საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან საქართველოს დეოკუპაციის საკითხი განიხილა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო.

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კახა იმნაძის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა შესანიშნავად იცის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება, რადგან მას წლების განმავლობაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის თანამდებობა ეკავა და პირადად ნამყოფია ამ რეგიონებში.

გენერალურმა მდივანმა მზაობა გამოთქვა, რომ გაერო კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული აღნიშნული საკითხების დარეგულირებაში.

,,მათი მხრიდანაც მიმდინარეობს მსჯელობა დამატებით რისი გაკეთება შეიძლება არსებულ ვითარებაში, რათა ვეძებოთ გამოსავალი. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანი ფორმატია, თუმცა საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა და უფრო კრეატიული მიდგომა. ამ კუთხით, გაეროც და მისი ოფისებიც მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ“, - აღნიშნა კახა იმნაძემ.

სხვა სიახლეები