ინტერვიუ DW News-სთან

ინტერვიუ DW News-სთან

მოხარული ვარ მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რომელიც მმართველ პარტიას სულ უფრო და უფრო ეწინააღმდეგება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი ეწინააღმდეგება, როგორ ფიქრობთ, ის კანონი გახდება? თუ ხედავთ რაიმეს, რაც ამას შეაჩერებს? როგორც მახსოვს, თქვენ თვითონ პირობა დადეთ, რომ კანონს ვეტოს დაადებთ.  

დიახ, ამ კანონს ვეტოს დავადებ, როგორც ყველა იმ კანონს დავადე, რომლებიც მთავრობამ ბოლო პერიოდში მიიღო და რომლებიც მოლაპარაკებების გახსნისთვის გაცემულ ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მაგრამ ახლა ცხადია, რომ ამ კანონით, რომელიც არსებითად რუსული კანონია, (რადგან რუსეთმა სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება სწორედ ამით მოახერხა), მთავრობა ცდილობს, საქართველოს პარტნიორები რევოლუციის აგენტებად წარმოაჩინოს, თითქოს ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ. რუსეთთან მიმართებით კი დუმან, თითქოს ის დღეს ჩვენი ახალი მეგობარი იყოს.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პრობლემა მხოლოდ რუსული კანონი არაა. პრობლემა რუსული მთავრობაა ან მთავრობა, რომელიც რუსეთის მიმართ დათმობებისკენაა მიდრეკილი და ამ ქვეყნის ორიენტაციას რუსეთისკენ მიმართავს. და ეს ისაა, რასაც ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა აპროტესტებს.

მხოლოდ კანონის სიმბოლურობა არაა, რეალობა ისაა, რომ ქვეყანა ამბობს: “ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენი ევროპული მომავალი, რაც ძალიან ახლოსაა. ვაპირებთ დავიცვათ ის ისევე, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ”.

ისინი [ხალხი]ჩვენს პარტნიორებს ეუბნებიან, რომ სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპის მომავალი და მისი სიძლიერეც დევს.

ქალბატონო პრეზიდენტო, მთავრობამ მსგავსი კანონპროექტის მიღება გასულ წელსაც სცადა. აგვიხსენით, მმართველ “ქართულ ოცნებას” ეს კანონი ასე ძალიან რატომ სურს.  

არ ვიცი. ცხადია, რომ მოგვატყუეს, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი პარტნიორები მოატყუეს. მათ თქვეს, რომ კანონს გაიწვევდნენ და აღარ წარადგენდნენ. ახლა ამ ყველაფერზე იტყუებიან. მათ საკუთარ მოსახლეობას იმედები გაუცრუეს და მოატყუეს. იმას, თუ რატომ აკეთებენ ამას არანაირი ახსნა არ აქვს.    

პოლიტიკური თვალსაზრისით, ვეღარ ვიტყვით რაც აქამდე შეიძლება თქმულიყო - რომ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენას ცდილობენ. დღეს, ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია, გარდა ერთისა, რომ ასიამოვნოს მოსკოვს. და მთავარი ფოკუსი, იმის მიუღებლობაა, რომ საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებებთან ძალიან ახლოსაა; და იმის დანახვა, რომ კავკასია რუსეთისთვის უკანა ეზო აღარაა. სწორედ ეს აღიზიანებს მოსკოვს და მათ, ვინც ახლა აშკარად, -ნი ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, მოსკოვის მსახურად გვევლინება.

თქვენ თვითონ თქვით, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მათი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოება და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. როგორი რეაქცია ექნება ხალხს? რამდენად გაბრაზდება ხალხი, თუ ეს კანონპროექტი მიღების პროცესს კიდევ უფრო მიუახლოვდება? რა მოხდება?

[ხალხი] ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან გონიერი. ვხედავთ ახალგაზრდობას, რომელიც სრულიად მშვიდობიანად აპროტესტებს და ასეც გააგრძელებს, რადგან მათ კარგად იციან რა რისკები არსებობს ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მაგრამ ამავდროულად, არც დამოუკიდებლობას და არც ევროპულ მომავალს არ დათმობენ. ეს ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობისთვის 26 საუკუნეა იბრძვის და დღემდე ასე გადარჩა.

ეს ქვეყანა ყოველთვის იზიარებდა იმ ღირებულებებს, რომლებსაც ახლა ევროპული ჰქვია და დაიცავს მას. ეს ქვეყანა მისი თავისუფლებისთვის ყოველთვის იბრძოდა. და მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო იმ განცხადებებისთვის, რომლებიც გერმანიის მხრიდან გაკეთდა, განსაკუთრებით ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის და სხვების მხრიდან. ვიცით, რომ გერმანია, ისევე როგორც ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი, საქართველოსა და ევროპული საქართველოს მხარესაა.

ანუ, თქვენ ვერ ხედავთ, მაგალითად, შესაძლო კომპრომისს, რაიმეს, რამაც შესაძლოა როგორც ქუჩაში მომიტინგეები, ისე მმართველი პარტია დააკმაყოფილოს?

არა მგონია, რომ არსებობდეს, რადგან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და ისევ წარადგინეს. ამასობაში მათ მიიღეს დამატებით რამდენიმე კანონი, მათ შორის კანონი, რომელიც საქართველოს ოფშორად აქცევს, ოფშორად რუსი სანქცირებული ოლიგარქებისთვის. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორი ზომები უნდა მიიღონ იმაზე, თუ რა ხდება აქ და დაინახონ, რომ მათი ყურადღება და მხარდაჭერა გვჭირდება დღეს და არჩევნებამდე, არჩევნების ამ ძალიან რთულ, მგრძნობიარე გზაზე, სადაც ქართველი ხალხი შეძლებს თქვას ის, რაც ევროპის სასარგებლოდ აქვს სათქმელი.

ქალბატონო პრეზიდენტო, ათი წლის წინ უკრაინის მთავრობას მოსკოვთან მჭიდრო კავშირები სურდა, მაგრამ ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა. ეს ცნობილია, როგორც მაიდანის რევოლუცია. არის თუ არა ეს მსგავსი მომენტი თქვენი ქვეყნისთვის?

არ ვიცი მსგავსია თუ არა. ჩვენ უკვე ყველაფერი გავიარეთ, რასაც უკრაინა გადის. ჩვენ გავიარეთ მაიდანი. ჩვენ გავიარეთ ომები. ასე რომ, დიახ, არის პარალელები იმასთან მიმართებით, თუ რა ხდება უკრაინაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი ინდივიდუალური გზ გვაქვს. ჩვენი გზა ამჯერად ოქტომბრის არჩევნებამდე მიდის, რომელიც რეფერენდუმის სახის იქნება - გვინდა ევროპა თუ რუსეთი? და საქართველოს პასუხი დარწმუნებული ვარ.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გმადლობთ, რომ ისაუბრეთ DW-სთან.

 

 

სხვა სიახლეები