წინანდალში გერმანიის პრეზიდენტის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც დღეს პირველად ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან, უძველესი ქართული კულტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქართული და გერმანელი ხალხის სადღეგრძელო შესვა.
,,ორი საუკუნის წინ საქართველოში გაჩენილი გერმანული დასახლებები ჩვენი - განსხვავებული კულტურებისა და, ამავე დროს, საერთო ღირებულებების მატარებელი ხალხების მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. გერმანული სოფლების არქიტექტურა კულტურათა სინთეზის უნიკალური მაგალითია, სადაც ფახვერკის არქიტექტურას ერწყმის ქართული ხის აივნები, გერმანულ ტრადიციულ სამზარეულოს - ქართული ვაზის კულტურა.
დღეს ყოველივე ეს ჩვენი კულტურული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი: გერმანიაში განსწავლულმა დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი შედევრით - „დიონისოს ღიმილით“ უპასუხა თომას მანის ნაწარმოებს „სიკვდილი ვენეციაში“. ჩვენ ვამაყობთ გრიგოლ რობაქიძის, გივი მარგველაშვილის, ნინო ხარატიშვილის შემოქმედებით. ვამაყობთ, რომ გვყავდა არტურ ლაისტი, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
საბჭოთა წლებში ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ქართული სცენა ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ გარეშე, რომელიც მაშინ ქართველი ერის თავისუფლების მანიფესტი იყო. საქართველოს ჰყავდა დიდი გულშემატკივარი კარლ კაუცკის სახით.
იგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის - ნოე ჟორდანიას ახლო მეგობარი. კაუცკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის ნიშანი იყო ისიც, რომ მან და მისმა მეუღლემ საქართველოს თავდაცვის ფონდს ძვირფასეულობა შესწირეს. საქართველოს მეგობრები იყვნენ გერმანელი არქიტექტორები. მათ შორის იყო არქიტექტორი სრეტერი, რომლის პროექტითაც აშენდა თბილისის ოპერის თეატრის შესანიშნავი შენობა. სწორედ ამ შენობაში დაიბადა ქართული ოპერა. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენი ოპერა საოპერო მუსიკის მოყვარულთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის რჩება ცნობილი. ვიმედოვნებ, რომ იგი გერმანიის ოპერის სცენებზე უთუოდ დაიდგმება. ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის, რომელმაც, საქართველოსთვის ურთულეს წლებში, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მისცა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. მათი დიდი ნაწილი შეჭირვებული ოჯახებიდან იყო. გერმანიის ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაწყებული საგანმანათლებლო კავშირების ღირსეული გაგრძელება გახლდათ. დღეს ამ კუთხით თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინ მე ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად ძალიან მაღალი ჯილდო - „ოქროს საწმისის“ ორდენი გადავეცი საქართველოს გერმანელ მეგობარს, ბატონ იორგ ალექსანდერ ჰენლეს.
ბატონი ჰენლე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ჩვენი კულტურის ქომაგი იყო. 90-იან წლებში, როცა აქ ცხოვრება ძალიან გაჭირდა და არავის ეცალა კულტურისთვის, ის და მისი ფონდი ყველაფერს აკეთებდა სწორედ ქართული კულტურის გადარჩენისა და ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის. გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო, და ეს გახლდათ უდიდესი აღიარება, მხარდაჭერა და საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის ცნობადობის გასაზრდელად. რამდენიმე დღის წინ გერმანიის გაერთიანების დღე აღინიშნა. მე მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო. მჯერა, რომ ქართველებიც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებას. ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს. გისურვებთ დიდ წარმატებებს! გთავაზობთ ქართველი და გერმანელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელოს!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანელები და ქართველები დიდი ხანია მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, შვაბმა მოსახლეობამ საქართვერლოში ჯერ კიდევ ორასი წლის წინ დატოვეს კვალი, რომელიც დღემდე შემორჩენილია.
,,თავდაპირველად მინდა - უფრო აქ მყოფი გერმანელებისთვის, ვიდრე ჩვენი გულუხვი ქართველი მასპინძლებისთვის - გავახსენო ერთი ლეგენდა, რომელიც საქართველოში წინა ვიზიტების დროს ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდა. ის დაახლოებით ასე ჟღერს:
როდესაც ღმერთი ქვეყნებს ანაწილებდა და ამისათვის სხვადასხვა ერები მასთან შეიკრიბნენ, ქართველები ამ დროს ზეიმობდნენ. ისინი მღეროდნენ, მიირთმევდნენ და ღვინოს სვავდნენ, და დაავიწყდათ მათ შემოქმედთან მისვლა. ღმერთმა მოქეიფე ქართველები მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც ქვეყნები უკვე განაწილებული იყო. ამ მხიარული და სიცოცხლით სავსე ხალხის დანახვამ იგი ისე ააღელვა, რომ გაბრაზების ნაცვლად მათ დედამიწის ის პატარა ნაწილი აჩუქა, რომელიც თავისთვის ჰქონდა შემონახული. ასე დასახლდა ქართველი ხალხი ამ უმშვენიერეს ქვეყანაში, რომელსაც მათ საქართველო დაარქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად მე წარმოშობით დიდი ქალაქებიდან მოშორებული პატარა რეგიონიდან ვარ, თავს უფლებას ვაძლევ დავამატო:
თქვენ გაგიმართლათ ქალბატონებო და ბატონებო, რადგან ეს ჭეშმარიტად ულამაზესი ქვეყანაა თავის საოცარი ხალხით! მოხარული ვარ, რომ დღეს შთამბეჭდავი თბილისის შემდეგ კახეთის სილამაზის ნახვაც შემიძლია.
გერმანელები და ქართველები დიდი ხანია მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. შვაბმა მოსახლეობამ თქვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ორასი წლის წინ დატოვა თავისი კვალი, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია.
ქართველების დამოუკიდებლობისა და ამ ამაყი ერის დიდი ხნის ტრადიციებზე დემოკრატიის აშენების მყარმა სურვილმა განსაზღვრა ჩვენი მჭიდრო კავშირი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ პერიოდში ჩვენ ბევრ საკითხში დავახლოვდით და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ - პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივ სფეროებში. 2018 წელს თქვენი ქვეყნის შთამბეჭდავმა გამოსვლამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენ შორის არსებულ ისედაც განსაკუთრებულ კულტურულ ურთიერთობებს ძლიერი იმპულსი მისცა. გერმანელების მხრიდან თქვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებისა და დიდი ინტერესის მაგალითია ქართველ-გერმანელი მწერლის, ნინო ხარატიშვილის დიდი წარმატებები ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ კიდევ უფრო მოხარული ვარ, რომ ქალბატონი ნინო დღეს ჩვენთან ერთად არის.
სწორედ ეს ურთიერთინტერესი და სხვების მიმართ ცნობისმოყვარეობა თავისი სიუცხოვით და ამავდროულად თავისი სიახლოვით, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს პოლიტიკისა თუ ბიზნესის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებებისთვის. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ამ ნაყოფიერი ნიადაგის ინტენსიურად მოვლა და განვითარება.
ქალბატონო პრეზიდენტო,
თითქმის ერთი წლის წინ თქვენ სწორედ აქ სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობაზე თქვენი ინაუგურაცია იზეიმეთ. ამიტომ ჩემი მეუღლისა და ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად იმავე ადგილას აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ აქ ჩამოგვიყვანეთ. თქვენი დაუღალავი შრომისათვის, რომლითაც თქვენ მსოფლიოში საქართველოს საკითხს წარადგენთ და (როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაეროში) თქვენი ქვეყნის ინტერესებს და კულტურულ და საზოგადოებრივ სიმდიდრეს წარმოაჩენთ, მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და აღიარება.
ინაუგურაციისთვის ამ ადგილის შერჩევით თქვენ ერთმანეთს დაუკავშირეთ თქვენი ქვეყნის დასავლური და აღმოსავლური მხარეები, ამავდროულად თქვენ ხართ ყველაზე დიდი მაგალითი ევროპის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირისა. თქვენ მიერ საქართველოს მუდმივი წარმოჩინება, როგორც ჩვენი ერთობლივი ევროპის უდავო და აუცილებელი ნაწილისა, ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მე მარწმუნებს ამაში. რადგან საქართველოს ევროპისთვის მიკუთვნება არ შემოიფარგლება გეოგრაფიული მოსაზრებებით, დიახ, მხოლოდ უბრალო გეოგრაფია ამას ნამდვილად არ ცხადყოფს.
თქვენი ქვეყანა ყოველთვის იყო სხვადასხვა კულტურების გავლენის ქვეშ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან დას სამხრეთიდან. ეს ყოველთვის იყო შეხვედრების ადგილი, ერთგვარი ხიდი. ამავდროულად იგი ყოველთვის მჭიდროდ იყო შერწყმული ევროპის კულტურულ და ისტორიულ ქსოვილში. აქ, კავკასიონის ძირში იყო ოქროს საწმისი, კლასიკური ანტიკური ხანის არგონავტების მიზანი.
დღეს ჩვენი ქვეყნები, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოები, ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. ეს ეხება ასევე მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისკენ. ჩვენ ერთად ვეძებთ ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებრივი ერთობის სწორ ბალანსს. ჩვენ ერთად ვეძებთ პასუხებს ჩვენი დროის პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე.
ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ, რომ თქვენმა შრომამ პოლარიზაციის წინააღმდეგ, რაც ჩვენი საზოგადოებების გახლეჩვის საფრთხეს წარმოადგენს, გამოხმაურება ჰპოვოს და შედეგი გამოიღოს. და მე მადლობას გიხდით თქვენთან ღია და ნდობით აღსავსე კომუნიკაციისთვის ჩვენი დემოკრატიების მომავალთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში ბევრ ადამიანს აწუხებს.
ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო არა მარტო კულტურულად და საზოგადოებრივად, არამედ პოლიტიკურადაც ევროპის განუყოფელი ნაწილია. ამაზე მეტყველებს თქვენი მოღვაწეობა ევროსაბჭოსა და ეუთოში. ამაზე მეტყველებს ჩვენი კავშირები ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორების ფარგლებში. ამაზე მეტყველებს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ქართველი და გერმანელი სამხედროები ერთ მისიაში არიან ავღანეთში. თქვენი თავდაცვის მინისტრი და ბუნდესვერის გენერალ-ინსპექტორი სულ მალე ერთობლივად მოინახულებენ ამ კონტინგენტს. მაგრამ ამაზე ასევე მეტყველებს თქვენს საკუთარ ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძალიან რთული სამუშაო, რომელშიც გერმანელებიც არიან ჩართულნი.
ამიტომ ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ ვიცით საქართველოს იმედები და მოლოდინები. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს უცვლელ და დაურღვეველ ტერიტორიულ მთლიანობას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ თანამშრომლობას დიდი მოთმინებით მომავალშიც დიდი სიმპათიით და კონკრეტული პროექტებით გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ დღეს შეიძლება შორეული მომავლის პერსპექტივად ჩანდეს: ჩვენ ვიცით, თუ რა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით.
ქალბატონებო და ბატონებო,
გთხოვთ ავწიოთ ჭიქები და შევსვათ ამ ყველაფრის სადღეგრძელო: „დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ტოლერანტული და ევროპული ქვეყნის“, საქართველოს სადღეგრძელო, როგორც თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, იგი ინაუგურაციისას დაახასიათეთ. მინდა ასევე შევსვათ თქვენი, თქვენი ხალხის, ჩვენი დემოკრატიების, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული და მომავალი მეგობრობის სადღეგრძელო!“- აღნიშნა შტაინმაიერმა.