გაერო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დღეს გმობენ ,,უცხოური გავლენის შესახებ” კანონს, ეს ტექსტი საქართველოში გუშინწინ მიიღეს. ამ კანონს მისი მოწინააღმდეგეები მეტსახელად რუსულ კანონს უწოდებენ და მას მედიასა და ორგანიზაციებში განსხვავებული ხმების ჩახშობის საშუალებად მიიჩნევენ. ამ კანონს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გმობს, რომელმაც მას ვეტო უნდა დაადოს. თუმცა, მთავრობას აქვს საკმარისი ხმები პარლამენტში მის დასაძლევად. უმრავლესობის პარტიასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის რღვევა უკრაინაში ომის დაწყებიდან დაიწყო, ახლა კი, სისრულეში მოვიდა. ამის შესახებ პრეზიდენტი თბილისში ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტს, დანიელ ვალოტის ესაუბრა.
მაშასადამე, კანონი ,,უცხოური გავლენის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ ამ სამშაბათს, 15 მაისს მიიღო. თქვენ კვირებია ამ კანონს ეწინააღმდეგებით. რა გაწუხებთ ამ კანონში?
ნებისმიერი დაბრკოლება ჩვენს ევროპულ გზაზე, პროცესის ნებისმიერი შენელება უკან დახევის ფორმაა. ეს არის ის, რაც ჩვენს მეზობელს სურს და მის ინტერესებშია. „დიდი რუსეთის“ მთავარი მიზანია შეაჩეროს საქართველოს ეს, თითქმის გარდაუვალი, პროგრესი ევროკავშირისკენ. პროგრესი, რომელიც მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში და რომელიც დაჩქარდა უკრაინის ომის წყალობით.
თქვენი აზრით, ეს რუსეთის მიერ ნაკარნახევი კანონია?
ამას კარნახი არ სჭირდება. ეს არის რუსული კანონის ასლი. ეს კანონი იქცა სიმბოლოდ, ერთგვარ კონცენტრატად იმ ყველაფრის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, მაგრამ რაც დღეს ნათლადაა გაცხადებული. უნდა წაიკითხოთ ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლა („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია), რომელიც არის ომის ერთგვარი გამოცხადება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, დეკლარაცია, რომელიც მთლიანად უკუაგდებს საქართველოს ღირებულებებს, რომელიც განიხილავს ჩვენს პარტნიორებს, როგორც "გავლენის აგენტებს", რომლებიც "აქ ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას", "მთავრობის დესტაბილიზაციას" და ერთად, „ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნას“... საინტერესოა ვინ არიან ოკუპანტები!
პარადოქსულია, მაგრამ მმართველი პარტია და ხელისუფლება აცხადებენ, რომ ისინი კვლავ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრენი არიან...
ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც შარშან მიცემული დაპირება, რომ არ შეეცდებოდნენ ამ კანონის ხელახლა შემოღებას! ასე რომ, ტყუილია მმართველობის ამ მეთოდის ნაწილი, რომელსაც მე ვუწოდებ ბოლშევიკურს, რუსულს ან საბჭოურს, რომელიც გინდათ: ისინი ატყუებენ მოსახლეობას და მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს ის მეთოდებია, რაც ჩვენ ვიცით, რომელიც საქართველოში მოძველებული გვეგონა, მაგრამ ვიცით. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი ენაა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ და ამავდროულად, გრძელდება იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ ევროპის მომხრე და ყველაფრის მიუხედავად, ვაპირებთ ევროპაში შესვლას... ეს ყველაფერი ორმაგი საუბარია. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ეს ორმაგი საუბარი განკუთვნილია პარტია „ქართული ოცნების“ ბოლო მხარდამჭერებისათვის, რომლებიც ფაქტობრივად სულ უფრო და უფრო მცირდებიან. იმიტომ რომ, მათაც უნდათ ევროპა. ის, რომ საქართველოს 85%-ს ევროპა უნდა, მითი არ არის. ეს ის რეალობაა, რომელიც ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს. ასე რომ, ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ევროპულ გზას, რომელიც არის გზა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ დათმობებზე, რეალურ რეფორმებზე. მაგრამ, ამავე დროს, აცხადებენ, რომ მომავალი ნათელია და ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირში შესვლას!
როგორც პრეზიდენტს, თქვენ გაქვთ საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები, მაგრამ გაქვთ ვეტო. აპირებთ თუ არა ამ კანონის წინააღმდეგ ზომების მიღებას?
დიახ, აუცილებლად. ვაპირებ ვეტოს უფლების გამოყენებას. ყველამ იცის და პირველ რიგში, მე, რომ ეს ვეტო არის პოლიტიკური ვეტო. რადგან აბსოლუტურად მონოლითური უმრავლესობა (84 ხმა), რომელმაც რეკორდულ დროში ხმა მისცა ამ კანონს, იგივე უმრავლესობაა, რომელსაც შეუძლია ჩემი ვეტოს დაძლევა. მაგრამ ეს ვეტო ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რადგან ის წარმოადგენს მოსახლეობის პოლიტიკურ პოზიციას ამ კანონის მიმართ. მე უბრალოდ ვასახიერებ მას, გარკვეულწილად.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ვეტოსთან დაკავშირებით შესაძლოა, მოლაპარაკებები იყოს. ანუ მათ შესაძლოა, კანონში ცვლილებები შესთავაზონ... აპირებთ თუ არა დასთანხმდეთ მათთან მოლაპარაკებას?
უკვე ბევრჯერ ვთქვი, ძალიან კატეგორიულად: ჯერ ერთი, ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ეშმაკთან და არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, როდესაც მოლაპარაკების რეალური საგანი არ არსებობს. რადგან, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება კანონზე, როდესაც ყველაფერი უნდა შეიცვალოს - და ეს ძალიან კარგად იცის მოსახლეობამ, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ყველა ამ ავტორიტარული რეჟიმის მხრივ, ძალიან კარგად იციან. რა აზრი ექნებოდა ჩემს მოლაპარაკებას ამა თუ იმ ასპექტზე, რაც ერთობლიობაშია პრობლემა და რომელიც მხოლოდ მთლიანობაში უნდა მოგვარდეს? ეს მოგვარდება მომავალი არჩევნებით, რომლის დროსაც მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება: ან ევროპული მომავალი სხვადასხვა პარტიების მეშვეობით, რომლებიც გაერთიანდებიან ევროკავშირში გაწევრიანების პროექტის გარშემო, ან ,,ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული გზის გაგრძელება.
ოპოზიცია დასუსტებულია, გაყოფილია. როგორ ფიქრობთ, მას შეუძლია ცვლილების მოხდენა?
სიტუაციას ოპოზიცია არ შეცვლის. ამას ის ხალხი იზამს, ვინც თქვენ ნახეთ გარეთ, რომლებიც აპირებენ მობილიზებას და მობილიზდებიან ისეთ რამეზე, რაც იქნება რეფერენდუმი. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რეალურად, დღეს ოპოზიციური პარტიები... მე ვცდილობ მათ კონსოლიდაციას არა საარჩევნო სიებში, არამედ ამ ევროპული პროექტის გარშემო. ამ ევროპულ პროექტზე მათი კონსოლიდაცია დიდი სირთულე არ არის, რადგან მათ კარგად იციან, რომ ამ პროგრამის ირგვლივ არის მოსახლეობა გაერთიანებული. ასე რომ, მთავარია, ეს არჩევნები იყოს არა არჩევანი სხვადასხვა პარტიებს შორის, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, არც თუ ისე მიმზიდველია, არამედ ევროპის რეფერენდუმის არჩევა. ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ ბატონმა ივანიშვილმა ძალიან გაამარტივა ჩვენი ამოცანა, რადგან მან კითხვა ამ ტერმინებით დასვა. ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ვინ არიან ჩვენი მტრები... ვფიქრობ, პასუხი 26 ოქტომბერს (საკანონმდებლო არჩევნების თარიღი, რედაქტორის შენიშვნა) უნდა გაიცეს.
თქვენი მეგობრები არიან შეერთებული შტატები, ევროკავშირი. შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრაზე ძალიან სწრაფი და საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოახდინა. ევროკავშირი ცოტას აყოვნებს. იმედგაცრუებული ხართ ამ დაგვიანებით?
არა, რადგან ევროკავშირი არის ევროკავშირი. შეერთებული შტატები არის ქვეყანა, ეს არის ხმა, უფრო ადვილია უფრო მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება. მე კარგად ვიცი, როგორ მუშაობენ ევროპული ინსტიტუტები. ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა, ცოტა ხანში იქნება ევროპული საბჭო... მე ვამბობ, რომ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო: ეს უნდა იყოს მხარდაჭერის გზავნილი მოსახლეობისთვის, რომელმაც აჩვენა, რა მიმართულებით სურს სვლა. კრიტიკისა და გაფრთხილების მესიჯი ხელისუფლებისათვის. მაგრამ მკვეთრი, რადიკალური გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ვიზალიბერალიზაციას, ან კანდიდატის სტატუსს, ამ ყველაფერმა უნდა მოიცადოს. არჩევნებამდე უნდა დაიცადოს. დაე, მოსახლეობამ იცოდეს, რომ სწორედ არჩევნებზე ირჩევს საკუთარ მომავალს, მათ შორის, ამ ორ დიდ სანქციასთან დაკავშირებით.
არსებობს პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობა ბატონ ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე...
ეს არ არის ჩემი სათქმელი... ეს არის კითხვა სხვადასხვა ქვეყნების მიმართაა ევროპული საბჭოს წიაღში თუ ინდივიდუალურად. რა თქმა უნდა, მე არ ვიქნები ამა თუ იმ ქმედების დამცველი, ამას ოპოზიცია კარგად აკეთებს. ეს არ არის ჩემი როლი. ჩემი როლია ვთქვა: ნუ დასჯით მოსახლეობას, რომელმაც ძალიან ნათლად აჩვენა თავისი ნება და სურვილი, მიეცით მათ დრო, რათა აჩვენონ, სად არის დემოკრატია (რაც თქვენ კარგად იცით), ანუ საარჩევნო ყუთში.
ჯერ კიდევ გაქვთ საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის იმედი?
აბსოლუტურად. იმედი რომ არ მქონოდა, აქ არ ვიქნებოდი. გაცილებით რთული დღეები გაგვივლია, ომი, ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას არასოდეს, არცერთ დროს არ გამოუწვევია საქართველოს ტრაექტორიიდან გადახვევა. არასოდეს ყოფილა იმის თქმის ცდუნება, რომ „სჯობს, ლმობიერი ვიყოთ იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული ვყავართ, რადგან სხვა ბევრი საშუალება არ გვაქვს.“ ასე რომ, მე სრულიად დარწმუნებული ვარ ამ ქვეყანაში და მის პოლიტიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაში!