მოხარული ვარ, რომ ხართ TV5 Monde-ზე. დღეს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში ვიმყოფებით. ინტერვიუ გვექნება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან.
მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო,
მოგესალმებით.
გმადლობთ, რომ გვმასპინძლობთ ორბელიანების პრეზიდენტის სასახლის ბიბლიოთეკაში. ჩემთან ერთადაა მარი ჟიგო, ჟურნალისტი Le Monde-დან, რომელიც ამ ინტერვიუს პარტნიორია. ეს ინტერვიუ ჩვენი ანონსით დავიწყოთ.
ევროპის დღის აღნიშვნის კადრები, რომელიც თბილისში ხუთშაბათს თქვენი ინიციატივით ჩატარდა. ისმოდა ევროპის და საქართველოს ჰიმნები. თქვენს გვერდით იყო ევროკავშირის ელჩი. ქალბატონო პრეზიდენტო, რატომ ხართ ასე მყარად დარწმუნებული, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია ?
იმიტომ, რომ საქართველოა დარწმუნებული იმაში, რომ მისი მომავალი ევროპულია. ის ყოველთვის ევროპული იყო, მითუმეტეს 1918 წელს - მისი პირველი დამოუკიდებლობიდან და შემდეგ 1991 წელს. თანამედროვე საქართველოს ყველა დამფუძნებელი პროევროპელი იყო და ეს იმიტომ, რომ სრულიად საქართველო დარწმუნებული იყო და არის, რომ მისი მდებარეობით და ღირებულებებით მას სხვა პერსპექტივა არ აქვს. სხვა შემთხვევაში, ჩრდილოელი მეზობლის წინაშე მას იზოლაციის საფრთხე ემუქრება.
ამ ინტერვიუში ამას უფრო დეტალურად დავუბრუნდებით. ქალბატონო სალომე, თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ. დასაწყისისთვის აგვიხსენით თქვენი როლი და პოლიტიკური წონა ამ ქვეყანაში.
პრეზიდენტის როლი წარმომადგენლობითი და სიმბოლურია. საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ძალაუფლება. მას მხოლოდ წარმომადგენლობის და სიტყვის ძალაუფლება აქვს. მაგალითად, მე არ შემიძლია პარლამენტის დათხოვნა, მე შემიძლია ზოგიერთ კანონზე ვეტოს დადება, რასაც ახლა ვაკეთებ, მაგრამ ეს ვეტოც სიმბოლურია, რადგან ვეტოს დასაძლევად ხმების იგივე რაოდენობაა საჭირო, რაც კანონის მისაღებად. პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ მის ვეტოს არ აქვს მყისიერი ეფექტი კანონის არმიღებაზე. სამაგიეროდ, რაც უფრო გადის დრო, ამ ქვეყანაში, რომელიც მისი ისტორიის გზაგასაყარზეა, სიტყვის ძალა მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მოსახლეობას, რომელიც თქვენ ნახეთ, და რომელიც ქუჩაშია უკვე ორ კვირაზე მეტია, სჭირდება იხილოს ინსტიტუტი, და დღეს გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი პრეზიდენტის ინსტიტუტია. არა პიროვნულად მე, არამედ ეს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რომ განასახიეროს საქართველოს და მისი ევროპული მისწრაფების უწყვეტობა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აღარ გამოხატავს.
რაც ეხება, ,,უცხოური გავლენების კანონს“ თქვენ გაქვთ ვეტოს უფლება, მაგრამ « ქართულ ოცნებას », რომლის უმრავლესობას ფლობს, შეუძლია მისი დაძლევა. არ გაქვთ შეგრძნება, რომ ხელფეხშეკრული ხართ ამ საკითხში?
არა და ამას გიხსნიდით. მე ვიცი, რომ ჩემი ვეტო სიმბოლურია. მიუხედავად ამისა, ვეტოს დადებას მთხოვს ქუჩაში გამოსული მოსახლეობა, იმის საჩვენებლად, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა ამ კანონის წინააღმდეგია, ეს ამას ამბობს და გამოხატავს ისე, როგორც შეუძლია. მასაც არ აქვს სხვა ძალაუფლება, გარდა სიტყვის თავისუფლებისა, რომლის წართმევასაც ცდილობენ დღეს, მაგრამ ეს ქმნის ერს, რომელიც განაგრძობს მისი აზრის და მისი ევროპული მისწრაფების გამოხატვას. ეს კანონი არ არის მხოლოდ კანონი გავლენის შესახებ, კანონი, რომელიც ამცირებს უცხოურ გავლენას, ეს კანონი გარკვეულწილად ამბობს, რომ ჩვენი ყველა დროის მეგობრები, პარტნიორები გარე აგენტები არიან, ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას და რომ ჩვენი მეგობრები ისინი არიან, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ამას უარყოფს მოსახლეობა, ამ ღირებულებების ცვლილებას და ამას უწოდებს ის რუსულს. რუსული კანონი ცხადია, პუტინის კანონის ასლია, მაგრამ ის ასევე, სრული ცვლილებაა იმ მიმართულების, რაც საქართველოს მისი პირველი დამოუკიდებლობის დღიდან ჰქონდა და რომელიც 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გათავისუფლების შემდეგ დაიბრუნა, არ უნდა დავუბრუნდეთ რუსეთის ნაკვალევს.
თქვენ სიტყვის ძალა, სიტყვის თავისუფლება ახსენეთ, თქვენ როგორც პრეზიდენტი, საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებთ?
მე არ უნდა მოვუწოდო საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებისკენ, რადგან ის ისედაც არსებობს. ეს მოძრაობა ახალგაზრდების მიერ არის წამოწყებული და მოსახლეობის დიდი ნაწილი მას შეუერთდა. პრეზიდენტი ვერ გაუძღვება საპროტესტო მოძრაობას, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, განვასახიერებ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უწყვეტობას, სახელმწიფოს, რომელიც არ დაექვემდებარება რუსეთის მხრიდან ახალ ზეწოლას, ახალ ოკუპაციას, პოლიტიკური იქნება ის, თუ ფსიქოლოგიური.
ქალბატონო პრეზიდენტო, ამ კრიზისში თქვენ ჩანხართ როგორც იმედი, შეიძლება კიდევაც უკანასკნელი იმედი, მმართველი პოზიციიდან ცოტა ადამიანი იზიარებს თქვენს პოზიციას. რა შეგიძლიათ..... სიტყვა, სიტყვის თავისუფლება, ვეტოს დიდი ძალა არ აქვს, მედიატორის როლის შესრულებას თუ შეძლებთ და ასევე, ძნელია წინასწარ წარმოდგენა, მაგრამ მაინც, როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას?
არც ისე რთულია. ერთის მხრივ, მე მაქვს მედიატორის როლი და ეს ახალი არ არის. მთელი გასული პერიოდის განმავლობაში, მე ვცდილობდი მეთამაშა როლი დეპოლარიზაციაში და მოსახლეობის და ოპოზიციური პარტიების კონსენსუსის კონსოლიდაციაში, რაც ადვილი არ არის. დღეს მაქსიმალური ძალისხმევაა გამოყენებული პარტიების მემორანდუმისთვის, რომელიც ასევე იყო ღია სამთავრობო პარტიებისთვის, მაგრამ ეს გაწვდილი ხალი მათ არ მიიღეს - ახლა უკვე გასაგები მიზეზების გამო. ეს იქნება პროევროპული პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც პარტიები ერთად, ან დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას მომავალ არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, კონსოლიდაციის გზა - ევროპული გზის კონსოლიდაციის გზა თავისუფალი არჩევნებზე გადის. არჩევნები თავისუფალი იქნება, თუ მოსახლეობა იქნება მობილიზებული და დღეს ვხედავთ, რომ ის ორი სეგმენტი, ახალგაზრდები, რომლებიც ტრადიციულად ნაკლებად მონაწილეობდნენ არჩევნებში, მიიღებენ მასში მონაწილეობას, და ჩვენი დიასპორა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედს წარმოადგენს, ასევე მისცემს ხმას არჩევნებზე. ეს ორი სეგმენტი ნაკლებადაა ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ, საჯარო სამსახურის, ან ზეწოლის სხვა ფორმით, რომლებსაც ახლა გააქტიურებულს ვხედავთ. ეს გადამწყვეტი არჩევნები იქნება და ჩვენ გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე შეტევების ფონზე, ცოტა მორიდებულებად მეჩვენება, მათ პირდაპირ აგენტებად მოიხსენიებენ. უკვე სამი კვირაა, ადრე უფრო თავშეკავებით, მაგრამ, ახლა გახსნილად, ამერიკელებს და ევროპელებს დივერსისტ აგენტობაში სდებენ ბრალს.
კონკრეტულად რას ელით ევროპელების მხრიდან ამ არჩევნებზე?
უპირველეს ყოვლისა, ნაკლები მორიდება, როდესაც მათ თავს ესხმიან,
ნაკლები მორიდება რას ნიშნავს, პოლიტიკურ რეაქციებს?
სავარაუდოდ, მე... საქართველოს მოსახლეობა მიუღებლად თვლის, რომ პარტნიორებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ სამი ათწლეულის განმავლობაში ბოლო პერიოდში, მიჩნეული იყვნენ დივერსიულ აგენტებად და არა ქვეყნებად, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოს ინსტიტუტების, ეკონომიკის და დემოკრატიის განვითარებას. საქართველოს მოსახლეობა თუ გაოგნებულია, შესაძლებელია ჩვენი პარტნიორებიც ცოტა მეტად უნდა იყვნენ გაოგნებულნი და თქვენ მართალი ხართ, მთავარი მხარდაჭერა თვალყურის დევნება, ყურადღება და ჩამოსვლაა...[ვიზიტები]
არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნა....
ჯერ ვიზიტები. არჩევნებზე დამკვირვებლები ... ვიცით, რომ არჩევნების ბედი არჩევნების წინა დღეებში არ წყდება და დამკვირვებლებს ბევრი არაფერი შეუძლიათ არჩევნების დღეს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დიახ, აქ დელეგაციების ჩამოსვლა, დამკვირვებლების ჩამოსვლა და სიტყვა.
რა გარანტია შეიძლება გვქონდეს რომ არჩევნები სამართლიანი და თანასწორუფლებიანი იქნება, რადგან თუ კანონი გავა, მთელი რიგი არასამთავროები ვეღარ იმუშავებენ, შესაძლებელია დამკვირვებლების დასწრება სასურველი არ იქნება, არ არის საშიშროება ამ მხრივ?
ბევრი საშიშროებაა. საქართველომ იარსება 25 საუკუნე, ყველა იმპერიის პერიოდში, მისი დედაქალაქი თუ არ ვცდები 25-ჯერ გადაწვეს. საქართველოს დამოუკიდებლობის და ახლა უკვე მისი ევროპული მომავლის საშიშროება უფრო და უფრო მეტია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვაჩეროს. კანონის მიღების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ დაფინანსდება იმავენაირად, დაზარალდებიან, მაგრამ არ ნიშნავს რომ რამდენიმე თვე ვერ იფუნქციონირებენ, ანუ არჩევნებამდე. საჭირო იქნება მათი მუშაობისთვის საშუალების პოვნა.
საზოგადოებაში სოლიდარობას ვხედავთ, რომელიც საშუალებას აძლევს დაკავებულ ახალგაზრდებს, გადაიხადონ ჯარიმები. ეს სოლიდარობა იხდის ჯარიმებს, მაგრამ
მაგალითად, გუშინ ნაცემი ქალისათვის ეს ვერ იქნება კომპენსაცია. საზოგადოება ფეხზე დგას, მზადაა ბრძოლისთვის, (გადატანითი მნიშვნელობით), მე თუ რამეს მოვუწოდებ, ეს არის მოწოდება იმისთვის, რომ მოემზადონ ამ გრძელი გზისთვის, რომელსაც ოქტომბრის არჩევნებისკენ მივყავართ და არა ქუჩაში ბრძოლისკენ, რადგან ეს წაგებული ბრძოლა იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ვხედავ და რასაც ვკითხულობ დღეს ხელისუფლების მხრიდან. ის ცდილობს ქუჩაში დაძაბულობისა და დაპირისპირების პროვოცირებას. ეს საქართველომ უკვე გამოიარა არც ისე შორეულ წარსულში. იმისათვის, რომ ამას აჯანყების მცდელობის, დაუმორჩილებლობის კვალიფიკაცია მისცენ, რომ ეს მართულია უცხოეთიდან, ეს სიტყვები ვიცით და გაგვიგია ჩრდილოელი მეზობლისგან. ეს ხსნის რეპრესიის ყველა შესაძლებლობას და არჩევნებამდე არმისვლასაც კი. ამიტომ მოვლენების საქმის კურსში ყოფნა მნიშვნელოვანია, ჩვენი უცხოელი მეგობრების და პარტნიორების მიმართ ჩემი მოწოდებაა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, დამკვირვებლები, შემდეგ უკვე გადაწყვეტილება მათ ეკუთვნით.
2023 წელს ქუჩის ზეწოლამ შეძლო და უკან დაახევინა ამ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობდა მიეღო ეს კანონი ცოტა სხვა დასახელებით. თვლით რომ ქუჩას კიდევ შეუძლია უკან დაახევინოს ხელისუფლებას, თუ მოსალოდნელია მათი მხრიდან იძულება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად?
ვფიქრობ, იძულებას უნდა ველოდოთ. ეს მათ დააანონსეს, იმეორებენ ყოველდღე. სინამდვილეში აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს კონკრეტული კანონი გავა თუ არა. თხუთმეტიოდე დღის წინ, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს მთავრობის მიერ არჩეულ რუსულ გზას. ეს მიმართულება, რომელიც უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, [მთავრობა] არაფერში არ ადანაშაულებს რუსეთს, მაშინ როცა აღდგომების შემდეგ, ყოველდღე ვიღაცას იტაცებენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან იმ ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც საზღვარს არ წარმოადგენს. არანაირი გაპროტესტება. რუსეთის შესახებ არცერთი ნეგატიური სიტყვა, სამაგიეროდ, დღე არ გავა ჩვენზე, ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებზე თავდასხმის გარეშე, უწოდებენ მათ გავლენის, დივერსანტ აგენტებს. გუშინ თბილისის მერმა დასავლელი პარტნიორები დაადანაშაულა, რომ ისინი ცალი ხელით პოზიტიურ აქტივობებს აფინანსებენ და მეორე ხელით კი, დივერსიულ ქმედებებს. ამას აპროტესტებს მოსახლეობა. ამ რუსული კანონის ირგვლივ არეულობის ფონზე ფარულად მიიღეს კანონი. ეს კანონის საქართველოსგან ქმნის ოფშორულ ტერიტორიას, სადაც რუსი და არა მხოლოდ რუსი ოლიგარქები, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სურს სხვადასხვა კონტროლს დააღწიონ თავი, მოვიდნენ მარტივად საქართველოში. ეს კანონიც არანაკლებ პრობლემატურია, არანაკლებ რუსულია მისი კონცეფციით და აზრით. ეს ყველაფერი; მათი დამოკიდებულება მანიფესტანტებთან, სიტყვის თავისუფლების შემცირება, მეტი რომ არ ვთქვათ, ეს ყველაფერი ქმნის ამ რეჟიმისგან რუსულ, პრორუსულ რეჟიმს და ამას აპროტესტებს მოსახლეობა უბრალოდ რუსული კანონის მიღმა.
ამბობთ, რომ ეს რუსული, პრორუსული რეჟიმია, თვლით, რომ კრემლი კარნახობს ამ ხელისუფლებას ბრძანებებს?
ამის თქმა ძალიან რთულია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს მოერგოს რუსეთს და წინასწარ იმოქმედოს ისე, რომ კარგად გამოჩნდეს მოსკოვის თვალში, თუ ისეთი კავშირებია, რომ რაღაცები მოთხოვნილი, სავალდებულოა, ეს რომ გაიგო, ფარდის მეორე მხარეს უნდა იყო. მე და მოსახლეობა ვხედავთ შედეგებს, ჩვენ ვხედავთ მიღებულ კანონებს, მთავრობის მეთოდს, მთელი ამ კვირის განმავლობაში მხოლოდ მუქარა, შეურაცხყოფა გვესმოდა, ყველანაირი გაფრთხილება ყველას მიმართ, რომ არ გაებედათ... დღეს ბიზნესმენები, რომლებსაც არ გამოუხატავთ პოზიცია რუსული კანონის შესახებ დაბარებული იყვნენ პრემიერ-მინისტრთან. სავარაუდოდ, მათ დამორჩილებას მოსთხოვენ. გაუგებარია რა კავშირი აქვთ ბიზნესმენებს ამ სახის კანონთან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება, მაგრამ ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს და ესეც რუსული რეჟიმია, პარლამენტში 83 დეპუტატი, რომელიც ხმას აძლევს რუსულ კანონს, ხმას აძლევენ უმრავლესობის ყველა კანონს, იყენებენ აქ როგორც ამბობენ «მესიჯ ბოქსებს“ და ყველა ერთი და იმავეს იმეორებს, არცერთი დეპუტატს ან უმრავლესობის წევრს არ აქვს ოფიციალურისგან განსხვავებული რიტორიკა.
მიგაჩნიათ, რომ ბატონი ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლა, ძალიან მძიმე გამოსვლა გეოპოლიტიკური გზაგასაყარია?
დიახ.
საქართველოს მიმართულება შეიცვალა?
საქართველოს მიმართულება, იმედი მაქვს არა, ხელისუფლების კი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, კი. ჩემთვის ეს რუბიკონია. თუ გადახედავთ ჩემს ადრინდელ განცხადებებს, მე ყოველთვის ვიკავებდი თავს, ძალიან ვფრთხილობდი, რომ კვალიფიკაცია არ მიმეცა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, პრორუსულად არ დამესახელებინა მთავრობა...
მართალია,
რადგან ვთვლიდი, რომ ასეთი დახასიათება, განსაკუთრებით, პრეზიდენტის მხრიდან ძალიან საზიანოა მთელი ქვეყნისთვის. დღეს მე ამ გარკვეულწილად დაცვის ხაზზე ვეღარ გავჩერდები, რადგან სიტუაცია ძალიან დამძიმდა.
მინდა მოვუსმინოთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, თებერვალში მისი დანიშვნის დროს წარმოთქმულ სიტყვებს და გავაკეთოთ შემდეგ კომენტარი. «მოგეხსენებათ, ქვეყნის უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა, რაც 2017 წლის საკონსტიტუციო მისიად არის მიჩნეული. ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვება ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია“. ეს განცხადება ძალიან მკაფიოა. საქართველოს გაწევრიანება ევროპულ სტრუქტურებში პრიორიტეტია. როგორ აანალიზებთ თქვენ «ქართული ოცნების» ამ ორმაგ განცხადებას?
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იყო ორმაგი ნარატივი და 2022 წლის დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, რამაც მოსახლეობის ზოგადი ენთუზიაზმი გამოიწვია, ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან იყო განცხადებები, რომ ეს მათი წყალობით მოხდა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და ყველაფერი კარგად იყო, კარგ გზაზე ვიდექით და ასე გავაგრძელებდით. შემდეგ უცებ შეიცვალა და დავუბრუნდით ნარატივს, რომელიც უკვე მოგვისმენია, რადგან ორმაგი ნარატივი იყო, მაგრამ ის გამკაცრდა, აღარ დავუშვებთ უცხო ჩარევებს და ეს ტექსტები გამძაფრდა და მივედით საპატიო თავმჯდომარის განცხადებამდე, რომელიც ცხადად აჩვენებს, სად არიან მეგობრები, სად არიან მტრები, ვინ არიან აგენტები, ვინ უნდა ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია.
თქვენ 2018 წელს ხელისუფლებაში «ქართული ოცნების» მხარდაჭერით მოხვედით. მაშინ რამ დაგაკავშირათ ამ პარტიას?
მე არ ვიყავი პარტიასთან დაკავშირებული. მე ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი, როგორიც უნდა იყოს პრეზიდენტი...
პარტიის პროევროპულობის გარანტი იყავით?
შესაძლებელია. რომ დავფიქრდე ამ გადასახედიდან, შესაძლებელია. მე ეს არ მაწუხებდა, რადგან იმ პერიოდში, ეს პარტია მედგრად პროევროპული იყო.
არ გიგრძნიათ სულ მცირე რუსული ორიენტაციაც?
არა, იმ დროს საერთოდ არა. ამ პარტიამ ჩაწერა კონსტიტუციაში მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას გააკეთონ ყველაფერი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში იყო და არა მარტო ჩემი. საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ბრიუსელში ჩასვლით იწყებდა საერთაშორისო ვიზიტებს. ჩვენ ბრიუსელში ვიყავით, ჩემი პირველი შეხვედრების დროს ევროკავშირში და ნატოში საქართველოს აქებდნენ ძალისხმევისთვის, წინსვლისთვის და ამან განაპირობა ნაწილობრივ ის პროგრესი, რომელსაც ევროპულ გზაზე მივაღწიეთ. შემდეგ 2021 წელს ყველაფერი აირია. 2021 წლის ზაფხულში, შარლ მიშელის შეთანხმების პერიოდში, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, შევეცადე შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი პლატფორმის ირგვლივ პოლიტიკური ძალების შეკრებას, ეს იყო მედიატორის როლი და რომელიც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ დახია და თქვა, რომ ეს მათ არ აინტერესებდათ, რომ თვითონ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ და არ სჭირდებოდათ ეს გაიდლაინი. ამის შემდეგ მოვლენები გაურკვეველი მიმართულებით განვითარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყველას გაუჩნდა კითხვა, და მათ შორის მეც; რაც ხდება, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხდება, რაც დრო გადის, მოსახლეობის მხარდაჭერა რომ იკლებს, ეს დემოკრატიული ფენომენია, თუ ეს არასწორი მიმართულებით სვლის დასაწყისია? ვყოყმანობთ, არ არის ცხადი. უკრაინის ომმა მეტი სიცხადე შემოიტანა. პრემიერ-მინისტრმა პირველი განცხადება 2022 წლის 23 თებერვალს გააკეთა. 1921 წელს რუსეთმა დაიპყრო საქართველო. 1921 წელის 25 თებერვალს. ასი წლით ადრე. მის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ არ დავაწესებდით სანქციებს.
ამას კიდევ დავუბრუნდებით. ქალბატონო პრეზიდენტო, როდესაც გისმენთ, ჩნდება განცდა, რომ თქვენ არანაირი პასუხისმგებლობა არ გეკისრებათ თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. დღევანდელი გადასახედიდან მიგაჩნიათ, რომ გულუბრყვილო იყავით, როდესაც ისარგებლეთ ქართული ოცნების მხარდაჭერით, ნანობთ თქვენს არჩევანს? ფიქრობთ, რომ შეიძლება არასწორი პოლიტიკური გათვლა გააკეთეთ?
ეს არ იყო პოლიტიკური გათვლა.
ამან საშუალება მოგცათ პრეზიდენტი გამხდარიყავით.
დიახ. მე ვთვლიდი, რომ ჩემი დიპლომატიური და ევროპული გამოცდილებით, და ამიტომაც ვიყავი სააკაშვილის პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი, შემეძლო მომეტანა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა ამ გზაზე წინ წასაწევად. და სანამ მე მქონდა შეგრძნება, (და ეს ასე იყო სააკაშვილთან პირველ პერიოდში) და ახლაც, რომ მე შემიძლია ვითამაშო როლი ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად, ამიტომ არ მქონდა უხერხულობის და ჩემს წარსულთან შეუთავსებლობის შეგრძნება. არანაირი მიზეზი არ მქონდა მეფიქრა, რომ ეს ჯგუფი, სადაც ყველამ განათლება აშშ-სა და გერმანიაში მიიღო, უცებ გადაიქცეოდა იმად, რაც ჩემთვის სრულიად უცხოა დღეს.
რა მოხდა? თქვენ როგორ ახსნით ამას? როგორ გადავიდნენ ევროპული პოზიციიდან ძლიერად ანტიდასავლურ პოზიციაზე?
ძალაუფლება პირველი, ასევე ძალაუფლებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, რაღაცებში იყვნენ ჩართული, ეს ძალიან რუსული მეთოდებია...
თქვენ თქვით რაღაცეებში იყვნენ ჩართული, თუ შეგიძლიათ დააზუსტოთ.
არა, არ შემიძლია დავაზუსტო, შეგიძლიათ მიხვდეთ, რა არის მმართველობის რუსული მეთოდები, როგორ ხდება ადამიანების ჩაბმა, როდესაც სურთ....
მაგალითად...
არა, მე როგორც პრეზიდენტს არ შემიძლია კონკრეტული მაგალითების მოცემა. ეს რუსული რეჟიმის მმართველობის მეთოდებია. საკმარია იმის ნახვა, თუ რა ხდება მოსკოვში, როგორ ხდება ხალხის ჩაბმა, როგორები მოდიან, ისწავლეს ევროპულ უნივერსიტეტში, სრულიად დასავლურები არიან და უცბად ირგებენ ნარატივს. გირჩევთ წაიკითხოთ პრემიერ-მინისტრის წერილი დღეს და ნახავთ, რომ რადიკალური სხვაობაა, რაც ვერ აიხსნება ჩვეულებრივი პოლიტიკური ახსნით დემოკრატიულ ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობამ არ დაასანქცირა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თვლით რომ ეს უნდა გაეკეთებინა?
მე ამ სფეროში რადიკალური არ ვიქნები. ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, სადაც რუსული ტანკები და ბაზებია განლაგებული. ზოგიერთი მათგანი დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია. ცხადია, რომ საქართველოს ნაკლები საშუალება აქვს, ნაკლები დაცვა აქვს, უფრო მოწყვლადია, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამიტომ პირველ პერიოდში, ის, რაც ჩანდა როგორც საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, შეიძლებოდა გაგებული ყოფილიყო მათი მხრიდან როგორც პასუხისმგებლობა. ნაკლებ გასაგები იყო მაშინ, როდესაც ეს სიფრთხილის ნარატივი გადაიზარდა ევროპელების და ამერიკელების ბრალდების ნარატივში, თითქოს ამ უკანასკნელებს სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, უკრაინული ფრონტის შესამსუბუქებლად თუ ჩასანაცვლებლად, რაც სრული აბსურდია. თუ ვინმეს შეუძლია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, და ამას მუდმივად აკეთებს, არის რა თქმა უნდა, რუსეთი. ეს ბრალდება განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო ყველასთვის. აქ გამძაფრდა გზიდან გადახვევა. ეს ყველაფერი პროგრესულად მოდის. და მუდმივად ისმის კითხვა. ეს ხდება მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უფრო მომთხოვნები არიან, როცა ითხოვენ დემოკრატიულ რეფორმებს, ვიდრე რუსი პარტნიორები იქნებოდნენ, ეს საკმარია ამის ასახსნელად თუ არა? და პროგრესულად წინ მივიწევთ და უფრო და უფრო მეტი რამ ხდება.
რუსეთის პრეზიდენტმა მეხუთე მანდატი დაიწყო სამშაბათს. გთავაზობთ მოვუსმინოთ ვლადიმერ პუტინს და შემდეგ გავაკეთოთ კომენტარი. « ჩვენ არ ვამბობთ უარს დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგზე. ბურთი მათ მოედანზეა. მათ სურთ რუსეთის განვითარების ხელის შეშლა, სურთ მათი აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა? ვიმეორებ, დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგი სტრატეგიულ და უსაფრთხოების საკითხებზე შესაძლებელია, მაგრამ ის ძალების დაპირისპირებით არ უნდა მოხდეს“. ქალბატონო პრეზიდენტო, მოვისმინეთ, ვლადიმერ პუტინი საუბრობდა დასავლეთთან დიალოგზე. როგორ გაიგეთ ეს განცხადება თქვენ? ფიქრობთ რომ დასავლეთს და რუსეთს შორის დიალოგი კიდევ არის შესაძლებელი?
ეს საუბარი არის ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსული. მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ვიქცევი ისე, როგორც მინდა, ყველანაირი ნორმების გარეთ და მათი დარღვევით და შემდეგ ვამბობ, რომ დიალოგი შესაძლებელია.
თქვენ იყავით დიპლომატი, მოლაპარაკებებს აწარმოებდით რუსეთთან 2005 წელს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით. თვლით, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ამ გაწყვეტილ ურთიერთობებში, რასაც ვხედავთ, დიპლომატიას კიდევ შეიძლება ჰქონდეს რამე როლი?
დიპლომატიას აქვს ადგილი და როლი გარკვეულ მომენტში. რუსებთან სამხედრო ბაზების გაყვანის მოლაპარაკებების დრო განსხვავებული მომენტი იყო, განსხვავებული პუტინთან, რომელმაც სავარაუდოდ, იმ მომენტში, მის საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა მითითება რომ ენახათ, თუ რას მოუტანდათ მათ მსგავსი მოლაპარაკებები. მე არ ვიცი რამ გამოიწვია მათი გადაწყვეტილება, მაგრამ მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის. ეს შეიძლება დაბრუნდეს ერთ დღეს, მაგრამ რუსეთი, რომელიც დღეს იქცევა ისე, როგორც ის იქცევა უკრაინაში, არ არის რუსეთი, რომელთანაც შეიძლება მოლაპარაკება, სანამ ის თვითონ არ აღიარებს რომ უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებს. მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობა და პატივისცემა. სანამ რუსეთს არ ეცოდინება, რა არის მისი და რა არის სხვისი, სანამ არ მოინელებს, სანამ გულის სიღრმეში დარჩება იმპერიად, დისკუსია ძალიან რთული იქნება. ეს არის სხვაობა იმ პერიოდის პუტინთან. შეიძლება აქაც თქვათ, რომ გულუბრყვილო ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც მომენტში იყო ტესტი, შეგვიძლია თუ არა პატარა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობის ქონა და მეზობლური ურთიერთობის დამყარება, საქართველო არასოდეს იქნება საფრთხე. ეს დიდხანს არ გაგრძელდა. დღეს ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ერთზე სამი სამხედრო ბაზაა განლაგებული და მეორეზე ორი. ახლა არის საზღვაო სამხედრო ბაზის პროექტი შავ ზღვაზე, რაც შავ ზღვაზე რუსეთის გავლენას კიდევ უფრო გაამყარებს.
რუსეთის ამ საზღვაო ბაზის პროექტის შესახებ გაქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია?
ყოველთვის ასეა, ზუსტად არასოდეს ვიცით. ისინი მინიშნებებს აკეთებენ, რომ იწყებენ ამ პროექტს, არავინ იცის, თუ რა ვადებში დასრულდება ის. ცხადი ის არის, რომ ეს პირდაპირი მუქარაა შავ ზღვაზე, ეს კონტროლის გაზრდის მცდელობაა და უკრაინაში ომის ერთ ერთი მიზანი რუსეთისთვის შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვებაა. ეს რუსეთის იმპერიის ძველი მიზანია. ჩვენთვის, ეს უპირველეს ყოვლისა არის სამხედრო ბაზა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც აკონტროლებს ჩვენი საზღვაო სივრცის ნაწილს, ეს ანაკლიის პორტის განვითარების პირდაპირი მუქარაა. ანაკლიის პორტი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელმაც უნდა განავითაროს ვაჭრობა და ტრანზიტი შავ ზღვაზე ცენტრალურ აზიასა და ევროპასთან.
ეს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი რატომ არის გაყინული დღეს?
ეს ის კითხვაა, რომელიც ხელისუფლებას დაუსვეს. რატომ გააჭიანურეს ის (პროექტი), რაც ახლა უკვე დასრულებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთვის დიდი პლიუსი იქნებოდა და ჩვენი მეზობლების და პარტნიორებისთვის, როდესაც ჩრდილოეთის გზა ჩაიკეტა სანქციების გამო.
ეს საზღვაო ბაზა, რომელიც როგორც თქვენ თქვით, რუსეთისთვის იქნებოდა უკანა ბაზა...
აფხაზეთში, საქართველოში..
დიახ, ... უკრაინაში ომისთვის, ფიქრობთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეძლებდა ამ პროექტის შეფერხებას?
ძნელია ამის თქმა. გაწევრიანება არ მოხდება ერთ და ორ წელში.
თვლით, რომ ევროპელებმა რაიმე როლი უნდა ითამაშონ ამ პორტის მშენებლობის შეფერხებაში?
პორტის მშენებლობის შეფერხებაში არა, აქ მათ არაფერი ეთქმით. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეწყობა და ევროპული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში, საქართველოსა და კავკასიაში ტრანზიტის ინფრასტრუქტურაში, ასევე სომხეთში, რომელიც ჩვენი მეზობელია და რომელიც ევროპისკენ ტრიალდება. ეს ყველაფერი კავკასიის, შავი ზღვის სტაბილიზაციის და ევროინტეგრაციის მომავალია.
დასავლურ მედიებში ყველა თქვენს გამოსვლაში თქვენ ამ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს თქვენ აფრიალებთ როგორც «საფრთხობელას», გეოსტრატეგიულ მუქარასთან ერთად. რა შეუძლია საქართველოს მოუტანოს ევროკავშირს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ სფეროებში?
ყველაფერი. ენერგეტიკული ტრანზიტის კუთხით, კომუნიკაციის დიდი გზები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი სანქციების გამო იზოლირებულია და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩება ასე, არა მგონია რომ რუსეთის რაიმე ცვლილება იქნება მომავალ წლებში, ეს ალტერნატიული ტრანზიტის გზები უნდა აშენდეს და უსაფრთხო გახდეს. ეს შეუძლია შესთავაზოს საქართველომ. საქართველომ ასევე შეიძლება მოიტანოს კავკასიის სტაბილიზაცია. ის ყოველთვის იყო ცენტრი კავკასიის, სადაც მას ყოველთვის ჰარმონიული ურთიერთობები აქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც, საერთოდ, მთელ რეგიონთან. ის რეგიონში ევროპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დასაყრდენია, სადაც საჭიროა პარტნიორების ყოლა. კულტურულად, საქართველო ისტორიულად შესაძლოა, ევროპელებზე უფრო მეტად ევროპული ქვეყანაა, ჩვენ და სომხეთი უძველესი ქრისტიანული ქვეყნები ვართ. საქართველო ცნობილი იყო როგორც დიდი ტოლერანტობის მქონე ქვეყანა, 26 საუკუნის განმავლობაში აქ ცხოვრობდა ებრაელების უმცირესობა, რომელიც სრულიად იყო ინტეგრირებული და არანაირი დევნა აქ არ ხორციელდებოდა და ებრაელები ამბობენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არ სჭირდება თქვას «აწი არასოდეს», ასევე გვყავს იეზიდების, სომხების მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც წარმოშობით სომხები არიან და საქართველოს მოქალაქეები, წარმოშობით აზერბაიჯანელები. რუსებიც კი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩნენ ინტეგრირებული არიან. ჩვენ ვართ უცნაური მაგალითი იმ ქვეყნის, რომლის ორი ტერიტორია ოკუპირებულია, სადაც ახლო წარსულში ომი იყო და რომელმაც მიიღო დაახლოებით 100 000 რუსი მიგრანტი ისე, რომ არ ყოფილა არანაირი ინციდენტი, და ისე, რომ ვერ ვიტყოდით, რომ ისინი (რუსები) ინტეგრაციისთვის ან ენის სწავლისთვის რაიმე ძალისხმევას იჩენდნენ.
ამ რუსებსა და საქართველოს ახალგაზრდობას შორის თანაცხოვრების პრობლემაა, საქართველოში რუსების შემოდინებამ გამოიწვია ინფლაცია, საცხოვრებლების კრიზისი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის..
საცხოვრებლების კრიზისი, ინფლაცია, ასევე პრობლემა დასაქმების ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით რესტორნებში, კაფეებში ახალგაზრდა მიმტანებს რუსულის ცოდნას სთხოვენ, ადრე ასე არ იყო, რადგან ეს ქვეყანა...
ამ ორი მოსახლეობის თანაცხოვრება შესაძლებელია?
ამას ჯერ-ჯეობით ვახერხებთ და ორი წელია უკვე რაც ეს სიტუაცია გრძელდება. საქართველო მიჩვეული იყო სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობას, ეს პატარა ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა ფუძნდება, ინტეგრირდება და იყო მოლოდინი მათთან დაკავშირებით რომ...
ინტეგრირება ამ შემთხვევაში ნამდვილად პრობლემური იქნება...
... ეს ინტეგრირება მოხდება და ამას საყვედურობს ხალხი, მათ აქვთ შეგრძნება, რომ ეს ახალგაზრდა რუსები, რომლებიც ჩამოდიან, მეტ ემპათიას იჩენდნენ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით. მათ ესმოდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, უკრაინა ოკუპირებულია და თუ მოდიან და ფუძნდებიან აქ, უნდა ესმოდეთ, რომ რუსების მიღება ხდება, მაგრამ არა რუსეთის.
შესაძლებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებით? საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საბოლოოდ უნდა აქციოს ზურგი რუსეთს ყველა მიმართულებით?
იცით, ევროკავშირის ერმა ყველა ქვეყანამ დღევანდელ დღემდე შეინარჩუნა ურთიერთობები რუსეთთან სანქციების მიუხედავად. არ ვფიქრობ რომ დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნისთვის... შეგახსენებთ რომ ჩვენ თურქეთისთვის ტრანზიტის ქვეყანა ვართ ვაჭრობისთვის, ჩვეულებრივი, არა აკრძალული ვაჭრობისთვის. ვერ ვიქნებით მეფეზე უფრო რუალისტები და ევროპაზე უფრო რუალისტები. საქართველომ უნდა განაგრძოს... სხვათა შორის საქართველო საკმაოდ კარგად აკონტროლებს საზღვრებს და ტრანზიტს, მაგრამ ეს კიდევ უკეთ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაითვალისწინოს... მაგალითად, ჩვენ არ ვიყენებთ ევროპულ სანქციებს ინდივიდებთან მიმართებით და ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ევროპულ რეზოლუციებთან ასოციაცირების პროცენტი, ისე როგორც ეს მოლდოვამ გააკეთა, თუმცა არა 100 პროცენტით, ეს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილიც კი არის. ეს შესაძლებელია, ფიგურირებს ჩემს, ჩვენს საარჩევნო ევროპულ პლატფორმაზე და ამის მიღწევა 6 თვის ვადაშია შესაძლებელია.
თქვენი მოსმენით გვრჩება განცდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს ბევრი პრობლემა მოგვარდება. თვლით რომ ეს ასევე მოაგვარებს ამ საზოგადოების პრობლემას, რომელიც ძალიან დაყოფილია. ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში პოლიტიკურ სცენაზე, ვნახეთ პარლამენტში აგრესიის, ჩხუბის სცენები, რომელიც ამ კლიმატს ასახავს, ასევე სახეზეა ვერბალური პოლიტიკური აგრესია.
ეს ვერბალური პოლიტიკური აგრესია ყველგანაა ფეისბუქზეც, სამწუხაროდ, ის განზოგადდა, მგონი, საფრანგეთშიც არ ხართ შორს ამ ვერბალური აგრესიისგან...
ჩვენ ჯერ ჩხუბის სცენები არ გვქონია პარლამენტში...
არა, მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ყოფილა, თქვენ საქართველოზე ნაკლებად გაქვთ ხმელთაშუა ზღვის გავლენა. ეს მე არ მაშფოთებს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვეყანა და ხალხი კონსოლიდირებულია ამ ევროპულ გზაზე, მათ შრის ის უმცირესობაც, და ეს მნიშვნელოვანია, რომელიც აგრძელებს ხელისუფლების მხარდაჭერას, რომელსაც, ვიტყოდი, მისი ინსტიტუციონალური მხარდაჭერა აქვს. საინტერესოა, რომ ამერიკელების, ევროპელების, პარტნიორების წინააღმდეგ შეტევების მიუხედავად, რაც გვესმის ამ ბოლო დროს, ყოველთვის გვესმის საბოლოო ფრაზა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ევროპაში შევალთ 2030 წელს. არ ვიცი რატომ 2030.
თქვენ არ გჯერათ 2030 წლის ჰორიზონტის?
მე არასოდეს არ ვაფიქსირებ თარიღს, პროცესია მნიშვნელოვანი. გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკვე თავისთავად აქვს დადებითი ეფექტი კანონმდებლობაზე, და უამრავ სფეროზე. ეს მითებია. რატომ 2030 და არა ჰორიზონტი, რომელიც მიახლოებასთან ერთად უკან იწევს. ეს არ არის მნიშვნელოვანი. ეს მესიჯი აუცილებელია მათი ევროპელების მიმართებით ვერბალური აგრესიის გადასაფარად, მათი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, რომლებსაც ასევე სურთ ევროპა. საქართველო 1991 წლიდან მოყოლებული, აზრის გამოკითხვის პრაქტიკიდან მოყოლებული 80, 85, 83 პროცენტით მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. არსებული რეჟიმის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერთა შორისაც კი, ხალხს უნდა ევროპა. ეს არის ჩვენი კონსოლიდაცია და აქედან გამომდინარე მე ვარ საბოლოო ჯამში ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი დღევანდელი ძალიან რთული სიტუაციის მიუხედავად.
გაწევრიანების პროცესი გარკვეული რაოდენობის მოთხოვნებით არის განპირობებული ევროკავშირის მხრიდან. განსაკუთრებით რეფორმა სასამართლო სფეროში. როგორ აპირებთ ამას, მითუმეტეს თუ ქართული ოცნება შეინარჩუნებს საპარლამენტო უმრავლესობას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს რეფორმა?
უპირველეს ყოვლისა, მე ვერ ვუპასუხებ ამ კითხვას, საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებაზე - ისინი უპასუხებენ. ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი ევროპასთან დაკავშირებით. არჩევანი იქნება ევროპულ გზასა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც არ შეგვიყვანს ევროპაში. როდესაც არჩევნების შედეგად გამოიკვეთება ხელისუფლება, რომელიც კოალიციური უნდა იყოს, ევროპული პლატფორმა, რომელსაც ხელს მოაწერს ყველა პარტია, რომელიც ამაზე უკვე თანხმდება, ეს პლატფორმა გულისხმობს სასამართლო რეფორმას, 6 თვის ვადაში ამ ახალი მთავრობის დანიშვნიდან, არის კონკრეტული ზომები, რომლებსაც პარლამენტი მიიღებს. ეს საკმაოდ სწრაფი ტრანზიცია იქნება, რამაც უნდა მიგვიყვანოს მოლაპარაკებების დაწყებასთან და ვთვლი და აქ ყველა ასე ფიქრობს, რომ უნდა იყოს დროებითი მთავრობა, და ახალი არჩევნები ჩატარდება ბევრად უფრო დამშვიდებულ გარემოში ერთი წლის განმავლობაში.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სხვა არჩევნებს უნდა ვადევნოთ თვალყური...
დიახ...
6-9 ივნისის არჩევნები. ევროპის მოსახლეობა აირჩევს წარმომადგენლებს პარლამენტში. გამოკითხვები ჯერჯერობით აჩვენებენ რადიკალური მემარჯვენეების ; პოპულისტური, სუვერენული პარტიების დაწინაურებას. ეს ტენდენცია თქვენში შეშფოთებას იწვევს?
ეს ტენდენცია ყველაში უნდა იწვევდეს შეშფოთებას. მითუმეტეს, რომ მემარჯვენე, ან რადიკალური მემარჯვენე, თუ პოპულისტური პარტიებისთვის ხმის მიცემა მარტივი გამოსავალია, ევროპული არჩევნების დროს, რადგან იგივე პარტიებისთვის ქვეყნის მომავლის მინდობასთან შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობაა. ვურჩევდი მათ, ვისაც მსგავსი არჩევანის გაკეთება სურთ რომ ნახონ აქ რა ხდება, ნახონ, თუ რა ხდება, როდესაც ქვეყანა ძალიან ახლოსაა რუსეთთან, რომელიც მთავარი ინსპირატორია იმ თეორიების, რომლებსაც ეფუძნებიან შემდეგ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პოპულისტები.
ევროპაში რადიკალური მემარჯვენეების გაძლიერებამ შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შედეგებზე?
ვერ ვისაუბრებ ჰიპოთეზებზე, რომელთა შედეგი უცნობია ჩემთვის. მე ვუსურვებდი ევროპას არ გააკეთოს არასწორი არჩევანი ევროპულ არჩევნებზე.
ამ ინტერვიუს დასასრულს, უფრო პირადი შეკითხვების დროა. ქალბატონო პრეზიდენტო, სადამდე გაგრძელდება თქვენი ჩართულობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, და რა ფორმა შეიძლება მიიღოს თქვენმა ჩართულობამ მომავალში, თუ აღარ იქნებით პრეზიდენტი?
მე ბოლომდე დავრჩები, ეს ეგზისტენციალური საკითხია. ჩემმა მშობლებმა დატოვეს ეს ქვეყანა, ისინი ჯერ პატარები იყვნენ, მათმა მშობლებმა დატოვეს ქვეყანა, როდესაც რუსეთმა უკვე მერამდენედ დაიპყრო საქართველო. ისინი თვლიდნენ, და ყველა დამოუკიდებლობის დამცველი თვლის, რომ ევროპა ერთადერთი პერსპექტივაა. ისე მოხდა, რომ მე იმ მდგომარეობაში ვარ, რომ შემიძლია აქტიურად დავიცვა ეს გზა და ეს ევროპული პერსპექტივა, და ამას გავაკეთებ სანამ შევძლებ, როგორც შევძლებ და იმ ფუნქციით, სადაც საჭირო და აუცილებელი ვიქნები.
მინდა გთხოვოთ, რომ რამდენიმე სიტყვის აგვიხსნათ ქართველების საოცარი სიცოცხლისუნარიანობა; 1978 წელს მათ არ დაანებეს და მანიფესტაციით გამოვიდნენ პარლამენტის წინ ქართული ენის შესანარჩუნებლად, 1989 წელი ბევრად უფრო სისხლიანი იყო სამწუხაროდ და აქაც იყო ემანსიპაციის მოთხოვნა, შემდეგ 2003 წელს ბატონი სააკაშვილის მოსვლა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ციხეშია, და ახლა ეს ახალგაზრდობა გამოსულია ქუჩაში. საიდან იღებს ქართველი ხალხი ემანსიპაციის ამ საოცარ ნებას?
ანუ იყო ენის, ქვეყნის, ტერიტორიის დაცვის 26 საუკუნე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ქვეყანა დამოუკიდებლობის სურვილმა გააერთიანა, რელიგიამ გააერთიანა, მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა დაყოფილი იყო და მისმა ენამ. ეს არის გასაღები; იმის შენარჩუნების სურვილი, რაც ჩვენამდე მოვიდა.
საქართველო თუ ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ შემთხვევაში, თქვენ პარიზში ან სხვა ევროპულ დედაქალში გადახვალთ საცხოვრებლად?
არ არსებობს თუ, არის მხოლოდ როდის შეუერთდება საქართველო ევროკავშირს.
გმადლობთ ქალბატონო პრეზიდენტო რომ გაეცით პასუხები ჩვენს შეკითხვებს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს პრეზიდენტის ეს ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ უკვე იხილოთ TV5 Monde-ის ინტერნეტ და იუთუბ გვერდებზე იხილოთ. მადლობა მარი ჟიგოს, Le monde-ის ჟურნალისტს, შევხვდებით მომავალ კვირას TV5 Monde-ზე.