პოლონეთი ეკონომიკური განვითარების კარგ მაგალითს წარმოადგენს. თქვენ კარგი და სტაბილური ზრდა გაქვთ – განაცხადა „TVP Info“-ს ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა რომელიც პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა რომ პოლონეთი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობარია.
საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს სამშაბათს ეწვია პირველი ოფიციალური ვიზიტით.
„TVP Info“-სთან საუბრისას პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს იმ პირველი შთაბეჭდილებების შესახებ რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მოახდინა მასზე. „ჩემი პირველი შთაბეჭდილებები იმის დასტურია რომ პოლონეთის სახით გვყავს მეგობარი რომელიც ასეთად რჩება მრავალი წლის, მრავალი საუკუნის განმავლობაში. ეს მეგობრობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო წლების განმავლობაში გახდა“– განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა რომ იგი ძალზე თბილად მიიღეს მისმა კოლეგამ - პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, პოლონეთის სეიმის მარშალმა მარეკ კუხჩინსკიმ და სენატის მარშალმა სტანისლავ კარჩევსკიმ. „ეს ძალზე თბილი და მეგობრული შეხვედრები იყო“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან აგრეთვე აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტის მიერ მიცემული პირობა იმის შესახებ რომ: „იგი ყველანაირად მხარს დაუჭერს საქართველოს რათა ეს ქვეყანა დასავლეთევროპული ქვეყნების ბანაკში აღმოჩნდეს“.
ზურაბიშვილმა გაიხსენა რომ აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამის მოქმედების 10 წლის განმავლობაში რომელიც პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით დაიწყო - საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოახერხა. მათ შორისაა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის დეტალიზებული და კომპლექსური ხელშეკრულება. „ამ მოქმედებებმა ქართველებს დაანახა რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისაკენ მყარია. ხანდახან ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ ევროპის ერთ-ერთი უკანასკნელი ენთუზიასტები ვართ. ასეთი ოპტიმიზმი ჩვენში, ნაწილობრივ პოლონეთის დამსახურებაცაა“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას რომ მისი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. „ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია ომის შედეგად რომელიც საქართველომ 2008 წელს გადაიტანა. ამ ომში პოლონეთის პრეზიდენტმა - ლეხ კაჩინსკიმ ფასდაუდებელი მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ. გამომდინარე აღნიშნული ტრაგიკული მოვლენებიდან ახლა ძნელია ქართველები რამით შეაშინო. ევროკავშირი კიდევ უფრო დაგვიახლოვდა ჩვენ და შესაბამისად ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროკავშირს.
ახლა ჩვენ ნატოს ღია კართან ვდგავართ რადგანაც მისი მოთხოვნების თითქმის სრული პაკეტი შევასრულეთ. ეს შეეხება როგორც ბიუჯეტს, აგრეთვე თავდაცვაზე გაწეულ ხარჯებს, ჯარის რეფორმირებას და რა თქმა უნდა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას“ - თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის აზრით რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებული აგრესიის მიზანი იყო რომ ქვეყანას გადაეხვია იმ კურსიდან და უარი ეთქვა იმ პერსპექტივებზე რომლებიც მან აირჩია. „ეს საქართველოს გამარჯვება იყო რადგანაც ჩვენ მტკიცე წინააღმდეგობა გავწიეთ. აქ საუბარია არა მხოლოდ უშუალოდ ომის პერიოდზე არამედ ომისშემდგომ პერიოდზეც. ბოლო არ უჩანს ფრონტის ხაზზე პროვოკაციებს, რუსეთი ისევ განაგრძობს თავის წნეხს მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მტკიცედ ვადგავართ იმ კურსს რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. მოსახლეობის 80 პროცენტი ამ კურსის მომხრეა“ - ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.
„რუსეთი პრობლემაა მაგრამ ჩვენ არ გვეშინია რადგანაც თუკი შიშზე დავიწყებთ კონცენტრირებას - მაშინ სხვა ყველაფერი დაგვავიწყდება და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებთ. ეს მცდარი გზაა რადგანაც ქვეყანა ასე არ შენდება და განვითარების შესაძლებლობები ასე არ ჩნდება. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“ - თქვა პრეზიდენტმა.
„დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული მაგრამ მოვა დღე და ჩვენ ამ რეგიონებს დავიბრუნებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გავერთიანდებით იმ ხალხთან რომლებიც ახლა ოკუპირებულ მიწებზე ცხოვრობენ“.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების პრიზმაში. „საქართველო არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო რომელსაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რომელსაც აქვს საკუთარი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა. რუსეთი არ განსაზღვრავს არც ჩვენს მომავალს და არც ჩვენს არსებობას“.
სალომე ზურაბიშვილის აზრით საქართველო ეკონომიკურად სულ უფრო მეტად საინტერესო პარტნიორი ხდება. „ამჟამად ევროკავშირი ჩვენს ქვეყანაში დიდ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. ეს არის სატრანსპორტო დერეფანი რომელიც კავკასიასა და შავ ზღვაზე გადის. ამავდროულად საქართველომ ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ამ ყველაფრის წყალობით ჩვენ ვიქეცით რეგიონულ ცენტრად ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობაში. ეს ძალზე მიმზიდველი სიტუაციაა ინვესტორებისათვის. გარდა ამისა ჩვენს კიდევ ერთ უძლიერეს არგუმენტს წარმოადგენს - სტაბილურობა“.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით პოლონეთი ძალზე კარგი პარტნიორია.
„პოლონეთი ძალზე წარმატებული სახელმწიფოა. ჩვენი ორივე ქვეყანა თავის დროზე მსგავსი სოციალისტური ეკონომიკის რეალობიდან გამოვიდა. ოდესღაც ჩვენ თავისუფალი ქვეყნები არ ვიყავით. მაგალითი რომელსაც პოლონეთი გვიჩვენებს - ეკონომიკური განვითარების კარგი მაგალითია. თქვენ კარგი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა გაქვთ.
პოლონეთი დასაქმების პოლიტიკის კარგ მაგალითსაც გვიჩვენებს რაც საქართველოში მართლაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. პოლონეთი კარგ მოდელს გვიჩვენებს რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც“.
საქართველოს პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა რომ „პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კულტურა. მრავალი წლის განმავლობაში პოლონეთი ჩვენი კულტურის ელჩს წარმოადგენდა ევროკავშირში. თქვენ მართლაც ძალზე ეფექტურად უწევდით პოპულარიზაციას ჩვენს კულტურას ევროპაში.
პოლონეთი თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების ქვეყანაა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში საქართველოში ასახლებდნენ პოლონელებს რომლებიც თავიანთი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. საქართველოში კარგად არიან ცნობილი პოლონელი არქიტექტორები რომლებიც ჩვენს ქვეყანაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ. ასევე კარგადაა ცნობილი ის მხარდაჭერა რომელიც პოლონეთმა ქართველ ოფიცრებს აღმოუჩინა როდესაც ისინი საკუთარ ჯარში გააწევრიანა“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
საუბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა პოლონეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. „იგი ჩვენს გვერდით იდგა ძალზე მძიმე მომენტში. საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას რომელიც ბატონმა ლეხ კაჩინსკიმ აღმოგვიჩინა ჩვენთვის ძალზე მძიმე დროს“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.