ინტერვიუ Le Point-თან

ინტერვიუ Le Point-თან

სალომე ზურაბიშვილი: რუსულ საფრთხეს საზღვარი აღარ აქვს

საქართველოს პრეზიდენტი გმობს კრემლის მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომს და აპროტესტებს საკანონმდებლო არჩევნებში პრორუსული პარტიის გამარჯვებას.

პრორუსულმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც 12 წელია მმართველობაშია, 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. პროევროპული ოპოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გმობს შედეგების მანიპულირებას და ორშაბათს საღამოს საქართველოში საპროტესტო აქციის გამართვისაკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი არჩევნების შესაძლო გაყალბების გამოძიებას ითხოვენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54% მოიპოვა, რაც მას პარლამენტში 150-დან, დიდ უმრავლესობას, 89 მანდატს მოუტანს, ევროკავშირის მომხრე კოალიციის 38%-თან შედარებით. მთავრობას გამიჯნულმა სახელმწიფოს მეთაურმა ინტერვიუ Le Point-ს მისცა.

თქვენ გმობთ არჩევნების "ტოტალურ გაყალბებას". შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ, როგორ იყო ეს ორკესტრირებული?

ორკესტრირების ყველა ზუსტ დეტალს ვერ მოგახსენებთ. თუმცა, გაყალბების ყველა ცნობილი რესურსი იქნა გამოყენებული, მათ შორის ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც აქ პირველად იქნა გამოყენებული და არაპროგნოზირებადი იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის. ეს არის ძალიან დახვეწილი და ორგანიზებული ოპერაცია. მობილიზებული იყო ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნის დესტაბილიზაციისა და ყურადღების გადატანის მიზნით, მაშინ როცა სხვა მოქმედებები სხვა ადგილებში ხდებოდა. 

რა არის ეს ახალი ტექნოლოგიები? 

ეს არის ელექტრონული ხმის მიცემის მოწყობილობები, რომლებიც მართალია, ავტონომიური უნდა იყოს, მაგრამ დანიშნულებისამებრ არ იყო გამოყენებული. მათ იყენებდნენ როგორც „კარუსელს“- ხალხს აძლევდა საშუალებას ნასესხები პირადობის მოწმობებით, გადამოწმების შესაძლებლობის გარეშე სხვადასხვა უბაზნე მრავალჯერ მიეცათ ხმა.

საკმარისია თუ არა ეს არაკეთილსინდისიერი ქმედებები არჩევნების შედეგის გასაუქმებლად? 

ძალიან სერიოზული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა, რომელიც ყოველთვის ზუსტი იყო, 2%-იანი ცდომილების ფარგლებში, გამარჯვება ოპოზიციას მიაკუთვნა. ამას ვხედავთ საზღვარგარეთ გამართული კენჭისყრის შედეგებშიც, სადაც ოპოზიცია 80-85%-ით იმარჯვებს. საზღვარგარეთ გაყალბება ვერ მოხერხდა, თუმცა სხვა დაბრკოლებები არსებობდა: დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის დაბლოკვა, მიუხედავად საქართველოს მილიონი მოქალაქის საზღვარგარეთ ყოფნისა, ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და არსებული ოფისების ორგანიზებული გადატვირთვა. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლებს ირჩევს ცენტრალური კომისია მთლიანად. ამ კომისიებიდან გამორიცხული იყვნენ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი წარმომადგენლები.

რატომ უმიზნებს რუსეთი თქვენს ქვეყანას? 

ჩვენს ქვეყანას რუსეთი ბოლო პერიოდში სამჯერ დაესხა თავს. მანამდე ჩვენ განვიცადეთ საბჭოთა კავშირის ბატონობა, რომელმაც გაანადგურა ჩვენი ეკლესია და საზოგადოება, მანამდე კი რუსეთის იმპერია. ყოფილ საბჭოთა სფეროში რუსეთი აგრძელებს მოქმედებას სხვადასხვა საშუალებებით: პროპაგანდა, დესტაბილიზაცია - ეს არის ტიპიური რუსული წარმოების ჰიბრიდული ომი. 

რა გზავნილი გსურთ გაუგზავნოთ ევროკავშირის ლიდერებს?  

საქართველო ჰიბრიდული ომის მსხვერპლია. რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ომის სხვა ფორმას აწარმოებს, რომელშიც ჩვენ გვჭირდება დაცვა და მხარდაჭერა. მოსახლეობას, რომელიც 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ორიენტაციას, მხარდაჭერა სჭირდება. დღევანდელი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ორიენტაცია კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, დღეს ამ პრინციპების მიმართ არაერთგულად მოქმედებს, აშკარად რუსეთის ზეწოლის ქვეშ.

გრძნობთ თუ არა საკმარის მხარდაჭერას ევროპელი ლიდერების მხრიდან?

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ არასდროს ვართ საკმარისად მხარდაჭერილი, მაგრამ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. მათ ეს გააკეთეს მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ჩვენი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რათა დაეცვათ ქვეყანა რუსეთის მიერ შთაგონებული კანონებისგან, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას რეპრესიებით ემუქრება. ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ და ვიცი, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა იციან, რომელ მხარეს უნდა იდგნენ.

მოსახლეობამ ევროპისგან რატომ უნდა იგრძნოს შეშფოთება? 

ჩვენ ვართ ფრონტის წინა ხაზზე რუსეთის პირისპირ. ჩვენ ვაჩვენებთ, რა შეიძლება ამ ქვეყანას, მეზობლებს გაუკეთოს. რუსეთი პროპაგანდისა და დესტაბილიზაციის ამ მეთოდებს ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს არჩევნებშიც იყენებს. აღარ არსებობს რუსული საფრთხის საზღვრები, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დათანხმდება პატივი სცეს მეზობლების საზღვრებს და ჰქონდეს ნორმალური და ცივილიზებული ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მოგვპარონ. მოსახლეობას სჯეროდა, რომ შეძლებდნენ ხმის დემოკრატიულად მიცემას, რათა დაბრუნებოდნენ ევროპულ მომავალს - ეს იყო ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა, ვიდრე ძალაუფლება. საუბარი იყო კანდიდატის სტატუსით გახსნილი გზის სწრაფად აღდგენაზე, რომელსაც მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა მივეყვანეთ. სწორედ ამას მისცა საქართველომ ხმა და სწორედ ამიტომ გამოვა ქუჩაში ამ არჩევანისა და მისი ევროპული მომავლის დასაცავად.

ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?

ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ.

სხვა სიახლეები