ცენტრის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს ცენტრის დირექტორმა ლიანა მარია ლეპიკიმ და ცენტრის სპიკერმა ტობიას კოჩიმ მიაწოდეს. ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ელექტრონული მმართველობის სადემონსტრაციო ცენტრი (e-Estonia) ესტონეთში 2009 წელს ჩამოყალიბდა და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასათვალიერებელ ადგილად მიიჩნევა. ცენტრი ყოველწლიურად დაახლოებით, 10 000 სტუმარს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და მაღალი დონის წარმომადგენელს მასპინძლობს. e-Estonia-ს მიზანია გააცნოს ვიზიტორებს ელექტრონული მმართველობის კონცეფცია და ესტონეთში მისი წარმატების ისტორია. ასევე, ციფრული საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში გამოყენებული მექანიზმები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და პოლიტიკა, დღეს მოქმედი ელექტრონული გადაწყვეტილებები და მომსახურება.