საქართველო: პრეზიდენტი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი ოქტომბრის არჩევნებში პროევროპელების გამარჯვებაზე
საქართველოს პროევროპელი და ქვეყნის პრორუს მთავრობასთან დაპირისპირებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, AFP-სთან სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ "საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი" 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნებში (რომელსაც ის საქართველოსთვის ეგზისტენციალურს უწოდებს), მისი ბანაკის გამარჯვებასთან დაკავშირებით.
მმართველი კონსერვატიული პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის წარმატება იქნება „თავისუფლებისგან დაშორება“ და რუსეთის უღლის ქვეშ - „წარსულში“ დაბრუნება, „რომელშიც საქართველოს აღარ აქვს სრული სუვერენიტეტი და სრული დამოუკიდებლობა ”, - დასძინა მან.
კითხვა: საქართველოს მთავრობასთან მორიგი წაგებული ბრძოლის შემდეგ, რომლის შედეგადაც ხუთშაბათს გამოქვეყნდა საკამათო კანონი, რომელიც ზღუდავს ლგბტ+ ადამიანების უფლებებს, როგორ ხედავთ 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნებს?
ჩვენ გვაქვს კვაზი რეფერენდუმი არჩევანზე ევროპასა და გაურკვეველ რუსულ წარსულში დაბრუნებას შორის. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 80%-იანი მაჩვენებლით ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ევროპის მომხრეა, უცებ უარს არ იტყვის. დღეს, გამოკითხვები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პროევროპულ პარტიებს უმრავლესობა უჭერს მხარს და რომ ძალაუფლებაში მყოფი პარტია ხმების მხოლოდ 30%-ს აგროვებს, ამას დამატებული გაყალბების 10%. ახლა ისინი უფრო მეტის გაყალბებას ცდილობენ. ისინი ხელს უშლიან დიასპორას ხმის მიცემაში, მაგრამ გაყალბება ვერ აღემატება მოსახლეობის მნიშვნელოვან მობილიზაციას.
როგორ გესმით ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოზიცია?
ის იმ პარტიის სათავეში იყო, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას კლასიკური, პროევროპული, პროატლანტიკური პარტია იყო. პირველი წლები ნორმალური იყო საგარეო პოლიტიკის მხრივ. მისი ორიენტაცია შეიცვალა 2021 წლიდან და კიდევ უფრო დაჩქარდა უკრაინაში ომით, მის მიერ სანქციებში მონაწილეობაზე უარის თქმით. ნელ-ნელა ის სულ უფრო და უფრო ღიად გადაიხარა ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, როგორც რიტორიკაში, ასევე მიღებულ გადაწყვეტილებებში. ისევე როგორც ეს დაგროვებული ბოლოდროინდელი კანონები, რომელიც არამარტო არ იძლევა ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი რეფორმების განხორციელების საშუალებას, არამედ პირიქით, ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენგან ითხოვენ.
როგორ ფიქრობთ, რა კავშირი აქვს ბატონ ივანიშვილს რუსეთთან?
მე არ ვიცი რა კავშირები შეიძლება ჰქონდეს ბატონ ივანიშვილს ან მის გარშემო მყოფ ადამიანებს რუს ლიდერებთან ან რუსულ სამსახურებთან. (...) მე სრულიად მოწყვეტილი ვარ მმართველი წრისგან, ხელისუფლებისგან, რომელიც არ მხვდება, განზე მტოვებს, აღარ განმიხილავს პრეზიდენტად მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტის მცდელობა არ გამოუვიდათ [ამ თვალსაზრისით კენჭისყრა ჩაიშალა საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ოქტომბერში] (რედაქტორის შენიშვნა).
როგორ უმკლავდებით ამგვარ განზე დგომას?
დიდად არ მაღელვებს განდევნა იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც ასე აშკარად პრორუსული და ანტიევროპული გახდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს მე ვარ მოსახლეობის ევროპული ხმა და ამით მე მაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი მისია ამ ეგზისტენციალური არჩევნების დროს.
თქვენ ხუთშაბათს შეხვდით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. რა გარანტიები გაქვთ ევროკავშირში საქართველოს მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით?
ჩემი ევროპული ტური ზუსტად იმისთვის იყო, რომ გადამემოწმებინა გერმანიის და პოლონეთის ლიდერებთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან, შარლ მიშელთან და ემანუელ მაკრონთან, რომ როგორც კი საქართველო და საქართველოს მოსახლეობა არჩევნებში თავის ევროპულ გზას დაადასტურებს, ჩვენი პარტნიორები მზად იქნებიან ხელახლა დაუბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზას. შეგვეძლო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა გაზაფხულზე გვქონოდა. „თუ ეს არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ასეთი შეურაცხმყოფელი რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ადანაშაულებდა ევროპელებსა და ამერიკელებს საქართველოში რევოლუციის გაღვივებაში..
რა მოხდება, თუ 26 ოქტომბერს მოწინააღმდეგე ბანაკი გაიმარჯვებს?
ასეთი სცენარი ნიშნავს ევროპასთან, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან დაშორება, ეს იქნება წარსულში დაბრუნება, რომელშიც საქართველოს აღარ აქვს სრული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.