უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დრო დაგვითმეთ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ქუჩებში ათიათასობით ადამიანია გამოსული და მთავრობა ამ კანონპროექტზე მუშაობს, როგორ შეაფასებთ სიტუაციას, როგორ შეიძლება დასრულდეს?
არ ვიცი და მგონი, არავინ იცის, მაგრამ ცხადია, რომ ეს საპროტესტო ტალღა არ გაქრება, რისი იმედიც ალბათ ხელისუფლებას ჰქონდა. ამ პროტესტის 37-ე დღეა, თუ არ ვცდები და ყოველ დღე ახალ ფორმას იღებს. ასე რომ, თავისთავად განახლებადია. ეს ძალიან ცხადია. დღეს ვნახე, რომ ჩემ მიმართ საერთო წერილს 120 ორგანიზაციამ ხელი მოაწერა მოთხოვნით, რომ კანონს ვეტო დავადო ყველანაირი მცირე ცვლილების გარეშე, რაც ახლა ამ კანონის შესახებ ახალი ხრიკია, რადგან კანონი თავისთავად მიუღებელია, არ ექვემდებარება შეცვლას. მიუღებელია, რადგან ის ქართული დამოკიდებულების ცვლილებას ასახავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების მიმართ, რაც ჩვენს ევროინტეგრაციის გაცხადებულ პოლიტიკას არ შეესაბამება.
თქვენ თქვით, რომ კანონს ვეტოს დაადებთ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს...
დიახ, მაგრამ ეს ასეა ბევრ სხვა კანონზეც, რომლებსაც ვეტო დავადე, ვინაიდან განვაცხადე, რომ ყველა კანონს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება ვეტოს დავადებ, რადგან ეს ჩემი კონსტიტუციით დადგენილი მოვალეობაა, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად და გასამტკიცებლად. ასე რომ, ზუსტად ამას ვაკეთებ. დღეს ჩვენ დეკემბერში მიღებულ კანდიდატის სტატუსსა და წლის ბოლოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას შორის ვართ. ამ დროს (და პარლამენტის სესია შუა ივნისში სრულდება) პარლამენტი დღე და ღამე უნდა მუშაობდეს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც გვაქვს: მართლმსაჯულების რეფორმის, ანტიკორუფციული სააგენტოების, დამოუკიდებლობისა და მსგავსი საკითხების შესახებ. და ამის ნაცვლად, იმ ყველაფრის გაკეთების ნაცვლად, რაც ჩვენგანაა მოსალოდნელი, პარლამენტი მუშაობს კანონზე, რომელიც გასულ წელს უარყვეს; რომელზეც ჩვენმა პარტნიორებმა, ევროპელმა პარტნიორებმა თქვეს, რომ ის ევროპულ ღირებულებებს და მიზნებს არ შეესაბამება. ძალიან ცხადია, რაც ხდება. ხელისუფლება იმას არ აკეთებს, რასაც ქვეყანა მოელის და რაზეც ქვეყანა რეაგირებს, რადგან ქვეყანას ევროპა უნდა და უნდა, რომ წლის ბოლოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა არ დაკარგოს.
წინა ინტერვიუებში თქვით, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ მოქმედებს. მაშ, რა არის მმართველი პარტიის განზრახვები?
ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე მათ განზრახვებს კი არა, ფაქტებს ვუყურებ. დღეს ფაქტია, რომ რასაც უნდა აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპაში მიჰყავდეთ, იმას არ აკეთებენ და რასაც აკეთებენ ამ მიზანს ეწინააღმდეგება. ამიტომ საკმარისია, რომ ფაქტებს შევხედოთ. დანარჩენი არ ვიცი. მათ მოუწევთ პასუხების გაცემა.
თქვენი აზრით, ცდილობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას?
ისევ და ისევ, ფაქტები. ყოველ შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირამდე არ მიჰყავს. ამ ტემპითა და სისწრაფით ეს ასეა. თუ სერიოზულად გვინდა იქამდე მისვლა, სადაც შეგვიძლია, როგორც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა თქვეს, კომისიის რეკომენდაცია იქნება, რომელიც, ალბათ, ოქტომბერში გამოქვეყნდება. და წლის ბოლოს, შეგვიძლია მოლაპარაკებები გაგვეხსნას. ასე რომ, რატომ არ აკეთებენ ამას?
რუსეთის როლზე მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რუსეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციაში რაიმე როლს თამაშობს? და რამდენად?
ეს იგივე კითხვაა. ქმედებებით ხელისუფლება მოსკოვისგან ან ინიციატივას იღებს ან მათ ზეწოლაზე რეაგირებს. ძალიან რთულია იმის ცოდნა, თუ რა ხდება დახურულ კარს მიღმა, მათი რა ნაწილია ინიციატივის და რა მოსკოვის. აშკარაა, რომ ევროკავშირისკენ საქართველოს ამ დაჩქარებულ გზას მოსკოვი დიდი მოწონებით არ ხვდება. მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე პირდაპირ გავლენას ახდენენ და ერევიან თუ არა დეტალებში, ეს არ ვიცი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ქვეყნის ინტერესია, რომ რაც შეიძლება ჩქარა წავიდეს ევროკავშირისკენ. და ეს სწორედ ისაა, რაც მთელმა ქვეყანამ იცის. და სწორედ ამიტომაა [მოსახლეობის] 85% ევროკავშირის მომხრე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. ამიტომაც ცდილობენ თქვან - ჩვენც ამას გავაკეთებთ. მაგრამ ყველამ იცის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი, როგორც სახელმწიფოს მომავალი, მის ევროპულ მომავალს უკავშირდება.
მინდა საერთაშორისო პარტნიორებზე გკითხოთ. ვნახეთ განცხადებები, რომლებიც ამ კანონს გმობენ. ვნახეთ მაღალი რანგის ვიზიტები თბილისში. კიდევ რა უნდა გაკეთდეს მთავრობების დასარწმუნებლად?
ვფიქრობ, არ შეგვიძლია მუდმივად ველოდოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვინმე, სხვა გააკეთებს. მკაფიო საზოგადოებრივი აზრი გვაქვს, რომელიც ძალიან აქტიური და რეაგირებადია. საზოგადოების ახალგაზრდულმა ნაწილმა მკაფიოდ აჩვენა, თუ სად დგას. ახლა კიდევ ერთი მომენტი გვაქვს იმის სათქმელად, თუ რა არის ხალხის ნება და ეს ოქტომბრის არჩევნებია. ასე რომ, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. შევეცდები ამ ევროპული მიზნის ირგვლივ ყველა ძალა გავაერთიანო. თვითონ არჩევნები ჩემი საქმე არაა. ეს პოლიტიკური პარტიებისთვისაა, მაგრამ ევროპული სამოქმედო გეგმის ირგვლივ ძალების კონსოლიდაცია (ასე დავარქვათ) არის ის, რაზეც ვმუშაობ. რადგან ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა თქვას, დაადასტუროს და გაიმეოროს, დიახ, ჩვენ გვინდა ევროპა.
მაგრამ რამდენად რეალურია, რომ საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ექნება, თუ ეს კანონი ამოქმედდება?
ამას არჩევნების წინ ყოველთვის ვითხოვ ქვეყანაში, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, ავტორიტარული ტენდენციებია. ასე რომ, გარანტირებული არაფერია. არსებობს რისკები. მაგრამ ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რეალური მობილიზაციაა, როდესაც საკითხი ნათელია, მაშინ რთულია ამ საქმეში [არჩევნებში] ჩარევა. ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა (და სწორედ აქ მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მაქვს) ნათლად ვაჩვენოთ ეს არჩევნები რის შესახებ იქნება. ის არ იქნება ამა თუ იმ პარტიის არჩევის შესახებ, რომელიც ერთი მეორეზე მეტად მოსწონთ, ეს არჩევნები იქნება იმისთვის, რომ ვთქვათ - ჩვენ გვინდა ევროპა. და ჩვენმა პარტნიორებმა ქართველი საზოგადოებისგან სწორედ ეს უნდა მოისმინონ.
ბოლო კითხვა. თუ საქართველოს უფრო დიდ, რეგიონულ კონტექსტში შევხედავთ, დავინახავთ რა ხდება საქართველოში, ვხედავთ სომხეთს, რომელიც ახალ კარზე აკაკუნებს. მაშ, სამხრეთ კავკასიისთვის ეს მომენტი რამდენად გადამწყვეტია? რამდენად გადამწყვეტი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომენტი?
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ნათელია, რომ სამხრეთ კავკასია რუსულ გავლენებს ჩამოშორდა. აზერბაიჯანი თურქეთს დაუახლოვდა, თუმცა შესაძლოა, თავის ურთიერთობებში განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს, სომხეთი ევროკავშირს უახლოვდება. და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ევროპელებმა სომხეთს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. მაგრამ ცხადია, ჩვენს გზას გადიან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაამყარებს საქართველო მის ევროპულ პოზიციას. და ეს ყველაფერი შავი ზღვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ უკრაინის ომის აქცენტი ახლა უფრო ყირიმსა და შავ ზღვაზეა, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილებზე, ნამდვილი თამაში შავი ზღვის გარშემოა, ვინ გააკონტროლებს მას? ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დიდი მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის!
გმადლობთ!