სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი

Salomé Zourabichvili, première femme présidente de Géorgie TV5MONDE
 

ის არის პირველი ქალბატონი, რომელმაც საქართველოს სადავეები ხელში აიღო. გარდა ამისა, ის არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი წარმოშობა აქვს - ქართული, და...ფრანგული. გამოცდილი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

 

ქალი პრეზიდენტი...ვინ წარმოიდგენდა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და სტალინის აკვანი საქართველო - კავკასიის პატარა ქვეყანა 3,7 მილიონი მოსახლით კიდევ ერთი გახდებოდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომელთაც ეს არჩევანი გააკეთეს?
 

სალომე ზურაბიშვილი. სწორედ ის აირჩია ამომრჩეველთა 59,52%-მა, 2018 წლის 28 ნოემბერს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა 1952 წელს. მისი ქართველი მშობლები 1921 წელს ემიგრირდნენ კავკასიის ამ პატარა ქვეყნიდან, სტალინის, იგივე იოსებ ჯუღაშვილის სამშობლოდან. მისი დიდი ბაბუა, ნიკო ნიკოლაძე, ცნობილი ლიბერალი მწერალი  (1843-1928) და იმ მოძრაობის წევრი იყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა რუსეთის იმპერიისაგან.

17 წლის ასაკში, ბაკალავრიატის დიპლომის მოპოვების შემდეგ, ახალგაზრდა სალონე ზურაბიშვილმა სწავლა პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში გააგრძელა, 1969 წელს. კარგი შეფასების წყალობით, ის მოსამზადებელ აკადემიურ სასწავლო წელს პირდაპირ ჩარიცხეს. დიპლომის მოპოვების შემდეგ ახალგაზრდა ქალმა ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. სწავლა შუა გზაზე მიატოვა, იმიტომ, რომ დიპლომატის კარიერა უხმობდა. რომი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ვენა, ბრიუსელი : სამსახურეობრივი მოვალეობის გამო თითქმის 30 წლის მანძილზე უწევს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. სალომე ზურაბიშვილი თავისუფლად ლაპარაკობს მრავალ ენაზე : ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად, რუსულად და ქართულად.

2019 წლის 1 აპრილის მონაცემებით, ქალი მეთაური 26 ქვეყანას ჰყავს, ანუ 2018 წლის მონაცემთან შედარებით ეს რიცხვი 5-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 11 ქალბატონს უკავია ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

ზემოაღნიშნული 26 მეთაურიდან, 12 ევროპული ქვეყნის მეთაურია : გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, სლოვაკეთი, ნორვეგია, ლიეტუვა, ესტონეთი, ხორვატია, სერბია, რუმინეთი, მალტა, საქართველო. მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ქალები მართავენ : ბაჰამის კუნძულებს, ბარბადოსს, გრენადას, პერუს, ნამიბიას, ტაივანს, მარშალის კუნძულებს, ბანგლადეშს, ნეპალს, სინგაპურს, ტრინიდადსა და ტობაგოს და ეთიოპიას.

მთავრობის მეთაურების 90%-ს ისევ მამაკაცები წარმოადგენენ, მამაკაცია პარლამენტართა 76%-იც, როგორც ეს 2019 წლის მარტში შეგვახსენა მარია ფერნანდა ესპინოსა გარსესმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

საქართველო გულში

2003 წლის ოქტომბერი : საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მას საქართველოში საფრანგეთის ელჩად ნიშნავს. სალომე ზურაბიშვილი ელჩის პოსტს ვარდების რევოლუციამდე ერთი თვით ადრე იკავებს, რომელიც საბჭოთა დიპლომატიის წარმომადგენლის, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას დაამხობს.

2004 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს „ჰპარავს“ და მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს აბარებს. სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა პირველი ქალი მინისტრი ხდება ქვეყნის ისტორიაში. ის საქართველოს მოქალაქე ხდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტი კენჭს უყრის შესაბამის კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს, საფრანგეთის მოქალაქეობაც შეინარჩუნოს.

მაგრამ ყველაფერი ისე კარგად ვერ წარიმართა, როგორც ელოდნენ. კოლეგათა მიერ ქედმაღლად და იმპულსურად შეფასებული სალომე ზურაბიშვილი ერთ წელიწადში მინისტრის პოსტიდან გადააყენეს. მან შეინარჩუნა ქართველთა ერთი ნაწილის მხარდაჭერა და ისინი ათასობით გამოდიოდნენ ქუჩებში მანიფესტაციის გასამართად. თავად სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ იძულებით გადადგომას „ნეობოლშევუკური ბოლო ბასტიონისა“ და „ნეოკომუნისტური სისტემის გამარჯვება“ უწოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციაში გადაინაცვლა.

2006 წლის აგვისტოში მან დააარსა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა,“ რომელიც მოგვიანებით ოპოზიციის კოალიციას შეუერთდა.

2010 წელს, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, იმიტომ, რომ კანონის თანახმად, კანდიდატი სულ ცოტა 10 წლის მანძილზე უნდა ყოფილიყო ქვეყნის მაცხოვრებელი, იმედგაცრუებული სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ სცენას ტოვებს და გაეროს უსაფრთხოების საბჭოში იწყებს მუშაობას.

მაგრამ საქართველო კვლავ უხმობს მას, პრეზიდენტი სააკაშვილის დამარცხების შემდეგ და წარმატებას წარმატება მოსდევს. ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი 2016 წელს პარლამენტის წევრად აირჩიეს. პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისათვის, ის 2018 წელს, წარბშეუხრელად ამბობს უარს საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ეს კი მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

დიპლომატიიდან სახელმწიფო პრაგმატიზმამდე
 

„მრავალი ათეული წლის წინ, როდესაც ახალგაზრდა ფრანგი დიპლომატი ვიყავი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი წინაპრების ქვეყანაში, რომელიც მაშინ საბჭოთა იმპერიის კლანჭებში იმყოფებოდა, ოდესმე პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდებოდი.“ - განაცხადას მან სააგენტო „ფრანს პრესთან“ საუბრისას 2018 წლის ოქტომბერში და დაამატა „თუმცა, სულ ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც დონეზე დავეხმარებოდი ამ ქვეყანას დემოკრატიისაკენ წინსვლაში“. ყოველდღიური გამოცემა „ლიბერასიონი“ მას ახასიათებს, როგორც „ პრაგმატულ და ევროპელ პრეზიდენტს საქართველოსთვის“ და აზუსტებს, რომ „ მისი ამბივალენტური პოზიციის გამო, სალომე ზურაბიშვილს ევროპელები და პრო-ევროპელები ხშირად პრორუსად მოიხსენიებენ, ხოლო რუსეთთან დაახლოების მომხრენი კი -  პროევროპელად“.
 

„მისი ქვეყნის მეთაურად არჩევა რევანშივით მოჩანს, მაგრამ, არის გარკვეული ჩრდილოვანი ზონებიც“, ვკითხულობთ იგივე გამოცემის სტატიაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგის, გრიგოლ ვაშაძის მიერ არჩევნების შედეგების თაობაზე დავასა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის „გულმხურვალე“ მხარდაჭერას გულისხმობს.

ისევ ფრანგი...
 

გასაკვირი არ ყოფილა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი პირველი ორმხრივი ვიზიტი პრეზიდენტის რანგში, საფრანგეთში მოაწყო, 2019 წლის თებერვალში. „მე ორი ქვეყნის შვილი ვარ“, აღნიშნა მან მედიასთან საუბარში იმავე ფრაზით, როგორიც მის წიგნს ქვია „ ქალბატონი ორი ქვეყნისათვის“, რომელიც გამომცემლობა გრასემ 2006 წელს გამოსცა.
 

ემანუელ მაკრონის მიერ მიღების შემდეგ, რომელსაც მან ღიად დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო კამპანიისას, სალომე ზურაბიშვილი იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრე აზულესაც შეხვდა. ამდენად, ის წელს უკვე მეორედ ესტუმრა თავის მშობლიურ პარიზს, აგვისტოს თვის ბოლოს.

პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავს, ქეთევანი, ფრანგულ-ამერიკელი ჟურნალისტი და დიპლომატი თეიმურაზი. განქორწინების შემდეგ ის ჯანრი კაშიაზე დაქორწინდა, რომელიც ქართველი მწერალი და ცნობილი ჟურნალისტი იყო, საბჭოთა დისიდენტი, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა.

პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ქალბატონ პრეზიდენტს სურვილი აქვს, თავისი გამორჩეული სიტყვა თქვას.  ის უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის მიერ აგებულ ფეშენებელურ პრეზიდენტის სასახლეზე, რომელიც თბილისს გადაჰყურებს და პატარა სასახლეს არჩევს ისტორიულ უბანში. ამბობს, რომ სამსახურში ფეხით ივლის.
 

თავის ტვიტერზე პრეზიდენტი ამ ზაფხულს აქტიურად ცდილობდა თავისი ქვეყნის რეკლამირებას და ტურისტების მოზიდვას ვაშლოვანის ეროვნული პარკის ველური ფრინველების დასათვალიერებლად. ამპლუა ქვეყნის მეთაურისათვის ნაკლებად ჩვეულია

სხვა სიახლეები