საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ვიზიტად მყოფ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვდა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რათა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩვენი ეროვნული მისწრაფების მნიშვნელობა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები და მოვახდინოთ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრირება.
,,ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებასა და მხარდაჭერას ჩვენი კულტურა, ისტორია და ღირებულებები განსაზღვრავს. საქართველოს გაუმართლა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარების გზაზე. საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის და აფასებს თქვენი უწყვეტი მხარდაჭერის შედეგებს. ჩვენი საერთო მიზანი უსაფრთხო მსოფლიოსა და დაცული რეგიონის უზრუნველყოფაა. მსოფლო იცვლება, ყოველ ათწლეულში ალიანსი ახალ გამოწვევებს აწყდება.
დღეს ეს გამოწვევები: ტერორიზმი, მეკობრეობა, უსაფრთხოება, ატომური იარაღი და ბალისტიკური რაკეტებია, მაგრამ ეს ის კავშირია, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას.
ნატოს თითოეულ წვერსა და ასპირანტ ქვეყანას ესმის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უფლებები, არამედ პასუხისმგებლობებიც გვაკისრია. ჩვენ ვხედავთ თქვენ დახმარებას, ვგრძნობთ თქვენ მხარდაჭერას და ვიცით, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ძალისხმევა განვახორციელეთ, რომ მაქსიმალურად დავახლოებოდით იმ კარს, რომელიც გახსნილია ალიანსის ახალი წევრებისთვის.
აღნიშნული ძალისხმევა განხორციელდა სხვადასხვა ფრონტზე. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი იმისთვის, რათა ჩვენი სამხედრო ძალები აგვეყვანა იმ სტანდარტებამდე, რომელიც საჭიროა ნატოში ინტეგრაციისთვის, ვყოფილიყავით ურთიერთთავსებადი, გვქონოდა უნარი გვებრძოლა თქვენ მხარეს, როგორც ამას ვაკეთებთ ავღანეთში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა განვვითარებულიყავით და დავახლოებოდით ნატოსა და ევროკავშირს, რათა ქვეყანა დემოკრატიულ საფუძველზე განგვევითარებინა. ჩვენ ამას ვაკეთებთ მუდმივ და უწყვეტ რეჟიმში", -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
როუზ გოტმიოლერის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველო- ნატოს თანამშრომლობა. წელს უკვე, ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის ხუთი წლის იუბილეა, რომლის განახლებასა და ადაპტირებაზეც შევთანხმდით.
,,350 სამხედრო მოსამსახურე, 25 ნატოს წევრი ქვეყნიდან საქართველოში გადიოდა წვრთნებს, აპრილში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ პაკეტზე გაეძლიერებინათ შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველომ დაადასტურა თავისი უნარი, შეეტანა წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, თქვენ ხართ ერთ - ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ავღანეთში, მყარი მხარდაჭერის მისიაში, თქვენ მონაწილეობას იღებთ ნატოს რეაგირების ძალებში", - აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.