,,საქართველოსა და აშშ-ს აერთიანებს უზენაესი ღირებულებები და ეს ერთიანი მსოფლმხედველობა დღითიდღე გააძლიერებს ჩვენს მჭიდრო კავშირს“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ ხალხს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისათვის და იმ საერთო ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს.
,, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირები დაფუძნებულია იმ ღირებულებების გაზიარებაში, რომელიც გვაერთიანებს: ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და ღირსება. გვაერთიანებს ასევე ტოლერანტობა და სტუმართ-მასპინძლობა. ორივე ქვეყანა ღიაა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისათვის. საქართველოში ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ ვამაყობთ ამით. ჩვენ არავის ვმტრობთ. ჩვენთვის მშვიდობა ისევე, როგორც ამერიკისათვის, ერთ-ერთი ძალიან ღირებული ფასეულობაა, რომელიც უნდა დავიცვათ. ეს ერთიანი მსოფლმხედველობა ყოველდღე გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს 1991 წლიდან საქართველოს გაწეული უწყვეტი მხარდაჭერისათვის.
,,მადლობა მინდა გითხრათ ასევე, იმისათვის, რომ ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ამერიკაში და ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდნენ ქვეყანას, რაც ჩვენი სამშობლოს ძლიერებაა. და ასევე იმ ქართველებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკაში და არიან თქვენს ქვეყანასთან ცოცხალი კავშირი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირადად მასაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებს აშშ-სთან, მათ შორისაა კოლუმბიაში გატარებული წლები და დაუვიწყარი მასწავლებელი. ,,სხვადასხვა დროს, აშშ-ში 12 წელი გავატარე, ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ქვეყანას. იქ დაიბადა ჩემი ქალიშვილი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა. ჩვენს ნათესავებში არის ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ამერიკის დაცვას ერაყში“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.