ინტერვიუ Radio Télévision Suisse-სთან
ქვეყნის პრეზიდენტს სურს ევროპასთან და არა რუსეთთან დაახლოება მთავრობისგან განსხვავებით. იგივე სურს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს, რეგულარული გამოკითხვებით. როგორ ხდება, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და თავად პრეზიდენტიც თავიანთ ნებას ვერ აწესებენ, ამის შესახებ ვკითხეთ პირდაპირ პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.
რადგან გვყავს რეჟიმი, რომელიც ავტორიტარული ხდება. მე, პრაქტიკულად, სიტყვისა და მოსახლეობის მხარდაჭერიდან მომავალი ლეგიტიმურობის გარდა, არანაირი ძალაუფლება არ გამაჩნია. მოსახლეობას, ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე, დღეს ქუჩაში ფრუსტრაციის გამოხატვისა და 26 ოქტომბრის არჩევნებზე უკმაყოფილების გამოხატვის გარდა სხვა შესაძლებლობა არ აქვს. ეს მანიფესტაციები ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ სინამდვილეში სიმბოლო გახდა. რუსულმა კანონმა, შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის მოთოკვა გამოიწვიოს და ეს აგრეთვე არის სიმპტომი ბევრი სხვა მოვლენის, რაც უკვე ვიხილეთ, სხვა გადაწყვეტილებები, სხვა კანონები, და განსაკუთრებით ამ ქვეყნის ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც აღარ მიდის ევროპული გზით, რომელიც ამ ქვეყანამ აირჩია, როგორც თქვენ ახსენეთ მოსახლეობის 80 პროცენტმა. ევროპული ორიენტაცია კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ამ პარტიამ ჩაწერა რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია, როგორც პრიორიტეტი. და უცებ გვაქვს განცდა, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და მას შემდეგ სხვა მიმართულებით ვითარდება მოვლენები. 29 აპრილს პარტიის საპატიო თავმჯდომარეს განსაკუთრებით მძაფრი გამოსვლა ჰქონდა, ის დაუპირისპირდა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, ბრალი დასდო მათ საქართველოში მეორე ფრონტის, დესტაბილიზაციის გაღვივებაში, ხელისუფლების დამხობის დაფინანსებაში. კონსპირაციული ბრალდებების მთელი სერიაა, ჩვენი მთავარი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, და რომლებიც მზად იყვნენ, და კვლავ მზად არიან გაგვიხსნან მოლაპარაკებები უკრაინის და მოლდოვის მსგავსად. ეს არის ფრუსტრაციის მიზეზი...
საქართველო არალიბერალური დემოკრატია ხდება ან გახდა? შიშობთ, რომ სწრაფად მოხდება სამართლებრივი სახელმწიფოს გაუარესება?
გაუარესება ხდება კანონების მთელი სერიით, კარგად ვნახეთ ამ კანონის კენჭისყრის დროს, ვართ ერთადერთი პარტიის სისტემაში, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს და არანაირ ძალაუფლებას არ აძლევს ოპოზიციას, აკონტროლებს სასამართლოს, და ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, სასამართლო სისტემის გათავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან. ეს ერთადერთი პარტია აკონტროლებს სხვა ინსტიტუციებს, როგორიცაა მედია რეგულაციების კომისიები, ეროვნულ ბანკს აკონტროლებს. გვაქვს განცდა, რომ დავბრუნდით სისტემაში, საიდანაც გვეგონა რომ გამოვედით, და ეს იწვევს მოსახლეობის ფრუსტრაციას, სისტემაში ავტორიტარული ტენდენციით, მუდმივი ზეწოლით, მედიაზე მუქარით. კანონი გარკვეულწილად ამ შიშს და ამ ხილული დეგრადაციის ნიშნებს და ინტეგრაციის საპირისპო გზაზე სვლას განასახიერებს.
თქვენ უკრაინა ახსენეთ. ხშირად გვესმის უკრაინაში მაიდანთან შედარება, 2013 წელს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას სურდა ევროკავშირთან დაახლოება, გადააყენეს პრორუსი პრეზიდენტი, და ვნახეთ, თუ რა მოვლენები მოჰყვა ამას დღევანდელ დღემდე უკრაინისთვის. შედარება ვალიდურია?
ყველა შედარება სწორი არ არის. შედარება ვალიდურია, რადგან ჩვენ ყველანი ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვართ, არის მსგავსებები, რადგან ჩვენ ყველანი ვცდილობთ გამოვიდეთ პოსტსაბჭოთა ინსტიტუციებში. როდესაც არის მოსმენები ქვეყანაში და დღესაც კი ყველას უსმენენ, ჩვენ ისევ პოსტსაბჭოეთში ვართ. სამაგიეროდ როდესაც ვხედავთ ახალგაზრდობას, რომელიც ერთი თვეა თბილისის ქუჩებშია გამოსული, და მშვიდობიანად, სიმღერით და ცეკვით და მომავლის დიდი იმედით აპროტესტებენ, ეს ნიშნავს რომ აღარ ვართ პოსტსაბჭოთა სისტემაში. ყოველთვის ძნელია იმის თქმა, რომ იგივე განმეორდება. ჩვენ მაიდანისგან განსხვავებულ სიტუაციაში ვიმყოფებით, დიდი პროგრესი გვაქვს, კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების კართან ვართ, უკრაინისგან განსხვავებით მოსახლეობას აზრი არასოდეს შეუცვლია და 80 პროცენტით ემხრობა ევროინტეგრაციას. დღეს ეს მაჩვენებელი 85 პროცენტზეა ასული. ეს ყველაფერი ძალიან სოლიდურია, და ამიტომ ვხედავთ ამ ძალიან მტკიცე რეაქციას. ახლა მნიშვნელოვანია ამ პოზიტიური ენერგიის გარდაქმნა მომავალ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება, და რომელიც იქნება საქართველოს მოსახლეობის პასუხი ამ ჯერ კიდევ მხოლოდ გადახვევაზე და დაბრუნება ჩვენს ერთადერთ სწორ გზაზე, ერთადერთ პერსპექტივაზე, ევროპულ პერსპექტივაზე.
რუსეთი დგას მთავრობის, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ქმედებების უკან?
ყოველთვის ძალიან რთულია იცოდე რა ხდება, ვინ მართავს, ვინ უწყობს ხელს და რაა სტრატეგიების ფარდის მეორე მხარეს. მთავარია ფაქტები დავინახოთ. ეს კანონი და გარკვეული რაოდენობის სხვა კანონები ცუდი მიმართულებით მიდიან, აუცილებელია გაჩერება და სწორ მიმართულებაზე დაბრუნება. სტაბილური საშუალება საქართველოსთვის, მისი და რეგიონის სტაბილურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გარეშე, ამაზე არის დამოკიდებული ჩვენი მეზობელი სომხეთით, არის მშვიდობიანად არჩევნებამდე მისვლა, რაც ხელახლა შემოაბრუნებს ამ არაევროპული კანონების საკითხს და დავუბრუნდებით სწორ მიმართულებას.
შიშობთ რომ რუსეთი პირდაპირ ჩაერევა? ის თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტს იკავებს.
რუსეთის მეზობლებიდან, ვერავინ ვერ იტყვის რომ არ აშინებს ის, რაც არის იმპერიალისტური რუსეთის ნიშანი და ხელწერა მისი დაარსების დღიდან; რუსეთში, საბჭოთა კავშირში, შემდეგ ისევ რუსეთში. ჩემი მხრიდან აბსურდი იქნებოდა იმის თქმა, რომ არაფრის მეშინია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სტაბილური, მშვიდობიანი გზა, რომელიც არ არის რუსეთთან დაპირისპირების გზა. ეს არის არჩევნების გზა, ჩვენი მომავლის არჩევა, ეს არჩევანი ქართველმა ახალგაზრდობამ აირჩია ქუჩაში გამოსვლით და მე მათთან ერთად ვარ.
რუსეთის ინტერესში არ შედის საქართველოს ევროკავშირთან ან ნატოსთან დაახლოება.
მაგრამ ეს ხდება. მშვიდად, ეტაპობრივად მხდება. 30 წელია ჩვენ ამ გზაზე ვართ. რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციამ და ომმა ვერ შეძლო ჩვენი ძირითადი მიმართულების შეცვლა, და რჩება იგივე, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ აირჩია. ეს არ შეიცვლება.
რას ელით ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან? მათ რა როლი აქვთ?
როლი.... ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს გარდაქმნა ბოლომდე და მაქსიმალურად სტაბილურად. მათგან გვჭირდება საქართველოს მოსახლეობის ამ ევროპული გზისადმი მხარდაჭერის სიცხადე. ველოდებით მათგან მკაფიო განცხადებებს როდესაც არის კანონები, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირმა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს გააკეთა. გვჭირდება მხარდაჭერა არჩევნებზე, დამკვირვებლების მისიებით, ევროპული დასწრებით და ყურადღებით. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია.
რამდენადაა ის, რაც ახლა საქართველოში ხდება მნიშვნელოვანი ევროპისთვის?
ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ეს არის შავი ზღვის სტაბილურობა, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების სტაბილურობა, რომლებიც ყველა შავ ზღვაზე და ამ რეგიონზე გადის, ენერგეტიკული კავშირები, მითუმეტეს ახლა, როდესაც რუსეთი იზოლირებულია სანქციების გამო, ჩვენ ალტერნატიული გზა ვართ. სომხეთი დიდ შემოტრიალებას ახორციელებს და უბრუნდება მის ევროპულ ბედს. ეს ასევე ძლიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი და იგივე ფუნდამენტურ ღირებულებებს ვიზიარებთ საუკუნეების განმავლობაში, უფრო ადრეც კი, ვიდრე ევროპა ევროკავშირად ჩამოყალიბდებოდა, სანამ ის პოლიტიკური პროექტი გახდებოდა. ეს ღირებულებების თანხვედრა და ევროპული პერსპექტივა ყოველთვის არსებობდა საქართველოსთვის, რადგან მისი მდებარეობიდან გამომდინარე, მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია გარდა იმისა, რომ შეუერთდეს ბედის და ღირებულებების ამ თანამეგობრობას.
თქვენ ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ მოსახლეობის ლეგიტიმურობით ხართ ძლიერი, მაგრამ თქვენ ღია კონფლიქტში ხართ მთავრობასთან, და საბოლოო ჯამში საუბრის გარდა არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, როგორც თქვენ თქვით. თქვენი პოზიცია ასატანია? სადამდე?
უპირველეს ყოვლისა, მე არავისთან არ ვარ ღია კონფლიქტში.
ძლიერ უთანხმოებაში...
მთავრობა შეიძლება იყოს ჩვენთან კონფლიქტში რაღაც მომენტში, მე იქ ვარ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობა. მე იმ ხაზზე ვარ, რა ხაზითაც მე ამირჩიეს, ეს არის საქართველოს ევროპული მიმართულება, მე არასოდეს არ მქონია სხვა მიზანი გარდა ამ მიმართულებისა როდესაც დავაყენე ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, იგივე მიმართულება მქონდა როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი საქართველოს წინა ხელისუფლების დროს. ეს საქართველოს გზაა, და ამიტომ მაქვს მე ლეგიტიმურობა, რადგან სხვადასხვა გაუთვალისწინებლობების მიღმა, მე ვიცავ იმას, რასაც იცავს საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი, ევროპისკენ სვლის შესაძლებლობას.
ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა მოგვცა ეს ინტერვიუ, რომელიც ჩაიწერა გუშინ.