ახლა მინდა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გავესაუბრო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება თქვენი რეაქცია გაგვიზიაროთ სლოვაკეთში მომხდართან დაკავშირებით?
ასეთი სახის ძალადობა ყოველთვის ტრაგედიაა, განსაკუთრებით კი, დემოკრატიისთვის. დანარჩენი არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, პოლიტიკური იყო თუ კრიმინალური. ამიტომ, ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ნამდვილად ტრაგედიაა.
და გვეუბნება ეს რაიმეს პოლიტიკასა და პოლარიზაციაზე და იმ საფრთხეზე, რომელსაც პოლიტიკოსები აწყდებიან?
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც პოლარიზაცია ყველგანაა, იზრდება და ეს სოციალურ ქსელებთანაა დაკავშირებული, სადაც ადამიანები თავიანთ შინაგან სიძულვილის ენასა და ყველაფერ საშიშს გასაქანს აძლევენ. ასე რომ, დიახ, ჩვენ მთელ მსოფლიოში ამ ტიპის პოლიტიკაში ვართ და ეს ისაა, რაც მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს.
ქალბატონო პრეზიდენტო, ახლა მინდა გადავიდე იმაზე, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ პოლიტიკოსებმა მიიღეს კანონი, რომელიც კრიტიკოსების თქმით, სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. დღეს დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ნატო, ყველა გმობს ამ კანონს. კანონი ორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად ასახელებს, რომლებსაც საზღვარგარეთიდან გარკვეული დაფინანსება აქვთ. მსგავსი კანონი რუსეთში მიიღეს.
გუშინ, კენჭისყრის შემდეგ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. ინფორმაციისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. 2008 წელს საქართველოში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ, რომლებიც მხარს სეპარატისტებს უჭერდნენ და სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლს ინარჩუნებდნენ. რა თქმა უნდა, საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანება ბევრს სურს და ეს მეზობელი რუსეთისთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ კანონის მიღება ქვეყნის გაწევრიანების შანსზე უარყოფითად იმოქმედებს. დღეს გამართულ შეხვედრაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ისიც კი თქვეს, რომ კანონი გაწევრიანების შესაძლებლობის კარს დახურავს.
უპირველეს ყოვლისა, სანამ ვეტოს საკითხზე გადავალთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც დეპუტატებმა კანონი მიიღეს?
მოტყუებული და იმედგაცრუებული არ ვიყავი, რადგან ეს კანონი შარშან წარადგინეს და გაიწვიეს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკის და განსაკუთრებით საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე. ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ აღარასდროს წარადგენდნენ.
მეორედ წარდგენით კი, ჩემთვის ცხადი იყო, რომ ამჯერად ამ კანონს ბოლომდე მიიყვანდნენ, სხვაგვარად ამას მეორედ არ გააკეთებ, როცა იცი, რომ ეს ორივეს - შენი მოსახლეობისა და პარტნიორების მიერ უარყოფილია. ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ ჩვენ აქ ვართ. იძულებით შემოაქვთ [კანონი] და ქართველების, უახლოესი პარტნიორებისა და მეგობრების აჟიოტაჟის წინაშე დგანან.
თქვენ თქვით, რომ ვეტოს დაადებთ. ამას როდის გააკეთებთ?
ორი კვირა მაქვს ამ კანონზე ვეტოს დასადებად და დიდი ალბათობით მას დაძლევენ, თუ ისინი ქუჩებში მყოფი ხალხისაგან და ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან მომავალი ზეწოლის გამო [კანონის] უკან გაწვევას არ დააპირებენ.
ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ უბრალოდ არ დაძლიონ ვეტო და ეს ძალიან მარტივი იქნება ან კანონი თავად დაბლოკონ, გადაწყვიტონ და განაცხადონ, რომ სხვა ტიპის კანონს პარტნიორებთან ერთად განიხილავენ, ან უბრალოდ არჩევნების შემდეგ ისევ გაიწვიონ.
ხუთ თვეში, 26 ოქტომბერს არჩევნები გვაქვს. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, უნდათ თუ არა ევროპა თავისი ფასეულობებით, კანონებითა და კანონმდებლობით, თუ სურთ ზურგი შეაქციონ ევროპას, მის ღირებულებებსა და კანონმდებლობას და უცნობი გზა აირჩიონ.
და თუ ამ კანონს მიიღებენ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ?
ვფიქრობ, რომ საქართველოს, როგორც ერის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე არ შეიძლება, რადგან ნებისმიერ დემოკრატიაში ეს ასე მუშაობს. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ერი სწორედ აქ იტყვის რა სურს მას (როგორც ეს წლების განმავლობაში იყო): გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა თუ ამ არეულობას შეეგუოს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნები გადამწყვეტი იქნება. ახლა კი, ეს პროტესტი გვაქვს, რაც ალბათ, ზაფხულშიც გაგრძელდება და შემდეგ საარჩევნო კამპანიები გვექნება. ამიტომ, საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ქართველებს დავუტოვოთ (რომელთაც ისედაც ეკუთვნის).
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს [კანონი] საქართველოს სუვერენიტეტისთვის აუცილებელია. ამიტომ, ქალბატონო პრეზიდენტო, რას იტყვით ამ არგუმენტზე?
ეს რიტორიკაა, რომელიც ალბათ, სხვა ქვეყნებისგან გსმენიათ და ძალიან ჰგავს იმას, რომელსაც რუსული პროპაგანდა ზოგიერთ ქვეყანაში ავრცელებს. ყველა სიტყვით გამოსვლა მოსკოვმა და მოსკოვის ხელმძღვანელობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ძალიან კარგად მიიღო.
მაგრამ მიუხედავად პრემიერ-მინისტრის ნათქვამისა, ეს კანონი პოლარიზაციას არ ამცირებს. მან პოლარიზაცია ხელახლა შექმნა. სინამდვილეში, გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველო ასე ნაკლებად პოლარიზებული არასდროს ყოფილა, მთლიანი მოსახლეობის ენთუზიაზმი და კონსენსუსი არსებობდა. შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები იყო, რომელიც ,,ევრო 2024“-ის კონკურსში პირველად გავიდა. ისევ და ისევ, საქართველოს ქუჩებში უზარმაზარი კონსენსუსი და ენთუზიაზმი არსებობდა.. ასე რომ, ეს გარემო ნაკლებად პოლარიზებული იყო.
და ამ დროს მათ ეს კანონი შემოაქვთ, რომელიც იმ ტიპის პოლარიზაციას იწვევს, რასაც ქუჩაში ვხედავთ. ვფიქრობ, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაწილი იმავეს ფიქრობს. ასე რომ, ეს გაყოფილი ქვეყანა არაა, მაგრამ პოლარიზაციაა მთავრობას, ხელისუფლებას, მმართველი პარტიის წრეებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის, რომელსაც ევროპული შანსის დაკარგვა არ სურს.
რუსეთის გავლენაზე რას იტყვით? გაღელვებთ?
როცა რუსეთის მეზობელი ხარ, განსაკუთრებით დღევანდელი რუსეთის და როგორც ის უკრაინაში იქცევა, არ შეიძლება არ გაღელვებდეს. ეს ჭკვიანური არ იქნებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას გასაზღვრავს. უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის საგანია და ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია ოდნავადაც არ შეუცვლია. ეს თავისი ხალხის მიზანდასახულობაზე ბევრს ამბობს, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენი დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტიად სწორედ ამას ვხედავთ.
ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გმადლობთ.
გმადლობთ.