ინტერვიუ LTV Ziņu dienests-თან
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ვიზიტის განმავლობაში ხალხთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტი უცხოელი აგენტების ახალ კანონს ვეტოს დაადებს. ერთადერთი კითხვაა, როდის მოხდება ეს? იქნებ ახლა თქვენ გვიპასუხოთ, ეს როდის მოხდება?
ვეტოს დასადებად 14 დღეა. ასე რომ, გადაწყვეტილება სიტუაციის მიხედვით იქნება მიღებული, განსაკუთრებით ქუჩებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. როდის იქნება ყველაზე ხელსაყრელი [დრო] ვეტოს დასადებად? მაგრამ იქნება თუ არა [ვეტო], ეს კითხვა არ არსებობს.
თქვენ, როგორც პრეზიდენტს, გაქვთ რაიმე სხვა საშუალება (არა მარტო ვეტოს უფლება), რომ ამ კანონს და მთავრობის ამ კურსს დაუპირისპირდეთ?
არა. ვეტო პრეზიდენტის ხელში ერთი ჩვეულებრივი ინსტრუმენტია. აქ პრობლემა ისაა, რომ ვეტოს დასაძლევად მათ ზუსტად იმდენი ხმა სჭირდებათ, რაც კანონის მიღებისას ჰქონდათ. ასე რომ, ეჭვგარეშეა (მით უმეტეს, რომ ჩვენ, ამ დროისთვის, სრულიად მონოლითური უმრავლესობა გვყავს), რომ ყველაფერს ხმას აძლევენ ერთი კაცის გადაწყვეტილებით.
ასე რომ, ჩვენ ძალაუფლების ტიპიურ რუსულ ვერტიკალში ვიმყოფებით. ეჭვი არ მეპარება რა მოხდება, როცა ვეტოს დავადებ. მაგრამ ვეტო უფრო მეტად ხალხის ნების სამართლებრივი გამოხატულებაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაჩვენები იყოს. პრეზიდენტის ძალაუფლება, საბოლოო ჯამში, ეს იმ ხალხის ძალაუფლება იქნება, რომელიც 26 ოქტომბერს არჩევნებზე საკუთარ ნებას გამოხატავს. ეს ის დრო იქნება, როდესაც ხალხს საშუალება მიეცემა ხმა მისცეს მას, ვინც პირობას დადებს, რომ ყველა რუსულ კანონს უარყოფენ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთი რუსული კანონი არ გვაქვს, ბევრი რუსული კანონი გვაქვს.
შეგიძლიათ ახსნათ როგორაა შესაძლებელი, რომ ქვეყანას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რამდენიმე ათეული წელია თავის ევროპულ გზაზე დგას, ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ანელებს და ზღუდავს [ამ გზას]?
შეუძლებელია ამის ახსნა, ეს გაუგებარია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება, (თუმცა ახლა გვესმის, რომ საკუთარ ხალხს ატყუებენ) იმ პროგრამით მოვიდა, რომ საქართველოს ევროკავშირში შეიყვანდნენ. ეს ის პარტია იყო, რომელმაც კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური გზების შესახებ ჩაწერა (მათ შორის პრეზიდენტზეც), რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო.
ასე რომ, იგივე ადამიანები ახლა ევროკავშირის ყველა რეკომენდაციას უგულებელყოფენ და იღებენ კანონებს - კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. იქნება ეს ,,საარჩევნო კოდექსი“ თუ ახალი კანონი ოფშორების შესახებ, რაც საქართველოს ერთგვარ ჰიბრიდულ ტერიტორიად აქცევს, ძალიან შემაშფოთებელია. ეს მხოლოდ კანონები არაა, არამედ მართვის მეთოდებიც: გამჭვირვალობის აბსოლუტური ნაკლებობა. „გამჭვირვალობა“ არის სიტყვა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ, მაგრამ ქვეყანაში რეალურად არავინ იცის, ვინ მართავს ან იღებს გადაწყვეტილებებს. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ ყველა უბრალოდ ერთი და იგივე მესიჯბოქს იმეორებს. ეს რუსულ ვერტიკალსა და რუსული მმართველობის სტილს სახავს.
ის, რასაც ამ დღეებში ქუჩებში ვხედავთ, შემაშფოთებელია: დაშინება, მკაცრი რეპრესიები და არასაპოლიციო ძალების გამოყენება. პოლიციის ძალები იქცევიან ისე, როგორიც ნორმალური, დემოკრატიული პოლიციის ძალები უნდა იქცეოდნენ. მაგრამ არასაპოლიციო ძალებს არანაირი ნიშნები არ აქვთ, იდენტიფიცირება შეუძლებელია და ხალხის რეპრესირებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ოფიციალურად გამოიყენება.
ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან რუსულზე ორიენტირებულ, ან რუსეთის მსგავს მთავრობასა თუ ხელისუფლების სტრუქტურას ქმნის. არ არსებობს იმის ზუსტი ახსნა, ეს მოსკოვისგან მომავალი ზეწოლაა თუ მოსკოვის მიზანდასახულობა შეაჩეროს პროგრესი კანდიდატის სტატუსსა და იმ გაწევრიანების მოლაპარაკებებს შორის, რომელიც უნდა დაიწყოს. შეიძლება [პროგრესის] შეჩერება უნდათ და ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენენ. ალტერნატიულად, შეიძლება ეს ვინმე ძალაუფლებაში მყოფის შიდა გადაწყვეტილება იყოს, მაგალითად, ბატონი ივანიშვილის, რომელმაც 29 აპრილს საკუთარი გამოსვლით ყველა შეაშინა. საბოლოო ჯამში, ახსნა ძალიან მნიშვნელოვანი არაა. რაც მნიშვნელოვანია, ეს შესამჩნევი ფაქტებია, რომელიც განხილული და შეჩერებულ უნდა იქნეს.
გაღელვებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არა მხოლოდ აკოპირებს, როგორც თქვენ თქვით, რუსული მმართველობის მეთოდებს, არამედ შესაძლოა ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ კიდევ უფრო მეტად მოექცეს?
ერთი და იგივეა. თუ მათ კანონებს, მმართველობის მეთოდებს აკოპირებ, თანდათან შენს თავს შორდები. კარგავ მათ მხარდაჭერას, ვინც 30 წლის განმავლობაში ჩვენი მეგობრები და მხარდაჭერები არიან. არსებითად, ატყუებ საკუთარ მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ევროინტეგრაციას ურყევად უჭერს მხარს. ამ საკითხზე სხვაგვარი მოსაზრება არ ყოფილა. ასე, რომ შენ რეალურად საკუთარ ხალხს და მათ ნდობას კარგავ და ღალატობ იმას, რისთვისაც აგირჩიეს.
ამ სიტუაციაში რა ტიპის დახმარების გაწევა შეუძლიათ დასავლეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებს? თქვენ ახლახან ბალტიისპირეთის და სხვა [ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდით. შესაძლოა, ამ საკითხსაც შეეხეთ. რას ელოდება ამჟამად დასავლეთის ქვეყნებისა და ევროკავშირისგან ქართველი ხალხი, ქართული ოპოზიცია და ქართული სამოქალაქო საზოგადოება?
მათ საქმის ჩვენს მაგივრად გაკეთება არ შეუძლიათ. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რასაც მათ ვეუბნები ისაა, რომ დღეს ქუჩაში მყოფი ხალხის ხმასა და არჩევანს მოუსმინონ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაზომვადი არაა. 26 ოქტომბერს, არჩევნები გვაქვს. არჩევნებზე ქართველი ხალხი იტყვის, ევროპა უნდა თუ სხვა რამ. ეს ძალიან მკაფიო არჩევანი უნდა იყოს. და ეს არის არჩევანი, რომელსაც ევროპელებმა უნდა შეხედონ და გადაწყვეტილება მიიღონ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვის [ეს] დემოკრატიული არჩევანი.
აქციის მონაწილეებს უკვე რამდენიმე დღეა ვესაუბრებით. არჩევნების შესახებ დავსვით კითხვა და ნამდვილად ღელავენ, რომ სამართლიანად არ ჩატარდება, რადგან „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კომისიაზე დიდი გავლენა აქვს და შესაძლოა ხმათა [დათვლის] გაუმართაობა იყოს. გჯერათ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?
არა, მათ არჩევნების გაყალბება სურთ. ამაში ეჭვი არ მეპარება. როგორც იქცევიან, ისე გააგრძელებენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისეთი მობილიზება გვექნება, როგორსაც ახლა ქუჩებში ვხედავთ... 500 000 ახალი ამომრჩეველია, ახალგაზრდა ამომრჩეველი, რომლებიც არჩევნების ბედს გადაწყვეტენ. ჩვენ ასევე 1 მილიონი ამომრჩეველი გვყავს (როგორც მოლდოვაში) დიასპორაში, რომელსაც დიდი ცვლილების მოხდენა შეუძლია. და ამ ქვეყნის ისტორია ისეთია, რომ როცა ხალხი მობილიზებულია, მაშინ არავის შეუძლია არჩევნების ისე გაყალბება, რომ ხალხის ნება დაძლიოს. ასე, რომ ვიტყოდი, ხალხის სიძლიერის უფრო უნდა გვჯეროდეს.
და რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა მივიღოთ. თავისთავად, ჩვენს პარტნიორებს ველით, რომ ჩამოვიდნენ, ადგილზე იყვნენ და დააკვირდნენ [არჩევნებს]. ადგილზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ არჩევნების ბოლო დღეს, არამედ იმიტომ, რომ ეს მხარდაჭერის განცდას იძლევა. იცით, რომ პატარა ქვეყანა ვართ და თუ რას ნიშნავს ეს. იმის დანახვა, რომ იზოლირებულები არ ვართ, რომ კვლავ ყურადღების ცენტრში ვართ, მიუხედავად დიდი კრიზისისა და უკრაინაში ომისა, რომ მაინც არავის ავიწყდება ის ბრძოლა, რომელიც აქ მიმდინარეობს. ჩვენ აქ ომი არ გვაქვს. უკრაინა არ ვართ (და მინდა აქვე უკრაინის მიმართ ჩემი სოლიდარობა გამოვხატო), მაგრამ ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის წინაშე ვართ, რომელიც არანაკლებ სახიფათოა, არამარტო ჩვენთვის, არამედ ევროპის მომავლისთვის. ასე რომ, წინა ფრონტზე ვიბრძვით. საქართველო ევროპის დასაცავად წინა ფრონტზე საუკუნეებია იბრძვის. და ეს მშვიდობიანი ბრძოლაა, რომელიც არჩევნებზე დასრულდება. და ჩვენ ყველა შესაძლო მხარდაჭერა გვჭირდება.
როგორ ხედავთ არჩევნებამდე სიტუაციის განვითარებას? რა მოხდება ქუჩებში და პოლიტიკურ ველზე? შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მაიდანის მსგავსი რევოლუციის მსგავსი სცენარი განვითარდეს, ან შესაძლოა, საპროტესტო აქციები ჩაახშონ, როგორც ეს ბელორუსიაში ვნახეთ? როგორია თქვენი პროგნოზი?
პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, რადგან ეს ჩემი საქმე არაა. მაგრამ თუ ჩემს რწმენაზე მეკითხებით და იმაზე, თუ რას გავაკეთებ როგორც პრეზიდენტი, რომელსაც ამ მომენტისთვის ხალხის ნდობა აქვს, ვეცდები, რომ მათ ამ რთულ პერიოდში მშვიდობიან არჩევნებამდე გავუძღვე. ეს ჩვენი საუკეთესო შანსია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსი მაიდანის გამეორებაა, მსგავსი ჩვენ წარსულში უკვე გვქონდა. ამიტომ, ამ მომენტში, გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენი საუკეთესო შანსი არჩევნებისთვის მომზადებაა, სერიოზულად მომზადება, რომელიც რეფერენდუმი იქნება - განსხვავებული ტიპის არჩევნები- - ხმას მივცემთ ან ევროპას, ან ჩვენს მომავალს დავთმობთ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ხუთი თვე დაგვრჩა, რომ ამისთვის მოვემზადოთ. სამუშაო ყველასთვისაა.
ყველასთვის სამუშაოზე საუბრისას, გვყავდა ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერი არაა, ოპოზიციაა სუსტი და დაყოფილი. შესაძლებელია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები რაიმე სახის ბლოკად გაერთიანდნენ, რათა მომავალი არჩევნებისთვის გაძლიერდნენ? რაიმე კონსოლიდაციის ნიშნებს ხედავთ?
ეს მათზეა დამოკიდებული. მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია მოხდება (არა მხოლოდ ტრადიციული პარტიების, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის, მათ შორის მათი, რომელთა მუშაობასაც ბოლო პერიოდია ვუყურებთ), ევროპის იდეისა და ევროპის სამოქმედო გეგმის გარეშემო, რომელსაც მე წარვადგენ, მაშინ პარტიებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაც შეეძლებათ. რაც გაიმარჯვებს, ეს კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმა იქნება ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ასე რომ, ეს უფრო საარჩევნო გათვლების საკითხია, რომელსაც ალბათ, [პარტიები] გააკეთებენ და ეს მათზეა დამოკიდებული. მაგრამ მე უზრუნველვყოფ, რომ მთავარი იდეის გარშემო კონსოლიდირება მოხდეს.
ერთი კითხვაც... თუმცა ეს კითხვაც არაა - გაქვთ თუ არა ლატვიელებისთვის, ლატვიაში ორგანიზაციებისთვის რამე სათქმელი? თუ გაქვთ რაიმე რისი თქმაც ლატვიელი ხალხისთვის გინდათ?
ჩემი მესიჯი მადლობა იქნება, რადგან უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ჩვენ იგივე ბრძოლაში ვართ და თქვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ასევე პოლონეთი ის ქვეყნებია, ვისგანაც მხარდაჭერას მოველით. ეს მხარდაჭერა სახეზეა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ამ გარდამტეხ მომენტშიც ვიხილავთ.
დიდი მადლობა!