Euractiv-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ევროპელი პარტნიორები მზად იქნებიან დაგვაბრუნონ“ გაწევრიანების გზაზე.
ევროკავშირმა საქართველოს შიდა სიტუაციის შესაძლო გაუარესებაზე რეაგირების სხვადასხვა ვერსია უნდა განიხილოს, განუცხადა Euractiv-ს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ.
საქართველოს გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ სამი კვირა აშორებს [26 ოქტომბერს]. რა მოლოდინი გაქვთ ორივე შესაძლო სცენარზე?
შემიძლია მხოლოდ ერთ სცენარს ველოდო. პროევროპული ძალები, რომლებიც ყოველთვის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ, რომლებიც გასული წლის მარტში ქუჩაში საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ, ეს ძალები არჩევნებშიც გამოხატავენ თავიანთ ძალიან დიდ სურვილს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე შეინარჩუნონ.
რამდენად გაწუხებთ შიდა დაძაბულობა? არსებობს სერიოზული შეშფოთება არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. როგორ ემზადებით ამისთვის?
რუსეთს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში შეუძლია გააღვივოს დაძაბულობა და ამისათვის მზადება (რასაც ყველა მოქალაქეს ვეუბნები), არჩევნებზე მასიურად გამოცხადება და ხმის მიცემაა.
მობილიზაცია უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რადგან ეს ტრადიციული გზაა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოში არჩევნების ჩაგდების ან არჩევნების შედეგების გაყალბების ნებისმიერი მცდელობა დაამარცხო.
ჩვენ მობილიზაციის კარგი დონე გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე ქუჩაში გამოდიოდნენ, ხმის მიცემას პირველად აპირებენ, როცა აქამდე არჩევნების მიმართ საკმაოდ გულგრილები იყვნენ. ისინი კი, ნახევარ მილიონ ახალ ამომრჩეველს წარმოადგენენ.
ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დიასპორა ძალიან აქტიურადაა მობილიზებული მაშინაც კი, თუ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.
მაგრამ ეს ასევე საზოგადოების მობილიზების კარგი ნიშანია.
ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობა რუსული სტილის „უცხოელი აგენტის“ კანონს იღებდა. როგორ ფიქრობთ არჩევნბზე ეს გავლენას მოახდენს?
ის უკვე მოქმედებს, მაგრამ ეს სამოქალაქო საზოგადოების აღკვეთისთვის საკმარისი არაა.
დიახ, მათზე ზეწოლა განხორციელდა. დიახ, დაჯარიმების საფრთხის ქვეშ არიან. მაგრამ ეს ყველაფერი არჩევნების შემდეგ მოხდება [თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს].
და გარკვეულწილად, ეს კიდევ უფრო ძლიერი მოტივაციაა არასამთავრობო ორგანიზაციის სხვადასხვა სექტორში ჩართული ადამიანებისათვის ხმა მისცენ პროევროპულ პარტიებს და ხელი შეუშალონ უმრავლესობას დარჩეს ხელისუფლებაში.
როგორია თქვენი შეხედულება ევროკავშირის რეაგირებაზე არა მხოლოდ ამ კანონის, არამედ სხვა პრობლემური კანონების მიღებაზე? ბრიუსელში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში...
ცხადია, ევროკავშირი არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის განსხვავებულ ვარიანტებს განიხილავს. და ეს ძალიან სწორია, რადგან დემოკრატიული ქვეყნები დემოკრატიულად რეაგირებენ, რომ თუ ამომრჩევლები გადაწყვეტენ, რომ სურთ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელონ, მაშინ რაიმე სახის სანქციები ან შეზღუდვები არ უნდა იყოს.
ამის საწინააღმდეგოდ, თუ შემთხვევით სხვანაირი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამ მმართველ უმრავლესობას ახალი უმრავლესობა ექნება, მაშინ ცხადია, ევროკავშირს ექნება ლეგიტიმაცია, განიხილოს ყველა ის განსხვავებული ვარიანტი, რაც მათ აქვთ.
ფიქრობთ, რომ საერთაშორისო წნეხი მუშაობს? იმუშავა თუ არა ბოლო რამდენიმე კვირაში და თვეში?
როგორც ვთქვი, პირდაპირი ზეწოლა არ ყოფილა. იყო მხოლოდ იმის გამოხატვა, რა იქნებოდა შესაძლო შედეგი, თუ საქართველო გზის გაგრძელებას გადაწყვეტს, დავარქვათ პრორუსული თუ ანტიევროპული გზა, რადგან რიტორიკა მართლაც ძალიან ანტიევროპული გახდა.
ძალიან უდროო იქნებოდა, მაგალითად, ოქტომბრის არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.
ქართველი ხალხი წინასწარ სანქციას არ იმსახურებს, მით უმეტეს, როცა ქუჩაში არაერთხელ აჩვენა, რომ საკუთარ ევროპულ წარსულსა და აწმყოს ნამდვილად შეესაბამება.
სხვაგვარად იქნება თუ არჩევნების შედეგი სხვა იქნება. ევროპელი პარტნიორები, ალბათ, გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რა სურს საქართველოს მოსახლეობას.
ელით თუ არა ევროკავშირის მოქმედებას, თუ არჩევნების შემდეგ სიტუაცია გაუარესდება?
ოქტომბერში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი საზრუნავი ამ ვარიანტებისთვის მომზადება არაა; ჩემი საზრუნავია ბრიუსელში, ბერლინში, ვარშავასა და დღეს პარიზში შეხვედრებისას ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვთხოვო - როგორც კი ქართველი ხალხი პროევროპულ პლატფორმას დაუჭერს მხარს, დავუბრუნდებით [ევროპულ] გზას, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მზად იყვნენ კვლავ მიგვიღონ ამ [ევროპულ] გზაზე და მოვემზადოთ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასაწყებად.
ესაა ჩემი გზავნილი აქ და მე არ ვცდილობ ვიწინასწარმეტყველო რა მოხდება, თუ რამე არასწორად წავა.
თქვენი მანდატი იწურება მას შემდეგ, რაც საქართველოს მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ვინაიდან ეს პროევროპული საარჩევნო პლატფორმა თქვენი შეთავაზებულია და მას ძლიერ ლობირებდით, გეგმავთ თუ არა მასში მონაწილეობას არჩევნების შემდეგ?
დარწმუნებული ვარ, თუ არჩევნები იმ მიმართულებით წავა, როგორც ვფიქრობ, ქარტიის განხორციელება ძალიან მალე უნდა დაიწყოს და ასევე, უნდა იყოს მთავრობის ფორმირების ტაქტიკა, რაც ქარტიაშია მოცემული, რადგან კოალიციური მთავრობაზე საუბარი ამ ეტაპზე ჯერ ადრეა.
იმ პროცესში, რომელშიც ჩვენ ვართ, გეგმის ტექნიკური ასპექტების განსახორციელებლად ტექნიკური მთავრობა დაგვჭირდება და მე მზად ვიქნები მხარი დავუჭირო ამ გეგმას და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დაბრუნებას ნებისმიერი ფორმით, სადაც საჭირო ვიქნები.