გუშინდელ მანიფესტაციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქში. თქვენ მათ წინაშე განაცხადეთ : ,,თქვენი ხმები მოიპარეს, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას მოიპაროს ჩვენი მომავალი“. რის გაკეთებას აპირებთ ახლა?
ახლა ყველაფერი ნათელია. ამ მანიფესტაციის მიზანი იყო გვეთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა ვამბობთ, რომ ეს არჩევნები მოიპარეს, რადგან ცხადია, რომ ის ეწინააღმდეგება მთელი მოსახლეობის ევროპულ სურვილს. მოსახლეობისა, რომელიც წლების განმავლობაში, პრაქტიკულად დამოუკიდებლობის დღიდან ამბობს, რომ სურს იყოს ევროპელი, ყოველ გამოკითხვაზე დაახლოებით, 80%-ით და ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდა რუსული კანონის პირველი შემოღების შემდეგ და მიმდინარე წლის დასაწყისში ამ კანონის მეორედ შემოტანის შემდეგ, როდესაც მოსახლეობამ უდიდესი მანიფესტაციებით ძალიან ნათლად აჩვენა რამდენად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ამ ახალ ორიენტაციას, რომელიც ევროპული პერსპექტივის ნაცვლად, რუსეთისკენ მიდიოდა.
დღეს ვნახეთ რეაქცია.. საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ გარკვეული რაოდენობის ბიულეტენებს გადათვლის, რაც საარჩევნო უბნების დაახლოებით, 14%-ს წარმოადგენს. ამ ოპერაციიდან რამეს ელოდებით ?
არაფერს ველოდები ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, რომელიც მთლიანად ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ხელშია და მან აჩვენა ეს. მათ რეგიონებში ადგილობრივი კომისიები დააკომპლექტეს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრების ოჯახის წევრებით. ეს ყველაფერი კონტროლქვეშაა. ერთ-ერთი გზაა, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით და ისინი ამაზე დღეს უკვე საუბრობენ, რომ იყოს მხარდაჭერა საერთაშორისო გამოძიებით. ჩვენმა ორგანიზაციებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს და აგრძელებენ ახლაც, ეს გრძელვადიანი სამუშაოა, იმდენად ზოგადი, მრავალფორმიანი და დახვეწილი იყო ეს გაყალბება. ყოველდღე ამ გაყალბების ახალ ასპექტებს ვხედავთ, ან იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა ხელისუფლებაზე იმისათვის, რომ ის დასთანხმდეს ნამდვილად და სერიოზულად გადახედოს შედეგებს. ვიტყოდი, ეს ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია, კომპრომისის პოვნაა ამ არჩევნებზე, რომელიც არ მისცემს ტოტალურ ძალაუფლებას ამ ერთ პარტიას, რომელსაც როგორც მისი საარჩევნო პროგრამა აჩვენებს, მიჰყავს საქართველო რუსეთის მსგავსი რეჟიმისკენ.
თქვენ ბევრჯერ ახსენეთ რუსეთთან, ან ევროკავშირთან დაახლოება, ეს მოვლენების შუაგულშია. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მისი პრიორიტეტი, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით, კვლავ რჩება ევროკავშირში გაერთიანება, 2030 წელს, როგორც მან თქვა.
ეს პროპაგანდაა.
გჯერათ ამის?
დიახ. როდესაც ვხვდებით, რომ ვართ რუსული ინსპირაციის რეჟიმის წინაშე, საკმარისია გავიხსენოთ რუსული, ან კიდევ საბჭოთა დეკლარაციები, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო იყო და დღევანდელი რუსეთი ამბობს, რომ ის ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანაა. იგივეა, რაც თეთრი და შავი. ისინი აცხადებენ, რომ ევროპისკენ მიდიან, მაშინ როდესაც მიდიან რუსეთისკენ და ყველა ევროპელი მათ ეუბნება « ასე ევროპაში ვერ შეხვალთ, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს უახლეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ თქვათ, რომ მიდიხართ ევროპისკენ. »
რა გეგმები აქვს თქვენი აზრით ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, რა არის შემდეგი ეტაპი ?
შემდეგი ეტაპი არის ის, რაც დააანონსეს საარჩევნო კამპანიის დროს ; პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, უცხოელი აგენტების რუსული კანონის მთელი ძალით ამუშავება, რომელიც, როგორც რუსეთში გამოიწვევს სრულიად სამოქალაქო საზოგადოების კონტროლს. სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების და მედიის, და ეს რუსული რეჟიმია. ამის შემდეგ, რუსეთის ინტერვენცია საჭირო აღარ არის იმისათვის, რომ ქვეყანა რუსულ რეჟიმად აქციო. ეს დღეს წყდება. დღეს დასმული შეკითხვა, არა მხოლოდ საქართველოს და ქართველებისთვისაა, რადგან მათ პოზიცია ქუჩაში გამოსვლითაც შეუძლიათ გამოხატონ, მე შემიძლია ჩემი ხმით გამოვხატო, ჩემს ხმა სწვდება საზღვარგარეთ, მე მაქვს კონტაქტები, მაგრამ ნამდვილი საშუალებები ჩვენს ხელთ არ არის, არამედ ჩვენი პარტნიორების ხელთაა. მათ აქვთ ზეწოლის საშუალება, რომელიც ახლა უნდა გამოიყენონ, შემდეგ ძალიან გვიან იქნება.
გვითხარით, რომ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ქვეყანაში ჩამოვიდა ვიქტორ ორბანია, რომელსაც ვიცნობთ, როგორც რუსეთთან დაახლოებულ პირს. ისურვებდით რომ სხვა ლიდერებიც ჩამოვიდნენ თბილისში?
არა, საქმე ამაში არ არის. შეიძლება ასეც მოხდეს, გამორიცხული არაფერია, თუ დავუჯერებთ იმას, რასაც საუბრებისას მიცხადებენ. მთავარი ახლა ევროპული თანამეგობრობისა და ევროპელი ლიდერების მხრიდან გადაწყვეტილების ერთიანობაა. ვიზიტი სიმბოლურია, შეიძლება მოხდეს კიდეც, ვნახოთ, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ იგრძნოს მხარდაჭერა და ამას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, თუ იქნება ნამდვილი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოიპარა არჩევნები და მოპარა მის მოსახლეობას ევროპული მომავალი, რომელიც ჩვენს კართან იყო.
რა უნდა მოხდეს, ახალი კენჭისყრა ჩატარდეს?
კიდევ ერთხელ, როგორც უკვე გითხარით, ან იქნება იმხელა ზეწოლა, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას გადახედოს შედეგებს და უარი თქვას მოპარულ ხმებზე, რაც ვიტყოდი უფრო ადვილი გზაა; მეორე კი, განმეორებითი არჩევნების იძულებაა, რომელიც ახლა უკვე ნაწილობრივ საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარდება, რადგან ამ საარჩევნო კომისიას ახალი არჩევნების ჩატარებას ვერ დავანებებთ. რადგან არაფერი არ შეიცვლება და იგივე იქნება.
გმადლობთ.