ინტერვიუ ტელევიზია Radio Télévision Suisse-თან
მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო.
მოგესალმებით.
ქალბატონო სალომე, განცდა გვაქვს, რომ საქართველოსთვის და მისი ევროპული მისწრაფებისთვის გადამწყვეტი მომენტია, მისი ევროპული მისწრაფებისთვის. ევროპის დროშაა თქვენთან, ახალგაზრდობა.. ფიქრობთ, რომ ამ რუსული კანონით ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს?
ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, რადგან ძალიან ახლოს ვართ კართან, რასაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენს, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ და სწორედ ამ დროს, რეალური მიზეზის გარეშე ხელისუფლებას თავიდან შემოაქვს კანონი, რომელიც უკან გაიწვიეს გასულ წელს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით. ყველამ თქვა, რომ ეს არ არის ევროპული კანონი, ეს უფრო რუსული სტილის და მოდელის კანონია. ანტიდასავლური და ანტიევროპული პარანოიაა, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სრულიად მოსახლეობის ევროპული პერსპექტივის იმედებსა და იმ სტადიას, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.
ქალბატონო პრეზიდენტო, როდესაც ვხედავთ ამ მანიფესტაციებს, არ შეიძლება არ გავიხსენოთ მაიდანი, 10 წლის წინანდელი მანიფესტაციები უკრაინაში. ვნახეთ, თუ როგორ დასრულდა ეს, დღეს ომი, განადგურება. არის კონფრონტაციის რისკი რუსეთთან, რუსეთის გავლენასთან?
უპირველეს ყოვლისა, არ შეიძლება მოვლენების ასე დაკავშირება. ომი მაიდანის შედეგი არ არის. მაიდანმა მიიღო თავისი შედეგი, რაც იყო ღიად პრორუსული მთავრობის ჩანაცვლება მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობით. მაიდანს არ გამოუწვევია ომი. ომი გადაწყვიტა, გამოიწვია და დაიწყო რუსეთმა ყოველგვარი მიზეზის და პროვოკაციის გარეშე. ჩვენ 2008 წელს უკვე გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ ის საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს იკავებს. ამან ვერ შეაცვლევინა საქართველოს მოსახლეობას მისი ევროპული ბედი, ევროპული რწმენა; ის ისევ ისეთივე მტკიცეა.
ქალბატონო პრეზიდენტო, პარლამენტი, რომელიც ამ კანონის მხარდამჭერია დიდი უმრავლესობით ქართველების მიერ არის არჩეული. შესაძლოა, ორი საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს; პროევროპელი ახალგაზრდობა და სხვები, რომლებიც ასევე უნდა იყვნენ გათვალისწინებული და რომლებიც იგივე აზრს არ იზიარებენ.
არა, ორი საზოგადოება არ უპირისპირდება ერთმანეთს. ერთი და იგივე ამომრჩეველმა აირჩია პარლამენტი და ამირჩია მე, ამ ქვეყნის პრეზიდენტად, სრულიად პროევროპული პროგრამით. ამ უმრავლესობამ, ამ პარტიამ ჩაწერა კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტი. დღეს არსებობს ამ უმრავლესობის პარტია, (საიდანაც ის ხალხი წავიდა, ვინც თავდაპირველად მისი წევრი იყო) რომელმაც გარკვეულწილად, ამ მიმართულების ცვლილების უზურპაცია მოახდინა. მაგრამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა - 85 პროცენტი ისევ იმ აზრზეა, უახლესი გამოკითხვები აჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცეა მის გადაწყვეტილებაში. თუ ვხედავთ ბევრ ახალგაზრდას მანიფესტაციებში, რომლებიც ყოველდღე მიმდინარეობს, ასევე ვხედავთ უფრო ასაკიან პირებსაც, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად და იგივე სურვილით მონაწილეობენ მასში.
დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ჩაგვერთეთ თბილისიდან რამდენიმე წუთით.