ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ დათანხმდით Euronews-ის ინტერვიუს. თქვენ მტკიცედ დაუპირისპირდით ამ კანონს, რომელსაც უცხო გავლენების კანონს უწოდებენ. პირობა დადეთ, რომ ვეტოს გამოიყენებდით. დღეს ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“ მზაობას აცხადებს კანონის შეცვლაზე, ევროპული შეთავაზებების მიხედვით. კომპრომისი შესაძლებელია?
უპირველეს ყოვლისა, კომპრომისი ჩემთან არ არის, რადგან მე მხოლოდ განვასახიერებ იმას, რასაც ქართული vox populi მტკიცედ აპროტესტებს უკვე 37 დღეა. მე ერთადერთი ვარ დღეს არჩეული ამ vox populi-ს მიერ და ვთვლი, რომ ვალდებული და პასუხისმგებელი ვარ მის წინაშე. მე ვიზიარებ ამ კანონის ანალიზს, მის სრულ აზრობრივ უადგილობას და არა მხოლოდ შინაარსის ან შესწორებების. კომპრომისი კანონზე, რომელიც გასულ წელს უკვე იყო წარმოდგენილი და იგივე ფორმით უარყოფილი მასობრივი მანიფესტაციებით, ჩვენი ევროპელი პარტნიორების კრიტიკით, ხელისუფლებამ უკან გაიწვია იმ მტკიცე პირობით, რომ მას აღარ წარმოადგენდა და დღეს კვლავ შემოიტანეს. როგორ დავიჯეროთ რომ კომპრომისი კიდევ არის შესაძლებელი? მით უმეტეს, რომ მე შევთავაზე კომპრომისი არა ჩემთან, არამედ მოსახლეობასთან და ევროპელ პარტნიორებთან. კანონის მესამე მოსმენით მიღების წინა დღეს, მე გავაკეთე საჯარო განცხადება, სადაც შევთავაზე ხელისუფლებას შეჩერება, დაბრუნებოდნენ მეორე მოსმენას, სადაც შესაძლებელია კანონში შესწორებების გაკეთება, სხვადასხვა მოწინააღმდეგე მხარეების მოსმენა და სურვილის მიხედვით შესწორებების შეტანა. ეს არა მხოლოდ არ შეისმინეს, არამედ კანონი მიიღეს კომიტეტზე მესამე მოსმენით ერთ წუთში და შვიდ წამში, პრაქტიკულად ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე და ხალხის რეაქციის პირისპირ. ეს რაც შეეხებოდა კომპრომისის შანსებს. მესმის, რომ მუდმივად შეიძლება გვქონდეს სურვილი და სწორიც არის, რომ ვეძიოთ კომპრომისი. მაგრამ დღეს სიტუაცია ამ შესაძლებლობის გარეთაა. პრობლემა აღარ არის მხოლოდ კანონი, მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ კანონში შესწორებები ვეღარ შევა, ანუ კანონის შინაარსია დამახინჯებული. ეს კანონი ჩვენს 30 წლის პარტნიორებს და ამერიკელ თუ ევროპელ მეგობრებს აცხადებს ეჭვმიტანელებად ქვეყნის დესტაბილიზაციაში, რომ ისინი თითქოს აფინანსებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს, ბრალს სდებენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაში და მთავრობის გადაყენებისა და რევოლუციის სურვილში. ღირებულებების სრული აღრევაა. ამიტომ არ ვიცი, როგორ შევცვლით, ან გავაუმჯობესებთ იმას, რაც ფუნდამენტურად დეფექტურია და ნამდვილ დაბრკოლებას წარმოადგენს. მე ვახსენე ტერმინი საბოტაჟი და შემიძლია მისი გამეორება ჩვენს ევროპულ გზაზე, რადგან დღეს არა მხოლოდ ამაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, ან ხალხი ქუჩაში არ უნდა მოითხოვდეს ამ კანონის გაწვევას, არამედ პარლამენტი, რომელსაც ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, თავგამოდებით უნდა მუშაობდეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში მითითებულ რეფორმებზე, რომ შევძლოთ წლის ბოლოს გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასვლა. ვიცით, რომ კომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს პროგრესის მაჩვენებელს და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ გააკეთოს ის, რაც აუცილებელია და უამრავი საკითხია, რაზეც ნამდვილად უნდა აკეთებდნენ საკანონმდებლო შეთავაზებებს და სწრაფად ამტკიცებდნენ, ამის ნაცვლად უკან ვიხევთ. ეს ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. და კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რაც სხვა კანონების ფონზე ხდება, მე ამ კანონებს არ დავუბრუნდები, მაგრამ თითოეული ევროკავშირთან ხელშეკრულების ლახვრის ჩაცემაა, სხვადასხვა, მნიშვნელოვან, ამ კანონზე უფრო ტექნიკურ ასპექტებში. ამ დროს ხელისუფლება, რომელმაც მთელ მოსახლეობასთან ერთად, აღნიშნა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღება და გვითხრა, რომ ის [სტატუსი] მათ მოიპოვეს, მათ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს - თებერვლიდან მოყოლებული და მანამდეც, არა მხოლოდ ეს კანონი შემოიღეს, არამედ ძალიან ანტიევროპულ, ანტიამერიკულ და ზოგადად, ანტიდასავლურ საუბარს იწყებენ. ,,ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლა განსაკუთრებით კონფრონტაციული და მძიმეა ჩვენი პარტნიორების მიმართ, მათ მიმართ, ვინც გვჭირდება, ვინც სტატუსი მოგვანიჭა, რთულად, რადგან გარანტირებული არ იყო, და ვისგანაც დღე-დღეზე ველოდებით შემდეგ ეტაპზე გადასვლის თანხმობას. გუშინ ოთხი ნორდიკული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო აქ, ოთხ ნორდიკულ ქვეყანას წარმოადგენდნენ, ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ გალანძღა; არ მიიღო სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, მათ შორის: მაიკლ როტი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომისიის წარმომადგენელი, რომელიც ასევე გალანძღა იმ სიტყვებით, რომლებსაც არ გავიმეორებ. ისეთი ატმოსფერო არ არის, რომ თითქოს მთავრობას სურდეს კომპრომისებზე წასვლა, არაფერს ვამბობ სიტუაციაზე ქუჩაში. მანიფესტანტების უმრავლესობა ახალგაზრდობაა, მაგრამ არა მხოლოდ, როდესაც ქუჩში 200 000 ადამიანია, ცხადია, მხოლოდ ახალგაზრდები არ იქნებიან, მაგრამ ამ 37 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ბევრი ახალგაზრდაა, უნივერსიტეტები გაიფიცნენ და ზეწოლა, პირდაპირი თავდასხმები და უხეშობები ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ისინი ააშკარავებენ არა პოლიციურ უხეშობას, რომელსაც თითქმის ყველგან ვხედავთ, როდესაც გადაცდომებია მანიფესტაციების დროს, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად არ არის გადაცდომები და ეს უხეშობები არ მომდინარეობს პოლიციისგან, რომელიც ისევე იქცევა როგორც ნებისმიერი სხვა პოლიცია, ეს სპეციალური ძალებისგან მოდის, რომლებსაც პოლიცია აწერიათ, მაგრამ იდენტიფიცირების გარეშე. შესაბამისად, ძალადობის გამოძიება და მოკვლევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ისეთ მდგომარეობაში ვართ, სადაც ძალადობამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოიმატოს. ეს ჯერ არ მომხდარა. მშვიდი 35 დღე გვქონდა. მაგრამ თქვენი მსმენელებისთვის აღვნიშნავ, რომ ამ მოსახლეობას, რომელიც 37 დღეა აპროტესტებს, არ დაუწვავს არცერთი მანქანა და არ გაუტეხავს არცერთი ვიტრინა. ეს წარმოდგენას ქმნის. მართალია, წარწერები გააკეთეს პარლამენტზე, ეს ამ მხრივ, მათი მაქსიმუმია. ეს ოპტიმისტური მხარეა; მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება აპროტესტებს, ისინი გამოჩნდნენ და ჩვენც აღმოვაჩენთ, რომ მათ მობილიზაციის ამხელა შესაძლებლობა ჰქონიათ. ამან ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება უნდა მოგვცეს, მეორე ეტაპი 26 ოქტომბრის არჩევნების მომზადებაა. ახლა საჭიროა დღევანდელი ენერგიის მოდიფიკაცია. მე წერილებს ვიღებ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, 120 მათგანმა მომწერა, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციებისგან, ახალგაზრდებისგან, რომლებიც მეუბნებიან „მოლაპარაკებებში არ შეხვიდეთ ჩვენთვის, ჩვენ არაფერს არ ვთმობთ“. გასაგებია, რომ კანონი მიიღება, ვეტო დაიძლევა, ან მოხდება მისი ცვლილება მარგინალურად და ინტერესის გარეშე. დღეს არჩევნებისკენ სვლაა მნიშვნელოვანი. ამ არჩევნებზე... მე მესმის, რომ მოლდოვამ გამოაცხადა დღეს, რომ ოქტომბერში ჩაატარებს რეფერენდუმს მისი ევროპული მომავლის შესახებ, აქაც ასეა, ამ არჩევნებით გვექნება რეფერენდუმი ევროპასთან დაკავშირებით. ასე უნდა დავინახოთ ეს მომავალი არჩევნები. ეს ვერ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება არჩევნები ამ გადახვევის გასაჩერებლად. მე რბილ სიტყვას ვიყენებ, ეს მხოლოდ გადახვევაა, დავუბრუნდებით სწორ გზას, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს არჩევნებით მოხდეს. ეს უნდა აღიაროს ევროკავშირმა. დღეს მოსახლეობა ამბობს რა სურს, საქართველო 30 წელია ამბობს რომ, სურს ევროპა. ეს ითქვა ქუჩაში და ხელახლა განმეორდება საარჩევნო ყუთებთან. ამ გზაზე მხარდაჭერა გვჭირდება, იმისათვის რომ ეს მშვიდობიანად მოხდეს, რომ არ მოხდეს აგრესიის გამძაფრება. ევროკავშირმა აუცილებლად, ძალიან მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ის საქართველოს არჩევანს გაითვალისწინებს, ანუ ქვეყანას არ დაასანქცირებს. მე ვმიჯნავ ინდივიდუალურ სანქციებს და ქვეყანას, რომ ქვეყანა არ იქნება დასანქცირებული, სანამ მისი პასუხი არ იქნება ცნობილი არჩევნების შედეგად.
საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს აკლია სიმტკიცე საქართველოს მთავრობის მიმართ და მოითხოვს სანქციებს.
მე არ მოვითხოვ... ორი რამ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან: არის ინდივიდუალური სანქციები, რაზეც პრეზიდენტი თავის აზრს ვერ გამოხატავს. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ევროპელებმა იციან რა და როდის გააკეთონ. მეორეს მხრივ, სიმტკიცეს რაც შეეხება.. ვთვლი, რომ დღეს ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა თქვას რომ მხარს უჭერს, როგორც ეს გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს, რომ ის მხარს უჭერს პროევროპულ, მშვიდობიან და აბსოლუტურად „არარევოლუციურ“ მოძრაობას, რომ ის აკრიტიკებს არსებულ ხელისუფლებას, რომელმაც წყალი აამღვრია და ამან უსარგებლო პოლარიზება გამოიწვია და ეს ეწინააღმდეგება ევროპულ მიზნებს. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. საჭიროა, რომ აქ ელჩებმა და ასევე ევროკავშირმა აჩვენონ, რომ მიუღებელია აქ ვიზიტით მყოფი პირების, ევროკავშირის წარმომადგენლების და ზოგადად, ევროპელი ლიდერების მუდმივი ლანძღვა. რიტორიკა უნდა შეიცვალოს. ეს დღესვე, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. და მეორე ეტაპი, ანუ სავარაუდო რადიკალური სანქციები, რომლებიც ქვეყნის მომავალს შეეხება, ეს დამოკიდებული უნდა იყოს, დემოკრატიიდან გამომდინარე, იმაზე, რასაც ხალხი არჩევნებზე იტყვის.
აშკარად ვხედავთ ამ მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს, მის მობილიზებას. მაგრამ, ასევე არის საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ძალიან ტრადიციული, რომელიც შეიძლება ითქვას, დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩევა. ეს ნაწილი არ შეიძლება გაძლიერდეს, იმის მსგავსად, რაც ხდება ევროკავშირში?
არ ვარ დარწმუნებული, რადგან უპირველეს ყოვლისა, არის აზრის გამოკითხვები. შეიძლება ამ ხალხს ევროპის სხვანაირი გაგება აქვს. გამოკითხულების 80 და დღეს უკვე 85 პროცენტი ყოველთვის არჩევანს ევროპულ გზაზე აკეთებს... სწორედ ამ პარტიამ ჩაწერა კონსტიტუციაში ევროპული ორიენტაცია. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ დღეს, ევროპის ლანძღვის პარალელურად და ევროპული გზის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების პარალელურად, ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებმა მათ აგრესიულ ნარატივს ერთი პატარა ჩანართი დაამატეს, „ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ევროპაში შევალთ 2030 წელ“. რატომ? იმიტომ რომ ისინი ასევე ითვალისწინებენ მათ საკუთარ ამომრჩევლებს, არ ვიცი რამდენს წარმოადგენს მათი ამომრჩეველი, ამას ვიხილავთ. ისინი მიხვდნენ, რომ მათაც უნდათ ევროპა და არ ამბობენ უარს ევროპულ მომავალზე. აქ რეალური კონსენსუსია. ამ ადამიანების შვილები ევროპაში სწავლობენ, საყიდლებზე ევროპაში დადიან, უფრო მეტად, ვიდრე ის მოსახლეობა, რომელიც ქუჩაშია. ნამდვილი ინტერესები... და ყველაფერი კავშირშია. დღეს საქართველო ნამდვილად ევროპულია. ორიდან ერთი სტუდენტი ევროპაშია ნამყოფი სასწავლებლად, სტაჟირებაზე, შეიძლება არა ხანგრძლივად, არამედ მოკლევადიანიადან. ,,ერასმუსი“ ძალიან დაფასებულია აქ. ყველა არის რამდენიმე დღით ევროპაში ნამყოფი, რადგან ახლა დაბალბიუჯეტური ფრენები გვაქვს და ამან ყველას მისცა საშუალება... ზუსტი ციფრები არ მაქვს, მაგრამ საქართველოს დაახლოებით, სამი მეოთხედი ნამყოფია ევროპაში. ამ კავშირს ვეღარავინ გაწყვეტს.
ახლა გადამწყვეტი მომენტია, გზაგასაყარია ქვეყნისთვის, რომელიც ევროპის სურვილსა და რუსეთთან დაახლოების შესაძლო ცდუნებას შორის იმყოფება? რა ინტერესი აქვს ხელისუფლებას ამაში?
არ ვიცი. არ ვიცი რა ამოძრავებთ მათ, ეს საჯაროდ არ ცხადდება, ამაზე არ მიმდინარეობს მსჯელობა. მე შემიძლია ვიყო გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანამ, რომელმაც გამოიარა სამი ომი და ოკუპაციის ათობით წელი (რომ აღარაფერი ვთქვათ საუკუნეებზე), სხვადასხვა რუსეთის მიერ, რომელსაც ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და დღე არ გავა ისე, რომ მძევალი აიყვანონ, სადაც ქართული ენა პრაქტიკულად აკრძალულია, სადაც ყოველდღე ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის, არაქართველი მოსახლეობისაც, არ შეიძლება იყოს რუსული გავლენის ქვეშ დაბრუნების ცდუნება. განსაკუთრებით, დღეს, როდესაც ვხედავთ თუ რა არის დღევანდელი რუსეთი. უკრაინამ ჯერჯერობით ვერ დაიბრუნა საკუთარი ტერიტორიები მასზე დამოუკიდებელი მიზეზის გამო. მან უკვე დაამტკიცა, რომ ეს უდიდესი იმპერია თიხის ფეხებზე დგას. მან უკვე დაამტკიცა, რომ რუსეთის სამხედრო სტრატეგია არ ამართლებს. სამხედრო მმართველობა ხშირად იცვლება, ეს დიდი უძლეველი არმია არც ისეთი უძლეველია და ამ რეჟიმს მხოლოდ ძალა გააჩნია. ეს ვერავის მიიზიდავს, მითუმეტეს ქართველებს. ამან შეიძლება მიიზიდოს ევროპელები, რომლებმაც ჯერ ვერ გაიგეს კარგად თუ რა დიდი უპირატესობაა მშვიდობიანი ევროპა, მაშინაც კი, თუ მათ ყველაფერი არ მოსწონთ... ეს ქართველებს ვერ მიიზიდავს. არ არსებობს რუსული ცდუნება, შეიძლება იყოს ზოგიერთი ლიდერის რუსული მანევრები.
დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო.