საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარებისა და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. თავის მხრივ, შეხვედრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო გამოწვევებს, აშშ-თან და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო.
ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს პარტნიორია და მნიშვნელოვნად აფასებს საქართველოს როლს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, ყველა მოლაპარაკებაზე, მათ შორის ორმხრივ დ ა მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ რუსეთს, შეასრულოს საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულები. ასევე, უნდა ისარგებლონ ყველა დონის შეხვედრებით, იმისათვის რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსჯელობა გაიმართოს მაღალ პოლიტიკურ დონეზე.
ასევე, საქართველოს პარტნიორებმა, მუდმივად უნდა შეახსენონ რუსეთს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულება; საქართველოს პრეზიდენტმა დაინტერესება გამოთქვა ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის ფორმატში „16+1“ მონაწილეობით - დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღებით და მიიჩნევს, რომ ფორმატში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტად მოიწვია.