ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ დავიწყეთ კითხვით - რა იქნება შემდეგი ეტაპი თუ მთავრობა დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს [უცხოური გავლენის შესახებ კანონზე]?
ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებაა. და ეს [არჩევნები] უნდა იყოს ის სივრცე, სადაც (ქუჩებისა და აქციების მიღმა) საქართველოს მოსახლეობა გამოხატავს თავის სურვილს და მისწრაფებას: სურთ მათ ევროპული მომავალი, იმ რეფორმებით რომელთა გატარების მოლოდინიც იყო ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სურთ რაღაც სხვა ასეთი ტიპის კანონებით, რომლებიც ჩვენს ევროპულ გზაზე წინაღობებს წარმოადგენენ.
გჯერათ, რომ ეს არჩევნები, რომელსაც ასე აფასებთ სამართლიანი იქნება?
მე არ შემიძლია მოგცეთ იმის გარანტია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდება. ეს ქვეყანა შეჩვეულია მთავრობის მიერ ასეთი რესურსების გამოყენებას, მაგრამ ამ ქვეყნის სხვა გამოცდილებაა ისიც, რომ თუ საზოგადოების მობილიზაცია არსებობს, არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელი და ნათელი არჩევანი, ძალიან რთულია არჩევნების ისეთი გაყალბება, რომ არჩევნების შედეგი შეიცვალოს. სწორედ ეს ხდება ახლა: უკვე 37 დღეა ჩვენ ვხედავთ საზოგადოების მაღალ მობილიზაციას, მათ შორის საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის (რაც ნახევარმილიონს წარმოადგენს). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საზოგადოების ძალიან თავისუფალ სეგმენტს წარმოადგენენ.
გაქვთ მოლოდინი, რომ ეს აქციები გაგრძელდება? განსაკუთრებით ის ახალგაზრდები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ - ისინი გააორმაგებენ თავის მცდელობებს წინააღმდეგობა გაუწიონ მთავრობას?
როდის, როგორ და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აქციები, ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. მაგრამ, ნათელია, რომ უნდა მოვახდინოთ ენერგიისა და მობილიზაციის საარჩევნო კამპანიისთვის რეორიენტაცია, რომელიც ბოლომდე ფოკუსირებული იქნება ჩვენი ევროპული არჩევანისა და ევროპული შანსის შენარჩუნებაზე.
ჩვენ ამ კონკრეტულ კანონზე ვსაუბრობთ, მაგრამ ასევე ვხედავთ ცვლილებებს ,,საგადასახადო კოდექსში“. ფიქრობთ, რომ მთავრობის ფარული მოტივია საქართველო რუსული ოლიგარქების ნავსაყუდელი გახადოს? როგორ ფიქრობთ, ამაშია საქმე?
ეს საგადასახადო რეფორმის შესახებ კანონი, საქართველოს ოფშორებისათვის ერთგვარ ოფშორად ხდის. არ არის ნათელი ზუსტად რას ნიშნავს [ეს კანონი], რადგან არანაირი გამჭვირვალობა არ არსებობს. [კანონის] ყველა დეტალი და იმპლემენტაცია გადაეცა ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა ფორმისა და ვადების შესახებ არაფერი ვიცით და კვლევაც არ ჩაუტარებია არავის, ამ კანონის შედეგებზე საქართველოს ეკონომიკასა და ბიუჯეტზე. ამიტომ, ის ძალიან გაუმჭვირვალეა.
აქციებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ზოგი უკრაინის მაიდანის აქციებს ადარებს, როდესაც მაშინდელ უკრაინის პრეზიდენტს კრემლთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება უნდოდა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? თქვენ გესმის ამის ექო?
არა, არ ვფიქრობ, რომ რაიმე მსგავსებაა მაიდანთან. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს. ჩვენ უკვე გვქონდა ჩვენი „მაიდანი“, როდესაც სხვადასხვა რევოლუციები მოხდა ქვეყანაში. ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო მასიური დემონსტრაციები ყოველ ჯერზე, როდესაც არსებობდა განცდა, რომ რაღაც არსებითი დგას სასწორზე. ჩვენ ვიცით რუსული აგრესია, რუსული ომები, ჩვენი ტერიტორიების რუსული ოკუპაცია და ამას არასდროს უბიძგია საქართველოსთვის გადაეხვია თავისი გზისგან, რომელსაც ის [საქართველო] მტკიცედ მიუყვება. ასე იქნება ახლაც.
მიუხედავად ამისა, არ შიშობთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს? თქვენ შეგიძლიათ ვეტოს დადება, მთავრობა მას გადალახავს - თქვენი პროტესტიც სიმბოლურია. შიშობთ, რომ თქვენ უძლური ხართ რუსული აგრესიისგან თქვენი ქვეყნის დასაცავად?
რუსული კანონი რუსული აგრესია არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული მომავლის შენარჩუნებაზე ნორმალური და მშვიდობიანი გზით - არჩევნების მეშვეობით.
იმის თქმა მინდა, რომ თუ ევროპული მომავალი არ გაქვთ, იძულებით არ უბრუნდებით აგრესორი რუსეთის კლანჭებს?
სწორედ ამიტომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს, მაგრამ ჩვენ მას დავიცავთ არჩევნების მეშვეობით, როგორც ეს წესია და ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით.
ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა.