,ქართული ოცნების“ 97%-იანი შედეგი ვნახეთ, როგორც ძალიან ადრე, განსხვავებულ სოციალურ სახელმწიფოში ხდებოდა. ეს ყველაფერია, რამაც ყველას შოკი მოჰგვარა. ძალიან დიდი ფრუსტრაციაა და აქედან უნდა გამოვიდეთ. არის მოწოდებები საერთაშორისო გამოძიების დაწყებისკენ. ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე საუბრობენ. ასევე, პოლიტიკური პარტიები მუშაობენ, რომ უფრო ერთიანი, ცხადი სურათი დავინახოთ. ერთია, დარღვევებსა და გაყალბებაზე საუბარი, როგორც ეს ზოგიერთმა სადამკვირვებლო მისიებმა თქვეს, მაგრამ მეორეა, მანიპულაციის მასშტაბების ჩვენება. და სწორედ ამის კეთების პროცესში არიან, შეიძლება საერთაშორისო გამოძიებისკენ მოუწოდონ, არ ვიცი რას ფიქრობენ ამაზე.
ელით მაგალითად რევოლუციას ან არჩევნების თავიდან ჩატარებას?
როდის უნდა ელოდო ზოგადად რევოლუციას? ქვეყანაში ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი პრეზიდენტის ინსტიტუტია. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამ ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სტაბილურობა სჭირდება. ამიტომ არა, არ ველი რევოლუციას. ახლა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მკაფიო მუშაობას ვხედავთ, რათა მეტი მტკიცებულება წარადგინონ მასიური მანიპულაციის მანიპულაციის დასამტკიცებლად. ქვეყნის გარეთ და შიგნით წნეხი იქნება და ხალხი ქუჩებში მშვიდობიანად გამოვა და შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არჩევნების შედეგები ან გამართლდება, ან ახალი არჩევნები იქნება, არ ვიცი. ეს ის გადაწყვეტილებები და სტრატეგიაა, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ და არა პრეზიდენტმა. მე ჩემი ხალხის სიმართლის და ყველაზე მეტად, საქართველოს ევროპული გზის უკან ვდგავარ, რომელიც უნდა გადავარჩინოთ.
რის გაკეთებას ელით მაგალითად გაეროსგან, ევროკავშირისგან, ნატოსგან ან ნებისმიერი ქვეყნისგან?
ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან მკაფიოდაა მხარდაჭერილი მისი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან. დღეს პრეზიდენტს დუდასაც ვესაუბრე და სწორედ ამას ველით. რამდენიმე კვირის წინ, ევროპული საბჭოს ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება ვნახეთ. მმართველმა პარტიამ სასწორზე არსებულ ვერცერთ პუნქტზე ვერ დადო შედეგი, ბოლო პუნქტზეც კი, რომელიც დემოკრატიულ, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს მოითხოვდა. ასე რომ, ყველა ეს ზეწოლა და პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს და თუ რაღაც მომენტში ახალი არჩევნებისთვის მხარდაჭერას მოვითხოვთ, უნდა მივიღოთ, მათ შორის რეალური დახმარება. არ ვიცი ასე იქნება თუ არა, მაგრამ თუ აქამდე მივალთ იგივე არჩევნები, იგივე გარემოში ვერ გვექნება. გარკვეული გზებით უნდა იყოს დაცული, რათა უფრო სანდო იყოს. მაგრამ იქამდე არ მივსულვართ, ჯერ პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, ძალიან სტაბილური, ნათელი პროცესი უნდა იყოს, რომელსაც ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა მხარი უნდა დაუჭირონ; ჩვენს ევროპელ მოსახლეობას და პროევროპულ პარტიებს დაუჭირონ მხარი და მთავრობაზე, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის მხარეს მიდის, ზეწოლა მოახდინოს. რუსეთი ის ქვეყანაა, რომლის სხვადასხვა ლიდერებიც ამ არჩევნების მხარდამჭერებად გამოდიან, რაც საკმაოდ საინტერესოა.
გუშინ, თქვენს გამოსვლაში ყველაფერი რუსეთს დააბრალეთ და თქვით, რომ ეს რუსული სპეცოპერაცია იყო.
ისინი ერთადერთნი არიან, ვისაც ასეთი მასშტაბის დეტალებით, დახვეწილობითა და გაყალბების ინსტრუმენტებით შეუძლიათ დაგეგმვა და დახმარება, ეს FSB-ის ტიპიური ხელწერაა. პირდაპირ გააკეთეს ეს თუ მმართველმა პარტიამ მიიღო ინსპირაცია, ამას ვერასდროს დავამტკიცებთ, მაგრამ ჰიბრიდული ომისა და ჰიბრიდული თავდასხმის ბუნება ისეთია, რომ ბოლომდე ვერ დაამტკიცებ. რა მახასიათებლებიც ვნახეთ სწორედ ამ ტიპისაა. ზეგ მოლდოვას არჩევნების მეორე ტურია. რაც საქართველოს წინააღმდეგ ვერ გააკეთეს, ქვეყანაში, სადაც სამ ათწლეულზე მეტხანს მოსახლეობის 90% ევროპის მომხრეა და პროევროპულობის დიდი ისტორია აქვს, შეუძლიათ მოლდოვაში გააკეთონ. ასე რომ, ამ შესაძლებლობებს კარგად უნდა ვიცნობდეთ, იქნება ეს ქვეყნის მთავრობა, სხვადასხვა ტიპის პროპაგანდა თუ ფული, როგორც მოლდოვას შემთხვევაში იყო. ქვეყნები კარგად მომზადებულები უნდა იყვნენ ამ ახალი სახის თავდასხმებისთვის, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ წარიმართება.
და ფიქრობთ, რომ საქართველოში რუსული ჯარების შემოსვლა შესაძლებელია?
ისეთ ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, რომელსაც რუსული, საბჭოთა და შემდეგ ისევ რუსული თავდასხმები აქვს გამოვლილი, ვერასდროს იტყვი არასოდეს. არ ვიტყვი არასოდეს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთია რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველო და მოლდოვაა. ეს ჰიბრიდული პოლიტიკაა. რუსეთი სამხედრო პოლიტიკას უკრაინაში აწარმოებს. ერთადერთი პრევენცია, ერთადერთი სტაბილურობა, ერთადერთი მშვიდობიანი გზა, რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანებაა. და სწორედ ამას ბლოკავს ამ არჩევნების მოპარვა. სწორედ ეს გზაა, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომი იყო ბოლო წლების განმავლობაში და სწორედ ამიტომაა რუსეთის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლის გააქტიურება.
დავუბრუნდეთ არჩევნების ღამეს. ხმის მიცემის დასრულებისთანავეე, ძალიან მალე თქვენს სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ქართველების 52% ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ მისცა ხმა; რომ ქვეყნის მომავალი ევროპაში იქნება. რაზე დაყრდნობით გამოთქვით ეს მოსაზრება?
გამოკითხვებზე, ეგზიტპოლებზე, რომლებიც საქართველოში ყველა წინა არჩევნების დროს იყო და იყო ძალიან ზუსტი (2%-იანი სხვაობა მაქსიმუმ). მსგავსი სიტუაცია გვქონდა წინასაარჩევნო გამოკითხვებშიც, სადაც 70% პროევროპულობას აძლევდა ხმას იმ 30%-ის წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების ბოლოდროინდელ ორიენტაციას ემხრობოდნენ. და რაც სრულიად მოულოდნელი იყო (და რაც ფსიქოლოგიური ომის ნაწილია) ისაა, რომ შედეგები, რომლებიც დაიწერეს და არა მიიღეს, იყო იმის აბსოლუტურად შემოტრიალებული შედეგი, რასაც ეგზიტპოლებში ვხედავდით. სწორედ აქედან მომდინარეობს არა მარტო ჩემი, არამედ მოსახლეობის ფრუსტრაციაც.
სწორედ თქვენი კომენტარის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს გამარჯვება მიულოცა.
და? ის ქვეყნის გარეთაა. მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და ზუსტად ვიცოდი, თუ სად იყო საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური ნება. ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ზუსტად იგივეა. არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა გამოკითხვებში ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა 80% ჩამოსცდენოდა. 30 წელზე მეტია, ომის მიუხედავად, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა და ვერაფერმა შეგვაცვლევინა აზრი.
და არც მინდა დავიჯერო, რომ მოსახლეობის აზრის შეცვლა შესაძლებელია. ერთი რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს ისაა, რომ საქართველოში ორი საქართველო არაა - ერთი, რომელიც პრორუსულია და მეორე, რომელსაც ევროპისკენ წასვლა უნდა. არსებობს მხოლოდ ერთი საქართველო, რომელსაც ევროპა სურს და რომელიც საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, ევროპაში აღმოჩნდება.
ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსათვის.