საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს გაფრთხილებას რუსეთის მარიონეტული მთავრობის მიერ საკვანძო არჩევნების გაყალბების შესახებ
კავკასიის რეგიონში მდებარე სახელმწიფოში, ავტორიტარული სიმპტომების ფონზე, არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პროევროპელი ლიდერი ხელისუფლებას არარეგულარულ საარჩევნო მანევრებში ადანაშაულებს.
მსოფლიოში დემოკრატიულ და ავტორიტარულ ძალებს შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. დაძაბულობა სხვადასხვა დროს და პლანეტის სხვადასხვა ადგილას ჩნდება. დღეს უკრაინა თავისი სასტიკი ომით ამ დაძაბულობის ეპიცენტრია. თუმცა, ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველო წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ადგილს ამ დიდ ბრძოლაში. ქვეყანას 26-ში საკანონმდებლო არჩევნები ელის, რომელიც გზაჯვარედინზეა პრორუსულ ავტორიტარულ ჭაში ჩაძირვისა და დემოკრატიულ გზაზე დარჩენისა და ევროინტეგრაციის იმედს შორის. სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი - გმობს ფაქტს, რომ 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია ..ქართული ოცნების“ ავტორიტარულმა მიდგომამ და თაღლითურმა წინასაარჩევნო მანევრებმა გამოიწვია კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვა. თუმცა, იგი იმედოვნებს, რომ ამომრჩეველთა მასიური მობილიზება შეძლებს დაძლიოს ჩრდილოვანი ოპერაციები.
„აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უკვე წააგო. მისი მხარდაჭერა არის დაახლოებით 30%, და თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართავენ მეთოდს, რასაც მე ვუწოდებ "ჩვეულ თაღლითობას", მათ შეუძლიათ ამ მაჩვენებლის 40%-მდე გაზრდა. ესეც საკმაოდ გულუხვი რიცხვია” - განაცხადა პრეზიდენტმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ათეულობით ექსპერტი და ოთხი ჟურნალისტისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ესწრებოდა.
,,იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ გარისკავს არჩევნების მოპარვას,” - თქვა მან. „მსურს, განვასხვაო არჩევნების გაყალბება, რომლის მოწმეც არაერთხელ გავმხდარვართ და რაშიც ეჭვი არ მეპარება - და დაბრკოლებები, რომლებიც შეიქმნა დიასპორისთვის ხმის მიცემის გასართულებლად,“ - თქვა მან.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ თაღლითობის რამდენიმე შემთხვევა და ეს არის თითქმის რაოდენობრივად განსაზღვრული, დაახლოებით 10%. თუმცა, მე მჯერა, რომ ამომრჩეველთა მასიური მობილიზება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ამ პრობლემებს დაუპირისპირდება. მთავარი პრობლემა და ტრაგედია იქნება, თუ გაბედეს არჩევნების მოპარვა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი; არ მჯერა, რომ ისინი ამ რისკზე წავლენ, მით უმეტეს, თუ იქნება მკაფიო მობილიზაცია მოსახლეობაში“.
,,ქართული ოცნების“ ავტორიტარული მიდგომის წინაშე - რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კანონების კოლონიზაციისგან შედგება და ახშობს განსხვავებულ აზრს სამოქალაქო საზოგადოებაში - სხვადასხვა ინსპირაციის მქონე ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩამოაყალიბა ერთგვარი საერთო ფრონტი, რათა ხელი შეეშალა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის. ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს აირჩიეს უმაღლეს თანამდებობაზე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი (მაგრამ ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით), მთელი თავისი ვადის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მის თანამდებობას შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, წინააღმდეგობის ძალა გახდა ამ პარტიის საქმიანობის მიმართ.
მან გამოიყენა ვეტოს უფლება ,,ქართული ოცნების“ ყველაზე საკამათო კანონების მოსაგერიებლად - უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც აწესებს სტიგმას და აფერხებს უცხოური დაფინანსებით მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოქმედებას რუსეთის 2012 წლის კანონის მსგავსი ფორმატით. პარლამენტმა საბოლოოდ მაინც მიიღო კანონპროექტი, პრეზიდენტის წინააღმდეგ კი გამოიყენა იმპიჩმენტის წარუმატებელი მცდელობა. ის ახლა ერთგვარი გზამკვლევისა და არბიტრაჟის როლს ასრულებს ჰეტეროგენული ოპოზიციური კოალიციისთვის.
„ძნელია, მთელი სიმძაფრით გამოვხატო, რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი. მრავალი წელია, საქართველო არჩევნების წინ ასეთი გადამწყვეტი შემობრუნების წინაშე არ ყოფილა. ამჯერად საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არჩევაზე, როგორც წარსულში, არამედ ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაზე: განაგრძობს თუ არა ქვეყანა ევროპულ გზას, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ესწრაფვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ანალიტიკური ცენტრების Gnomon Wise-ისა და CIDOB-ის მიერ ორგანიზებული სასწავლო ტურის ფარგლებში და ბერტელსმანის ფონდის, საქართველოს უნივერსიტეტისა და Impact Forum-ის ნაწილობრივი დაფინანსებით გაიმართა.
მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ ზრახვებსა და რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკაში, რომელიც თავიდან პროევროპულ მიდგომებს ინარჩუნებდა და დღესაც, მიუხედავად ავტორიტარული ქმედებებისა, რომლებიც ევროკავშირის ანტითეზაა, ცალსახად არ საუბრობს ევროპული გზის მიტოვების სურვილზე, ზურაბიშვილს ხმამაღალი გზავნილი აქვს. ”ის, რაც აქ რუსებს აქვთ, პრაქტიკულად მარიონეტული რეჟიმია, რომელიც მათთვის მოქმედებს და იყენებს მათ მეთოდებს“. „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, ბიზნესმენი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა.
,,ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი"
ივანიშვილმა ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში დაუჭირა მხარი. დღეს ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ მათ შორის არის ფართო და მაღალი ნდობა პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ითვლება „ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტად“ საქართველოში.
ოპოზიციური კოალიციის ჰეტეროგენული ბუნება და აშკარად გამოკვეთილი პარტიის ლიდერის არარსებობა პრეზიდენტს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში. ზურაბიშვილი, რომელიც 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, საფრანგეთში გაქცეულ ოჯახში დაიბადა, ამ თანამდებობას პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისა და კოალიციაში საერთო მნიშვნელის განსაზღვრისთვის იყენებს.
„მე ოთხ პროევროპულ პარტიასთან ერთად გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ,,ქართულ ქარტიაზე“. ოთხივემ ხელი მოაწერა მას. ქარტიაში მოცემულია სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად: ბოლო თვეებში მიღებული ანტიევროპული კანონების გაუქმება, ამნისტია მარტისა და აპრილის საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა, ან დაჯარიმებულთათვის და რიგი ღონისძიებები, რომლებიც პარლამენტმა სწრაფად უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების სისტემის გადამწყვეტი რეფორმის დასაწყებად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მთავრობა უნდა იყოს უაღრესად ტექნიკური. „მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ტექნიკური მთავრობის იდეას, იმ პირობით, რომ ის ჩამოყალიბდება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც შედგება პირებისგან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური კუთვნილების გარეშე. ეს მიდგომა არის პირდაპირი გზა დეპოლარიზაციისკენ, რომელშიც მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფონი და დიდი წყენა ერთმანეთის მიმართ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოებრივი აზრი, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ასახავს პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას“, - ამბობს ის.
პრეზიდენტი ამ მსჯელობით არსებით სენსიტიურ საკითხს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარული მიდგომის ძალიან აშკარა ნიშნები აქვს, ოპოზიციური პარტიების და ლიდერების წარსული ღრმა ეჭვს იწვევს ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში. 2003 წლის ე. წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული გაზაფხულის დაპირება ღრმად საეჭვო შედეგით დასრულდა, რამაც დიდი მტრობა გამოიწვია მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ოპოზიციური კოალიციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს კონტექსტი არის ზურაბიშვილის ვალდებულების გასაღები - ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილის დროს, რომელმაც შესთავაზა მას ეს პოსტი ტექნიკურ მთავრობაში, როდესაც ზურაბიშვილი ფრანგი დიპლომატი იყო. სწორედ ეს ისტორიაა იმის მიზეზი, რომ ავტორიტარული ,,ქართული ოცნების“ საბოლოო დამარცხება დემოკრატიულ იმედს და ევროპულ გზას წარმოადგენს და არა გარანტიას.
მაგრამ ამისთვის საჭიროა არჩევნების მოგება როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში. ბევრი ეჭვი არსებობს იმის თაობაზე, მისცემს თუ არა ,,ქართული ოცნება“ მათ უფლებას, რომ არჩევნები ჩატარდეს სრული კანონზომიერებით და შემდეგ აღიაროს საბოლოო დამარცხება. ზურაბიშვილი არის ფიგურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ასევე ევროპასთან მისი კონტაქტების გამო. შეხვედრა, რომელზეც მან ამ მოხსენებაში წარმოდგენილ იდეებზე ისაუბრა, შედგა ევროპის დედაქალაქებში ტურის შემდეგ, სადაც სხვათა შორის, იგი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.