ინტერვიუ The Kyiv Independent-თან

ინტერვიუ The Kyiv Independent-თან 

გამარჯობა, მე მარტინ ფორნუსეკი ვარ „The Kyiv Independent“-დან და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს ვაშუქებ. ჩვენ ევროპელ მაღალჩინოსნებს გავესაუბრებით, რათა უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა და ნატოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები განვიხილოთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ, ,,უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი და ანტილგბტ კანონმდებლობა მიიღო, რომელიც რუსეთის კანონმდებლობას წააგავს. რატომ მიიღო მმართველმა პარტიამ ეს კანონპროექტი ქვეყანაში არსებული და დასავლელი პარტნიორების პროტესტის მიუხედავად?

ეს მათ უნდა ჰკითხო და არა მე. მე ამ კანონს ვეწინააღმდეგები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა ორჯერ, ერთხელ შარშან ქუჩაში, მეორედ წელს. ამ კანონს ვეტო დავადე, შემდეგ დავამ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა, თუმცა უშედეგოდ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო აჭიანურებს ამ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებას, მაგრამ რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ეს ძალიან ჰგავს რუსების Modus operandi, როდესაც ისინი თავიანთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას  ცდილობდნენ. ასე დაიწყეს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი და მათზე ზეწოლის მოხდენა. დღეს სწორედ ეს ხდება საქართველოში, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან არჩევნების წინ ხდება, მაშინ, როცა ამ ორგანიზაციებმა არჩევნების მონიტორინგისა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ.

ათი წლის წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განიხილებოდა, როგორც ყველაზე მომზადებული ქვეყანა, როგორც კანონის უზენაესობის, ისე კანონმდებლობის თვალსაზრისით. ახლა ის ჩამორჩება და პროცესი ფაქტობრივად გაყინულია. როგორაა ეს შესაძლებელი?

ეს იმ ხელისუფლების პოზიციებიდან გამომდინარე მოხდა, რომელიც ევროკავშირის მიერ სხვადასხვა საბაბით, პირველ ეტაპზე 12 რეკომენდაციის შესრულებას მართლაც ჩამორჩა, ბოლოს კი, ცხრა რეკომენდაციას, რომლის მიუხედავად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი მივიღეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, მთელმა მოსახლეობამ დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის უჭერს, ან არ უჭერს მხარს.

ასე რომ, ეს ნამდვილად ასახავს მთლიანად მოსახლეობის დამოკიდებულებას. ამის შემდეგ დაიწყო ანტიევროპული რიტორიკის, ანტიამერიკული რიტორიკის გააქტიურება და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ძალიან აგრესიული დადანაშაულება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში. როცა ადამიანმა იცის, რა არის ევროკავშირი, რატომ შეიქმნა იგი და რამდენად უჭირთ ევროპის ქვეყნებს ომზე ფიქრი, (მათ თუნდაც უკრაინის მხარდაჭერაზე დრო დასჭირდათ), ამაზე უბრალოდ გაგეცინებოდათ, ძალიან შემაშფოთებელი რომ არ იყოს, როდესაც ხედავ, რომ ამ ტიპის პროპაგანდა მოქმედებს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პროპაგანდა რომელიც აშკარად სრულად შეესაბამება იმას, რასაც რუსები თვითონ აკეთებენ.

შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს განკარგულებებს?

ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მთავარი ეს პარალელი, ეს მსგავსებაა, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არაა, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს.

 

ფიქრობთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავალს გადაწყვეტს?

რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება კვაზი რეფერენდუმი, რადგან მოსახლეობა ასე ხედავს, რომ ჩვენ ახლა ვირჩევთ - დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ წარსულს, თუ მივიღოთ და დავნებდეთ რუსეთის არაპირდაპირ ზეწოლას, - საქართველოს მოსახლეობა ამ არჩევნებისთვის სწორედ ასე ემზადება. ეს არის გზა, რომლითაც პოლიტიკური ძალები ემზადებიან და ამ დროისთვის არსებობს საერთო პლატფორმა ოთხი პროევროპული ოპოზიციური პარტიისთვის და ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებისკენ ჩვენ კარგი მდგომარეობით მივდივართ.

რას ფიქრობთ ბატონი ივანიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოა დამნაშავე 2008 წლის ომში და ბოდიში უნდა მოიხადოს?

ეს ერთი განცხადება არაა, ეს ყველა ბოლოდროინდელი განცხადება და რიტორიკაა, რომელიც ერთი მიმართულებით მიდის. როგორც ვთქვი, რუსეთის სასიამოვნოდ და ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე თავდასხმისთვის. ასე რომ, ესაა ზოგადი სურათი, რომელიც საქართველოში ძალიან აწუხებთ და რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ხედავს და დარწმუნებული ვარ, არ იზიარებს.

შეინიშნება უკრაინა - საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების ნიშნები. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კამპანიის რეკლამებში ომის კადრებიც კი გამოიყენა. როგორ აღწერდით უკრაინა - საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას?

მე ამას არ დავარქმევდი უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობას. მე ამას უკრაინასა და საქართველოს მმართველ პარტიას შორის ურთიერთობას დავარქმევდი. ეს არ აღწერს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას, რომელიც მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულმა კამპანიამ, რომელიც უკრაინის ომსა და საქართველოში მშვიდობას ადარებდა, ძალიან გააღიზიანა. ეს არავის მოეწონა და ამ ვიდეოების ნაწილის ამოღება მოუწიათ. ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას უკეთ აღწერს თბილისის ქუჩებში  ყველგან გამოფენილი უკრაინის დროშები და ის, თუ როგორ იღებს  ჩვენი მოსახლეობა უკრაინელებს. ასე რომ, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით.

 

სხვა სიახლეები