ინტერვიუ ქრისტიან ამანპურთან - CNN International
თუ ვინმემ იცის როგორია, როდესაც ვლადიმერ პუტინი შენს ქვეყანაში იჭრება - ეს ჩემი შემდეგი სტუმარია. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რომელმაც დამოუკიდებლობა 30 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ გამოაცხადა. მაგრამ, წლიდან წლამდე მზარდი დაძაბულობის შემდეგ, პუტინი, ქვეყანაში 2008 წელს შეიჭრა. აქაც მსგავსი სცენარია - სეპარატისტული რეგიონების, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება.
ზურაბიშვილმა უკრაინას მისი ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა, რამაც ის მთავრობასა და მმართველ პარტიასთან საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ახლა მე ის საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან მიერთდება, რათა აგვიხსნას, რატომ.
ქალბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს პროგრამაში. მინდა გკითხოთ, რას ფიქრობდით თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ, როდესაც ტანკები და ჯარისკაცები ამ ქვეყანაში [უკრაინაში] მეორედ შემოიჭრნენ, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამაც ძალიან მსგავსი რამ გადაიტანა?
მე რაც ვიფიქრე არის ის, რომ - რუსეთი არ იცვლება. ჩვენ ახლა 21-ე საუკუნეში ვართ. ყველაფერი სხვაგვარად უნდა იყოს. ჩვენ გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომლებიც ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ. ამ დროს რუსეთს კვლავ ძველი იმპერიალისტური მიზნები და ამოცანები აქვს, რაც ჩვენ და უკრაინელებმა ერთნაირად კარგად ვიცით, რადგან უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ჩვენ სწორედ ამას გავდივართ და სამწუხაროდ, ეს მეორდება. თუმცა ვფიქრობ, ამჯერად ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა, რადგან რუსეთმა თავის ამოცანებს ვერ მიაღწია, რუსეთის მიზნები არ შესრულდა და “თამაში” ოდნავ განსხვავებულია.
ქალბატონო პრეზიდენტო, შეიძლება გკითხოთ ახლა თქვენს ქვეყნაში არსებული მდგომარეობის შესახებ? მე მახსოვს, როდესაც რუსები შემოვიდნენ, ბევრი დაპირება იყო, რომ ისინი გაზრდიდნენ საარსებო წყაროებს და გააუმჯობესებდნენ ცხოვრების დონეს იმ ტერიტორიებზე, რომლების ოკუპაციაც მოახდინეს. ეს ნამდვილად ასე მოხდა? რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ხალხი უკეთეს პირობებში აღმოჩნდა?
ამ ორივე ოკუპირებულ ტერიტორიას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რუსეთი ძირითადად სამხედრო ბაზებად იყენებს. მას [რუსეთს], არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, მათ შორის მაგალითად, კულტურული დამოუკიდებლობის კუთხით.
კონსტიტუციით მე დღეს აფხაზური ენის დამცველი ერთადერთი პირი ვარ. მე ვალდებული ვარ აფხაზური ენა დავიცვა, რადგან ეს ერთ-ერთი ენაა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში სახელმწიფო ენას წარმოადგენს. ამ რეგიონებში მხოლოდ კულტურული კი არა, ეკონომიკური დამოუკიდებლობაც არა დაცული, ისინი არ განვითარებულან.
დარწმუნებული ვარ, რომ მათი [ოკუპირებული რეგიონების] ერთადერთი პერსპექტივა იგივეა რაც ჩვენი - ეს ევროპაა.
უკრიანის მსგავსად, თქვენც არ ხართ ნატოსა და ევროკავშირია წევრი ქვეყანა...
ჯერ არ ვართ.
დიახ ვიცი, ჯერ არა. მაგრამ თქვენ იმედი გაქვთ. მითხარით, არ გეშინიათ იმისა, რომ თუ სერიოზულად დაიწყებთ ამაზე განაცხადის გაკეთებას, რასაც თქვენ აკეთებთ, პუტინი კიდევ ერთხელ გესტუმრებათ?
არა, ეს ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ განაცხადი გავაკეთეთ [ევროკავშირის წევრობაზე] არამედ, ჩვენ ეს მიზანი ჩაწერილი გვაქვს კონსტიტუციაში.
საინტერესოა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მსვლელობისთვის ხელის შეშლას, ეს კურსი პირიქით დაჩქარდა, ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმება. ეს გაგრძელდება, რადგან რაც უფრო მეტ ზეწოლას ვიგრძნობთ რუსეთისგან, მით უფროა ევროპული პერსპექტივა ერთადერთი პერსპექტივაა საქართველოსთვის, უკრაინისა და რუსეთის ყველა მეზობლისთვის. ეს ის არის, რასაც რუსეთი კარგად ვერ აცნობიერებს - რაც უფრო აგრესიული ხდება რუსეთი, მით უფრო მეტად მივმართავთ ცივილურ სამყაროს, რომელთანაც ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, რაც ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაა.
თქვენ ხმამაღლა უჭერთ მხარს უკრაინას. უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერას თქვენ დასაწყისიდანვე გამოხატავდით და ამას აცხადებთ ახლაც. თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია, მთავრობა ასე არ არის. მან ვერ შეძლო სანქციების მხარდაჭერა, არ აგზავნის მატერიალურ დახმარებას აქ უკრაინელების დასაცავად. ეს ხელისუფლებასათან დაპირისპირებას გიქმნით. რატომ იკავებს ხელისუფლება თავს?
არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ზუსტი აღწერაა (სადღაც შესაძლოა, ასეა წარმოჩენილი). ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და საქართველოს ფინანსური სექტორისთვის ეს საკმაოდ დიდი რამაა. ასევე, მონაწილეობას ვიღებთ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ყველა რეზოლუციაში.
ასე, რომ ვფიქრობ, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ არის დიდი განსხვავება. (შესაძლოა, [განსხვავებაა] ლექსიკაში, რომელსაც მთავრობა იყენებს). განწყობა, მოსახლეობაში აბსოლუტურია, ვგულისხმობ იმას, რომ თუ თქვენ ჩამოხვალთ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ჩამოხვალთ, ყველგან ნახავთ უკრაინის დროშებს. ძალიან ბევრი ინიციატივა იყო საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, რათა თავიანთი მხარდაჭერა ეჩვენებინათ, რადგან როგორც ადრე აღვნიშნე, ჩვენ რუსული აგრესიის ორსაუკუნოვან ერთობლივ ისტორიას ვიზიარებთ და ვიცით, რას ნიშნავს ეს. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ ნამდვილად სოლიდარულები ვართ.
თუ თქვენ უკრაინაში შეიარაღების გაგზავნაზე მეკითხებით, ვფიქრობ ეს ის არის, რაზეც უნდა გავიღიმო, Რადგან საქართველო არაა ის ქვეყანა, რომელსაც რეალურად სხვაობის შექმნა და იარაღის გაგზავნა შეუძლია უკრაინაში.
ბევრი სხვა ქვეყანაა, რომელბიც დაცულნი არიან მეხუთე მუხლით და რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ და აკეთებენ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ქვეყნები, რომლებიც დაცულნი არიან და აქვთ თავიანთი უსაფრთხოების გარანტიები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, სრულად უკრაინის პრეზიდენტის მხარეს ვდგავარ, და ვამბობ, რომ ვისაც მეტის გაკეთება შეუძლია, მეტი უნდა გააკეთოს.
მე [ინტერვიუ] დავიწყე საქართველოში რუსეთის შემოჭრების გამოცდილებით. რა ისწავლეთ, რაც შესაძლოა, გამოსადეგი იყოს უკრაინისათვის? რას ფიქრობთ ამ ქვეყანაში პუტინის რეალურ, საბოლოო მიზანზე, მისი თამაშის დასასრულზე?
ვფიქრობ, სავარაუდოდ, ახლა მან არ იცის რა არის მისი თამაშის დასასრული. ვფიქრობ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო თამაშის დასასრული, ან მიზანი აგრესიის დასაწყისში, რუსეთმა ამ მიზნების შესრულებაში წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროის ამ ეტაპზე, რუსეთს არ გაუმარჯვია, ეს უდიდესი წარმატებაა უკრაინისთვის, უკრაინის ერთობისა და გამძლეობისთვის. ვფიქრობ, არავინ ელოდა ამას და ნამდვილად არ ელოდა ამას პრეზიდენტი პუტინი. არ ვიცი, ახლა შეიცვალა თუ არა მისი მიზნები. მნიშვნელოვანი ისაა, რომ რაც მან ომით ვერ მოიგო, საშუალება არ უნდა მიეცეს, რომ მშვიდობის მეშვეობით მოიგოს.
ახლა გაისმა საჰაერო განგაშის ხმა. ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე გადაჯგუფება, დეესკალაცია მიმდინარეობს, მაგრამ ამის დიდი მტკიცებულება არ გვინახავს, საპირისპიროც კი შეიძლება ითქვას.
ნუ ენდობით რუსეთის სიტყვებს. მხოლოდ ქმედებებს.
ფიქრობთ, რომ პუტინს უფრო დიდი მიზნები აქვს? პოლონეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ის ფიქრობს, პუტინი აქ დიდი ხნითაა, მისი პოპულარობა გაიზარდა შინ და ის შესაძლოა, უბრალოდ დაჯდეს, დაიცადოს და მოიგოს დრო, სანამ არ მიიღებს იმას, რაც სურს.
ვფიქრობ, რომ მისი პოპულარობა არ გაზარდილა. თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფებს უსაფრთხოებას ვუსურვებ, მესმის საჰაერო განგაშის ხმა. ვფიქრობ, არავინ უნდა ენდოს პრეზიდენტ პუტინის სიტყვებს, როცა ამბობს, რომ მოლაპარაკებების გამო კიევზე თავდასხმების ლიმიტირებას აპირებს. არ ვფიქრობ, რომ მისი პოპულარობა გაიზარდა. აქ ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელი ლტოლვილები, არამედ რუსებიც მივიღეთ, რომლებიც ტოვებენ რუსეთს და ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში მოდიან. ასე რომ, ეს რუსეთში პოპულარობის კუთხით დიდი წარმატება არაა. არ ვფიქრობ, რომ დრო პუტინის სასარგებლოდ მუშაობს.