საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნება "შესაძლოა გეგმა იყოს", - ამბობს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპის დედაქალაქებში ვიზიტების გამო იმპიჩმენტის მეორე მცდელობა ემუქრება.
"სად მიგყავთ საქართველო?"
ეს არის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან, მილიარდერ ოლიგარქთან, რომლის გავლენითაც საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს ამშვიდებდა ქვეყნის ევროპული მომავლის საზიანოდ.
„მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების, მაგრამ შეიძლება გეგმა იყოს“, - განუცხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა ინტერვიუში POLITICO-ს. „შესაძლოა, [ივანიშვილის] კავშირები მოსკოვთან ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა“.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ევროპული გზისადმი ერთგულების უეცარი გადატრიალების საფუძველი ფუნდამენტურად დამაბნეველი რჩება ზურაბიშვილისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მხრიდან ზეწოლა ერთ-ერთი შესაძლებლობაა, დასძენს იგი, მტკიცებულების გარეშე რთულია გენერალურ გეგმაზე საუბარი.
„საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი რისკი რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იზრდება მაშინ, როდესაც საქართველო იზოლირებულია პარტნიორებისგან, როცა ის მარტოა, გაყოფილი და სუსტია. ამის ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ მაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, განსაზღვრავს, გაამაგრებს თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყნის ადგილს რუსული გავლენის სფეროში, თუ ქვეყანას პროდასავლური ოპოზიცია წარმართავს, რომელიც [ხალხს] ევროკავშირთან და შეერთებული შტატებთან კავშირების აღდგენას დაჰპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის და მისი მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკის გამო.
მაისში მმართველმა პარტიამ მიიღო რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.
კანონპროექტმა ქართული და საერთაშორისო ჯგუფების ფართო გამოხმაურება გამოიწვია, ევროკავშირმა გაფრთხილება გასცა, რომ თბილისის ბლოკში გაწევრიანება არ განიხილება, თუ ის ხელახლა არ დადგება ევროპულ გზაზე. თავის მხრივ, ქართული ოცნების მთავრობა კიდევ უფრო მტრულად განეწყო დასავლელი პარტნიორების მიმართ, ადანაშაულებდნენ რა მათ ხელისუფლების დამხობისა და საქართველოში უკრაინის ომის მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში.
ამ ცვლილებას რუსეთში მიესალმნენ, სახელმწიფო მედიასაშუალება RT-ს მთავარმა რედაქტორმა შეაქო ივანიშვილის მთავრობა "შემაშფოთებელად სათანადო" მოქმედებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე შეაქო საქართველოს მთავრობა დასავლური დღის წესრიგის წინააღმდეგობის გაწევისთვის და უცხოური გავლენისა და ლგბტ+ პროპაგანდის შესახებ კანონების მიღებისთვის.
როგორც ,,ქართული ოცნება“ ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, მისი კავშირები მოსკოვთან დიდი ხანია გაუქმებულია. ანტიკორუფციული გამოცემის OCCRP-ის ბოლო გამოძიების თანახმად, ივანიშვილის ოჯახი ჯერ კიდევ ფლობს და სარგებლობს მოსკოვში არსებული საკუთრებით - ბრალდებები, რომელსაც პარტიამ ცრუ უწოდა და უარყო.
მომავალი სასწორზეა
ოქტომბრის არჩევნები "ეგზისტენციალურია", - თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ ფრთხილი იყო მათი შედეგების წინასწარმეტყველებაში. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ,,ქართული ოცნება“ ხმების 32 პროცენტით ლიდერობს.
იგი იმედოვნებს, რომ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ და ,,ქართული ოცნება“ ვერ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუმცა აღიარა, რომ შესაძლოა, მაინც მოიპოვოს ხმების მნიშვნელოვანი წილი არჩევნების გაყალბების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
და მან ზუსტად არ იცის, რა პოლიტიკას გაატარებს ,,ქართული ოცნება“ - შეასრულებს თუ არა მთავრობა თავის რადიკალურ დაპირებებს, როგორიცაა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თუ ეცდება ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას.
„მათთვის საკმაოდ რთული იქნება ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან რაიმე სახის ურთიერთობების განახლება იმ რაოდენობის თავდასხმების შემდეგ, რასაც ისინი ახორციელებენ“, - თქვა მან.
,,არ ვიცი, არიან თუ არა ისინი იმ განწყობაზე, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდნენ, რათა დაუბრუნდნენ საქმეს“, - განაგრძო მან და მაგალითად მოიყვანა ,,უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გაუქმება.
მომავალი არჩევნების წინ, ზურაბიშვილმა დაიწყო ტური ევროპის დედაქალაქებში, რათა გამოეცხადებინა ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, მიუხედავად მათი მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკისა.
თუმცა, იმის გამო, რომ ეს ვიზიტები არ იყო ავტორიზებული ხელისუფლების მიერ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მის იმპიჩმენტს ცდილობს - მეორედ, გასულ წელს პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა ამ წლის ბოლოს დასრულდება.
კითხვაზე, თუ რას გრძნობს იგი თავის მემკვიდრეობაზე, მან სიამაყე გამოხატა ოპოზიციის გაერთიანების მცდელობის მიმართ. მაისში მან წარადგინა ქართული ქარტია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე პროევროპულ პარტიას საერთო რეფორმების მიზნებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ვალდებულებების ფარგლებში.
მისი ყველაზე დიდი სინანული? „ჩვენ ხელიდან გავუშვით [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის პირველი შანსი“.
„თუ პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე ალბათ მათთან ერთად ვიქნები, რათა ეს ქარტია მომავალ ევროპულ საბჭოზე გავიტანო და მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველვყო, ნებისმიერ პოზიციაზე - და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. “ – განაცხადა ზურაბიშვილმა.