საქართველოს ლიდერი ქვეყნის მომავალს ნატოში ხედავს და რუსეთთან მიმართებით მკაცრი კურსის გატარებას მოითხოვს

By Jamey Keaten | AP

 
ჟენევა - საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უფრო მეტი გააკეთონ იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ რუსეთს და იმ „ძალიან მძიმე წნეხს“, რომელსაც, როგორც ის აცხადებს,  მოსკოვი საქართველოზე - ევროპაში ინტეგრაციის „ბუნებრივ“ გზაზე მდგარ ქვეყანაზე ახორციელებს.
დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტად არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟენევაში ჩაწერილი ინტერვიუს დროს მტკიცედ განაცხადა, რომ საქართველო ერთ დღესაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება.
„მე არ მაქვს დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც იქამდე მიგვიყვანს“ - აღნიშნა პარიზში, ქართულ ოჯახში დაბადებულმა ფრანგმა დიპლომატმა. „მაგრამ ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ჩვენი სვლა ნატოსკენ წარმატებით დასრულდება - და ევროკავშირისკენაც - სხვადასხვაგვარად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში“.
ზურაბიშვილისვე პროგნოზით, საქართველო ასევე დაიბრუნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს - რეგიონებს, რომლებზე კონტროლიც მან რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. მოსკოვმა ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ორივეგან თავისი სამხედრო შენაერთები განათავსა.
ზურაბიშვილი მათ „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენიებს. რუსეთის მტკიცებით, მან საქართველოში ჯარი  მას შემდეგ გააგზავნა, რაც საქართველომ სამხრეთ ოსეთზე იერიში მიიტანა.
„ვფიქრობ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თანდათან აცნობიერებენ, რომ პერსპექტივა ჩრდილოეთში (რუსეთთან) არ არის“ - აცხადებს ზურაბიშვილი.
67 წლის ზურაბიშვილი ჟენევას სტუმრობდა, სადაც ის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ორშაბათს გახსნილ ღონისძიებაზე დამსწრე ათობით სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც იმყოფებოდა.
ვინაიდან საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები  2008 წლის კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა - იმ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო - ზურაბიშვილი თვლის, რომ მოსკოვთან საქართველოს გაჭიანურებული ტერიტორიული პრობლემების საკითხის მწვავედ დაყენება სწორედ საქართველოს დასავლელ მოკავშირეებზეა  დამოკიდებული.
„პირისპირ შეხვედრებზე მათ უფრო მეტი უნდა ისაუბრონ საქართველოს შესახებ. საქართველო რუსეთთან გამართული ყველა შეხვედრის დღის წესრიგში უნდა იყოს.“- განაცხადა მან.
საქართველოში საფრანგეთის ელჩად მუშაობის შემდეგ, ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.  ამის შემდგომ,  ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. თებერვალში, პარიზში ის საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკარონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

სხვა სიახლეები